Accessibility links

logo-print

სააკაშვილის გზავნილი მსოფლიოს – გაეროს ტრიბუნიდან


მიხეილ სააკაშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას

მიხეილ სააკაშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე პლენარულ სესიაზე, გაეროს წევრი ქვეყნების ლიდერების წინაშე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20-წუთიანი სიტყვით წარსდგა. მსოფლიოში არსებული გამოწვევები და საქართველოს როლი გლობალურ პროცესებში, ახალი რევოლუციები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და საქართველოს გამოცდილება, რუსეთის პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგ, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივები და საფრთხეები კავკასიაში – ეს ის საკითხებია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი თავის მოხსენებაში შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვის დიდი ნაწილი საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკას და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას დაეთმო. სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას და მობილიზებულ სამხედრო ძალებს ახალი სასტუმროებით, ველოსიპედების გზებითა და ახალი ბულვარების მოწყობით უპასუხებს:
საქართველო ამ სასტიკ და სახიფათო პოლიტიკას პასუხობს საზღვრების გახსნით, ხალხის მოწვევითა და გაცვლით, დებატებითა და დიალოგით...

”ახლაც, როდესაც ვსაუბრობ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი საერთაშორისო სამართლის ნორმების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით აქვს ოკუპირებული. 450 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი იმის გამო იტანჯება, რომ არღვევენ მათ უფლებას – დაბრუნდნენ საკუთარ სახლებსა და სოფლებში.

მათ არ შეუძლიათ საკუთარ სახლებში დაბრუნება, რადგან მოსკოვში, იქაურმა ლიდერმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მათი სახლები აღარ ეკუთვნით მათ.

მსგავს ცინიზმსა და უხეშობას ჩვენ ვპასუხობთ სამართლიანობის გამოძახილით და შეუპოვარი თავდადებით მშვიდობისათვის.
გასული წლის 23 ნოემბერს მე მივმართე ევროპარლამენტს და მტკიცე პირობა მივეცი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად საქართველო არასდროს გამოიყენებდა ძალას.

ვალდებულებას, რომელიც ევროპული პარლამენტის წინაშე ვიკისრე, იურიდიული ძალა აქვს და შესაბამისი წერილები გავაგზავნე კიდეც როგორც გაეროს გენერალურ მდივანთან, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველო ამ სასტიკ და სახიფათო პოლიტიკას პასუხობს საზღვრების გახსნით, ხალხის მოწვევითა და გაცვლით, დებატებითა და დიალოგით, ინფორმაციული ბლოკადების დაძლევის მცდელობით და ერებს შორის იმ მნიშვნელოვანი ხიდების აღდგენით, რომლებსაც სხვები რეგულარულად ანგრევენ.
მობილიზებულ სამხედრო ძალებს საქართველო პასუხობს იმ პროგრამებით, რომლებიც ბავშვებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამით, სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას უქმნის, ასევე ახალი სასტუმროებითა და ახალი ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ველოსიპედების გზებით, ახალი ბულვარებით”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდანაც ილაპარაკა გლობალურ პროცესებში საქართველოს მონაწილეობასა და როლზე, იმ რეფომებზე, რომელიც ქვეყანაში ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელდა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, რომლებსაც ახლახან გადაუარა რევოლუციების ტალღამ, გამოცდილების გაზიარებაც შესთავაზა. გაეროში საქართველოს ელჩის, კახაბერ ლომაიას შეფასებით, ასეთი ტიპის გამოსვლებში მეტად მნიშვნელოვანია, კონკრეტული ქვეყნის ეროვნული პრობლემატიკა გლობალური საკითხებისგან მოწყვეტილი არ იყოს:

”ისეთი საკითხები, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა და როგორიცაა თავისუფლება, განვითარება, კორუფციასთან ბრძოლა, დემოკრატიზაცია და ეკონომიკური რეფორმები, ბუნებრივად დაუკავშირა მან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს”.

ანუ ახალ რევოლუციებს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა ”თავისუფლების პოპულარული გამოძახილი უწოდა და რომელმაც, მისი სიტყვებით, 2011 წელს მსოფლიო შეარყია და ის საუკეთესო პასუხია იმ სიძულვილზე, რომელმაც 10 წლის წინათ,11 სექტემბერს, ნიუ-იორკზე თავდასხმა განაპირობა”.
მე ვამაყობ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც საერთაშორისო სიძულვილის დასამარცხებლად ყოველგვარ რისკზე მიდიან და მინდა პატივი მივაგო მათ, ვინც ბრძოლის ველზე დაიღუპა. ვამაყობ ჩვენი პოლიციით, რომელიც ბირთვული იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ იბრძვის...

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი აქცენტებიდან ყურადღება თავისუფალი სამყაროსაკენ სვლის საქართველოს არჩევანზე გააკეთა. ამ გზაზე სიარული კი, სააკაშვილის სიტყვებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტმა გაოცებით შენიშნა, რომ სესიაზე არავის უხსენებია, რომ სწორედ წელს აღნიშნავს მსოფლიო საბჭოთა კავშირის დაშლის 20 წლისთავს. თუმცა, მიუხედავად ამ გასული 20 წლისა, სააკაშვილმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა ის იმპერიალისტური ზრახვები, რომელიც რუსეთს დღემდე ამოძრავებს.

”დღეს ჩვენ წინაშე დგას გამოწვევა, რომ ის ამბავი, რაც 20 წლის წინ დაიწყო, დასრულდეს საბოლოოდ და ილუზიები მთელ მსოფლიოში, რომ შეიძლება ძალის გამოყენებითა და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით ძალაუფლების შენარჩუნება ან თავსმოხვევა სხვებისთვის აღარ არის წარმატებული ინსტრუმენტი”.

მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს აქტიურ მონაწილეობასაც გაუსვა ხაზი:

”მე ვამაყობ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც საერთაშორისო სიძულვილის დასამარცხებლად ყოველგვარ რისკზე მიდიან და მინდა პატივი მივაგო მათ, ვინც ბრძოლის ველზე დაიღუპა. ვამაყობ ჩვენი პოლიციით, რომელიც ბირთვული იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ იბრძვის. ვამაყობ, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებით არა უბრალოდ სარგებლობს, არამედ უზრუნველყოფს კიდეც მას. ტერორიზმისა და ექსტერმიზმის დაძლევა მსოფლიოში მხოლოდ თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებით, ასევე კეთილდღეობის უზრუნველყოფით არის შესაძლებელი. საქართველო კიდევ ერთხელ არის მზად, რომ შეიტანოს უფრო დიდი წვლილი ამ საერთაშორისო ძალისხმევაში”.
ამ აქცენტის გარდა, ექსპერტი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, ნიკა ჩიტაძე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მიერ არჩეულ სამშვიდობო პოლიტიკაზე გაკეთებულ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მსოფლიოსათვის კიდევ ერთხელ ამის დაფიქსირება საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

”ზოგადი ფასეულობების ქება-დიდებით გაჯერებული, კონკრეტიკას მოკლებული სიტყვა – ასე შეაფასა პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა პრეზიდენტის გამოსვლა:
”გულუბრყვილო მსმენელისათვის ეს ფილოსოფიური მსჯელობებით გაჯერებული გამოსვლა, ალბათ, მოსაწონი იქნებოდა, მაგრა მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ჩვენ დედამიწაზე აღარაფერი გვესაქმება, ”გეზი ზეციური მწვერვალებისკენო, ბრძანა პრეზიდენტმა და მართლაც, თითქოს ზეციური პრობლემებიღა დაგვრჩა გადასაწყვეტი. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ გამოსვლაში არის კონკრეტიკის მცდელობები და იმავე წამს ჩნდება სიყალბე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას არაერთხელ მოუსმენია ამ ორატორისგან. როდესაც საუბარია ხოლმე, ვთქვათ, ასობით ახალ საავადმყოფოსა და გაუმჯობესებულ პროგრამებზე, რაც, სინამდვილეში, საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, გვახსენდება საკუთარი რეალობა. ცხადია, კონკრეტიკა არ არის ძლიერი მხარე დღევანდელი ქართული სახელმწიფოებრიობის წარმოჩენისა, რადგან პროცესები, რომლებიც საკუთარი ანტიდემოკრატიულობით გამოირჩევა და მიმდინარეობს საქართველოში სწორედ იმ დღეებში, როცა ქვეყნის პრეზიდენტი სულ სხვას ბრძანებს გაეროს მაღალი ტრიბუნიდან, საკმარისია გახდეს სერიოზული განხილვის საგანი, რომ ასეთმა გამოსვლამ ფასი დაკარგოს”.

მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი გამოსვლის ბოლოს, კიდევ ერთხელ ახსენა საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლისთავისა და 11 სექტემბრის ტერაქტის 10 წლისთავის თარიღები და დასვა კითხვა, რომლითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ საფრთხეებს, რომელიც მთელი მსოფლიოს წინაშე დგას და ეს კითხვა ასე ჟღერს:
„როგორ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ, გასული 20 წლის განმავლობაში, დიქტატორების დაცემის შემდეგ გათავისუფლებულ ახალ სივრცეებში იქნება მშვიდობა და არა ძალადობა, ტოლერანტობა და არა ექსტრემიზმი, თავისუფლება და არა თანამედროვე მონობა”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG