Accessibility links

logo-print

დევნილთა კომპაქტური ცენტრების უხარისხო რეაბილიტაცია


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. მონიტორინგი ეხებოდა იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ კოლექტიურ ცენტრებში ე.წ ძველი დევნილები ცხოვრობენ, რომლებიც 90-იანი წლების პირველი ნახევრის კონფლიქტების შედეგად დევნილობაში არიან. 22 კოლექტიური ცენტრის მონიტორინგის შედეგების შესახებ მოგვითხრობს ნინო ხარაძე, რომელიც ესწრებოდა ანგარიშის პრეზენტაციას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიზანი იყო, შეეფასებინა დასავლეთ საქართველოში დევნილებისთვის განკუთვნილი, ძველი, კოლექტიური ცენტრების სარემონტო სამუშაოების ხარისხი. ამ კოლექტიურ ცენტრებში სარემონტო სამუშაოები „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ კონტრაქტორმა სამშენებლო კომპანიებმა განახორციელეს. „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ მთავრობის დაქვემდებარებული სტრუქტურაა, დევნილთა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია კი ხორციელდება, აგვისტოს ომის შემდეგ, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ გამოყოფილი 4 მილიარდ-ნახევარი დოლარის ფარგლებში.
სამშენებლო კომპანიები ერთწლიანი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ვალდებულები არიან, მინიმუმ, ორჯერ მაინც მივიდნენ ადგილზე, ნახონ დეფექტები, შეაკეთონ. პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ამ პრობლემების მქონე შენობებში დეფექტები სათანადოდ არ იყო გასწორებული...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დასავლეთ საქართველოში რეაბილიტირებული 215 კომპაქტური ჩასახლების ცენტრიდან 22-ში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, რაზეც 9- ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, შემდეგი სახის პრობლემები გამოკვეთა. აი, რას აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონიტორინგის ხელმძღვანელი ლაშა გოგიძე:

„ამ 22-დან 5 შენობა კარგად გამოიყურებოდა, არ აღენიშნებოდა რემონტის შემდეგ რაიმე დეფექტი, 9 შენობის მდგომარეობა მისაღები იყო, თუმცა მაინც გააჩნდა მცირე დეფექტები და 8 შენობას სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ეს იყო, ძირითადად, ნესტსა და ობთან, სადრენაჟო და საკანალიზაციო სისტემების არასათანადო შეკეთებასთან დაკავშირებული პრობლემები“.

ლაშა გოგიძის ინფორმაციით, ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნებოდა სადრენაჟო სისტემის მოწყობით, რომელიც შენობებს ნესტისგან დაიცავდა ან სპეციალური სამშენებლო მასალის გამოყენებით, რომელიც ნესტის საცხოვრებელ ფართში შეღწევას შეუშლიდა ხელს. თუმცა ლაშა გოგიძე ამბობს, რომ „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ განმარტებით, ასეთი სამუშაოები დანახარჯებს გაზრდიდა, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ერთი დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის რეაბილიტაციისთვის 10 ათას დოლარზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო.

ამასთან, ლაშა გოგიძის ცნობით, საგულისმოა ის ფაქტორი, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიები ვალდებული იყვნენ, ერთწლიანი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ადგილზე მისულიყვნენ და ხარვეზები გამოესწორებინათ:

„სამშენებლო კომპანიები ერთწლიანი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ვალდებულები არიან, მინიმუმ, ორჯერ მაინც მივიდნენ ადგილზე, ნახონ დეფექტები, შეაკეთონ. პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ამ პრობლემების მქონე შენობებში დეფექტები სათანადოდ არ იყო გასწორებული“.

ამის გამო, დევნილებს გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება საკუთარი სახსრებით უწევდათ.
თუ რამე გამოსასწორებელი იყო, კომპანიებმა გამოასწორეს, შესაბამისად, ამ დევნილებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, საჭიროებები ყოველთვის იქნება და ამას ყოველთვის გავაკეთებთ...

რადიო „თავისუფლების“ არქივში მოიძებნა იმ დევნილების ხმები, რომლებიც მიმდინარე წლის მაისში საუბრობდნენ ერთ-ერთ რეაბილიტირებულ შენობაში, წალენჯიხაში, ყოფილ „ჰიგიენის სახლში“ არსებულ პრობლემებზე:

„აი, შეხედეთ ამ კედელს, მოდით, მთლიანად სულ დაბზარულია“;
„სულ შავი იყო ყველაფერი, ვერ ვსუნთქავდი, ისეთი ობი იყო, ტანსაცმელი, თეთრეული, ყველაფერი გამიფუჭდა“.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვალერი კოპალეიშვილი, წარმოდგენილი მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოების შედეგად გამოვლენილი მცირედი ხარვეზები საგანგაშო დასკვნის გამოტანის საშულებას არ იძლევა:

„ხარვეზები სულ შეიძლება არსებობდეს და პერიოდულად წარმოიშვას. სახლში ვცხოვრობთ ყველანი და სულ არის დამატებითი საჭიროებები, მთავარი ის არის, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ ყოფილა, მნიშვნელოვანი პრობლემები ამ შენობებს არ ჰქონია, თუ რამე გამოსასწორებელი იყო, კომპანიებმა გამოასწორეს, შესაბამისად, ამ დევნილებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, საჭიროებები ყოველთვის იქნება და ამას ყოველთვის გავაკეთებთ“.

გარდა უხარისხოდ წარმოებული სარემონტო სამუშაოებისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში ყურადღება კიდევ ერთ საკითხზეა გამახვილებული – ცუდად, მაგრამ მაინც რეაბილიტირებული ფართების დევნილების საკუთრებაში გადაცემის პროცესი ჭიანურდება, რაც დევნილთა უმრავლესობას საფიქრალს უჩენს, რომ, შესაძლოა, ამ ფართების დატოვება მოუხდეთ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილბეულ პირთა , განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი კოპალეიშვილი აცხადებს, რომ ფართები დევნილთა საკუთრება გახდება.
XS
SM
MD
LG