Accessibility links

logo-print

რამდენიმე დეტალი რელიგიურ გაერთიანებათა რეგისტრაციაზე


დღეისათვის, ივლისში საკანონდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გაიარა ოთხმა რელიგიურმა გაერთიანებამ, აქედან ორი კათოლიკური წარმომადგენლობაა, ერთი – მუსლიმანური და ერთი – იეზიდური. რა იცვლება რელიგიური გაერთიანებებისთვის რეგისტრაციის გავლის შემდეგ? თემა ვრცელია, დროის სიმცირის გამო, გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი:

სტატუსი

რელიგიური გაერთიანებები წარსულში რეგისტრირდებოდნენ როგორც ”არასამეწარმეო იურიდიული პირები”. ეს სტატუსი, ძირითადად, აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ ენგეოებს, იმავე “ახალგაზდა იურისტთა ასოციაციას”, სხვადასხვა ფონდებს, მედია ორგანიზაციებს, მაგალითად, რადიო “თავისუფლებას”. დღეს რელიგიური გაერთიანებები იღებენ ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს”, შედარებისთვის – ეს სტატუსი აქვთ სკოლებს, სამინისტროებს, დეპარტამენტებს, საბავშვო ბაღებს ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს ახალი წესის მიხედვით არეგისტრირებს. სხვა იურიდიულ კატეგირიაში გადასვლით რამდენად შეეცვალათ რელიგიურ გაერთიანებებს იურიდიული შინაარსი? საკანონდებლო ცვლილებაში მითითებულია: მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური გაერთიანებანი გახდნენ ”საჯარო სამართლის იურიდიული პირები”, მათზე არ ვრცელდება კანონი ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”. ანუ კანონი, რომელიც საუბრობს, მაგალითად, სახელმწიფოს მხრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემაზე, საგადასახადო შეღავათებსა და სახელმწიფო დაფინანსებაზე. მოდით, თათული თოდუას მოვუსმინოთ ახალგაზრდა იურისტებიდან:

თათული თოდუა: კანონში ცალსახად წერია, რომ მათ მიმართ არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონი, მათი რეგისტრაციისას გამოიყენება არასამეწარმეო იურიდიულ პირთან დაკავშირებული წესები და მათი უფლებამოსილებაც განისაზღვრება არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის დადგენილი წესით.

რადიო თავისუფლება: ანუ, როგორც მანამდე იყვნენ?

თათული თოდუა: ანუ როგორც მანამდე იყვნენ, ერთადერთი, ფორმალურ დონეზე შეიცვალა სახელწოდება.

სახელწოდების ცვლილება რელიგიურ გაერთიანებებს იურიდიულად ათანაბრებს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, რადგან ისიც სწორედ ამ საკანონმდებლო ფორმულირებით ფუნქციონირებს, თუმცა მხოლოდ იურიდიული ფორმულირების სახით, რადგან, სხვებისგან განსხვავებით, მართლმადიდებლურ ეკლესიას კანონსა და სახელმწიფოსთან აკავშირებს კონკორდატი და სახელმწიფოსგან, მაგალითად, მიმდინარე წლისათვის 22 მილიონ ლარიანი დაფინანსება.

დაფინანსების საკითხი

ის, რომ მათ ახალი სტატუსით ფინანსური მდგომარეობა ფუნდამენტურად არ ეცვლებათ, აღნიშნა რამდენიმე რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელმა. ხაზი გაუსვეს ახალ სტატუსს, როგორც დადებით ტენდენციას, სახელმწიფოს მხრიდან მათი აღიარების კუთხით, თუმცა დასძინეს… მოვუსმინოთ ასირიულ- ქალდეური კათოლიკური ეკლესიის ქორეპისკოპოსს ბენი ბეთ-იადეგარს. ამ ეკლესიამ რეგისტრაცია უკვე გაიარა.

ბენი ბეთ-იადეგარი: ეკლესია, ნებისმიერი ეკლესია არის საქველმოქმედო, არ მინდა ვთქვა ორგანიზაცია, უფრო ვიტყვი, რომ ეკლესიას აქვს საქველმოქმედო მიზნები. აქედან, მე ვფიქრობ, რომ შემდეგი ნაბიჯი, ალბათ, იქნება და ამას მომავალში ვნახავთ, ვიმუშავებთ ამ თემაზე, რომ ჩვენთვისაც აღიარონ ის პრივილეგიები, რაც აქვს, მაგალითად, მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომ ჩვენც გვქონდეს ეს “ლგოტები” და პრივილეგიები.

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს

საკანონმდებლო ჩასწორებაში, მოგეხსენებათ, ორი პუნქტი გაჩნდა, ანუ შეიძლება დარეგისტრირდეს: ციტატა:

”საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა”;

”ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად”.

თუმცა ფომულირება საკმაოდ ზოგადია. თეორიულად ეს შეიძლება ნიშნავდეს ნებისმიერი სახელმწოდების ათასობით რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც აღიარებული რელიგიის, უხეშად რომ ვთქვათ, ქოლგის ქვეშ არსებობს. რადგან ზემოთ მოყვანილი ციტატა ეხება მხოლოდ იმ გამაერთიანებელ ქოლგა- რელიგიებს და არა მათ ქვეშ არსებულ ბევრ სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებას. მაგალითს გვთავაზობს საჯარო რეესტრის სპეციალისტი იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩია: რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას? შესაძლებელია, მაგალითად, მუსლიმური ორგანიზაცია დარეგისტრირდეს ორმოცდაათი. შეუძლია ორმოცდაათ სხვადასხვა სუბიექტს დაარეგისტრიროს ორმოცდაათი სხვადასხვა საჯარო სამართლის სუბიექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რელიგიას ან ერთ კონფესიას. ამიტომ, ამ კუთხით, არანაირ გადაწყვეტილებაზე მსჯელობა არ მიდის, იმიტომ რომ კანონი გვაძლევს ამის საშუალებას პირდაპირ, შეზღუდვას არ აწესებს, რომ მაგალითად, უნდა არ უნდა, შეიქმნას ერთზე მეტი. შესაბამისად, ამ კუთხით კვლევა არ მიმდინარეობს, ბუნებრივია.

საჯარო რეესტრი იკვლევს, რამდენად სწორად არის შევსებული სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტი, გადახდილია თუ არა ას-ლარიანი შენატანი, რაც რეგისტრაციისთვის არის აუცილებელი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გაერთიანებებმა ერთი და იგივე სახელწოდებები არ გამოიყენონ.
XS
SM
MD
LG