Accessibility links

logo-print
„საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებები შეიძლება ჩაიშალოს“ – გაზეთ ”რეზონანსის” ამ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო კოდექსის ახალ პროექტში ისეთი ცვლილებებიც მოხვდა, რომლებიც ოპოზიციასთან შეთანხმებული არ ყოფილა, რაც ოპოზიციის ერთ ნაწილს აღაშფოთებს. ოპოზიცია ითხოვს, ხელისუფლებამ განმარტოს, როგორ და რატომ აისახა საარჩევნო პროექტში ის თემები, რაც განხილული და შეთანხმებული არ ყოფილა, მმართველი გუნდი კი პირობას დებს, რომ მომავალ კვირაში ცვლილებების პრეზენტაციას მოაწყობს.

დღესვე ”რეზონანსი” მკითხველს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალ მოსაზრებებს აცნობს. გაზეთის ცნობით, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ფარვინ დარაბადი საქართველოსა და აზერბაიჯანს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის ირგვლივ არსებული დავის გადაწყვეტის გზად მის ექსტერიტორიად გამოცხადებას სთავაზობს, რის მიხედვითაც სამონასტრო კომპლექსი ორივე მხარის კუთვნილება იქნება. ქართველი ისტორიკოსი მარიკა ლორთქმიფანიძე კი ამ ტერიტორიის სამონასტრო რესპუბლიკად გამოცხადების იდეას აყენებს, ისეთი ტიპისას, როგორიც ახალი ათონის სამონასტრო რესპუბლიკაა საბერძნეთში.

”არსებობს ბევრი რამ, რისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ” უთხრა საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ”ნოვაია გაზეტას”. ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”ვერსია” გთავაზობთ, კახა ბენდუქიძე აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა ცენტრალური ბანკის ლიკვიდაცია და ვალუტების თავისუფალი კონკურენციის ამა თუ იმ ფორმით შექმნა. იგი ასევე მომხრეა საბაჟო ტარიფის განულებისა და ქვეყნის ტყეების უდიდესი ნაწილის კერძო საკუთრებაში გადაცემისა. ციტატა: ”ეფექტური ეკონომიკა ის არის, რომელიც მინიმალურად რეგულირდება და სახელმწიფო, ძირითადად, ადამიანების ცხოვრებისა და საკუთრების უფლების დაცვითაა დაკავებული”. ციტატის დასასრული.

როგორი პრემიერ-მინისტრი სჭირდება პრეზიდენტს და მოუწევთ თუ არა ქვეყნის დატოვება ხელისუფლების ფავორიტ ბიზნესმენებს? ამ საკითხების გარკვევას გაზეთი ”ვერსია” დღეს პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან ცდილობს. პოლიტოლოგის აზრით, არ არის გამორიცხული მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობასთან ერთად პრემიერ-მინისტრის პოსტიც შეითავსოს, თანაც ახლავე. ციტატა ”მთავარი ის კი არ არის, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, რადგან გვარსა და სახელს მნიშვნელობა არა აქვს, არამედ რამდენად მორჩილი იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტს ახლა ისეთი პრემიერ-მინისტრი სჭირდება, რომელსაც ზურაბ ადეიშვილი, ნებისმიერ დროს, თამამად ეტყვის – შენ შენი თავი მართლა პრემიერი ხომ არ გგონიაო”. ციტატის დასასრული. ”ვერსია”, უკანასკნელ ხანს ქართულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციებზე დაყრდნობით, შენიშნავს, რომ უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს თანამდებობას დაატოვებინებენ, მის ადგილს კი ან ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია, ან ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაიკავებს.

გაზეთი ”ახალი თაობა” კი წერს, რომ ნიკა გილაურს, ვერა ქობალიას გამო, სასამართლოში უჩივიან. გაზეთის ცნობით, საქმე ეხება ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ ელექტრონულ აუქციონს, რომელშიც მოქალაქე თამარ ჩირიგაშვილი ყველა წესის დაცვით დარეგისტრირდა, მონაწილეობაც ასევე წესების დაცვით მიიღო და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ, ტექნიკური ხასიათის პრობლემის გამო, აუქციონის შედეგები ბათილად გამოცხადდა. არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის ”42-ე მუხლმა”, „ახალი თაობის“ ინფორმაციით, ვერა ქობალიას მთავრობაში უჩივლა, მაგრამ ვინაიდან ნიკა გილაურმა მისი მხარე დაიჭირა, ახლა მთავრობის გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება.
XS
SM
MD
LG