Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში დაკრძალეს ყოფილი პრეზიდენტი, ბურჰანუდინ რაბანი


ქაბულში დაკრძალეს ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი და მშვიდობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ბურჰანუდინ რაბანი, რომელიც სამშაბათს მოკლა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. დაკრძალვის ცერემონიას მრავალი ადამიანი დაესწრო, იუწყებიან უსაფრთხოების მკაცრი ზომების შესახებ. იუწყებიან ასევე, რომ რაბანის მომხრეების ნაწილმა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობით უკმაყოფილება გამოხატა იმით, რომ ქვების სროლა დაუწყო ოფიციალური პირების ავტომანქანებს. პოლიციას მოუწია ჰაერში გასროლა ბრბოს დასაშლელად. დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პირობა დადო, რომ გაგრძელდება მეამბოხეებთა შერიგებისაკენ მიმართული ძალისხმევა. „ავღანეთის მშვიდობისა და ღირსებისათვის ამ წამებულისა და სხვა წამებულთა სისხლი გვავალდებულებს, გავაგრძელოთ ძალისხმევა მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად და დავამტკიცოთ, რომ, როცა ხალხი გადაწყვეტს, იყოს თავისუფალი და აშენოს უკეთესი მომავალი თავისი მომავალი თაობებისათვის, ის არ შეწყვეტს ბრძოლას ასეთი ლაჩრული დანაშაულებისა და მტრული ქმედებების გამო“, - განაცხადა კარზაიმ. ავღანეთის პოლიციის ვარაუდით, რაბანი თალიბანმა მოკლა, თუმცა თვით თალიბანს არ უკისრია პასუხისმგებლობა. რაბანი ეთნიკური ტაჯიკი იყო, ავღანეთის პრეზიდენტი 1992-1996 წლებში, თალიბანის მმართველობის დაწყებამდე.
XS
SM
MD
LG