Accessibility links

logo-print
"...ბრიყვნი ამბობენ, კეთილი გული კი მაშინვე სცნობს
ამ ეიჯიზმში რაოდენიც სიყვარულია..."

ილია და აკაკი






ორშაბათი

მეტისმეტად რთული კვირა დაგვეწყო; კოსმოსური თანამგზავრის ჩამოვარდნას ველოდებით.

მართალია, ზუსტად არავინ გვეუბნება, სად მოადენს ზღართანს, მაგრამ "იმედს" მაინც აღმოაჩნდა თავისი ვერსია: გუშინ ჩემი თვალით ვუყურე მათეულ შუადღის საინფორმაციოს, სადაც ამაღელვებელი სენტიმენტალურობით იყო გაცხადებული, თუ სად შეიძლება ჩამოვარდეს მკვდარი კოსმოსური გიგანტი.

აბა, თუ გამოიცნობთ?

ნუ, მოსკოვში, ცხადია... რა მიხვედრა ამას უნდა!

ბრახ - ზედ კრემლზე!

თან რა სიმბოლურია - თანამგზავრი ხომ ამერიკულია...

მეტსაც გეტყვით, ხომალდზე (დაუდასტურებელი ცნობით) ასომთავრულად ყოფილა მიწერილი:

"ეს თქვენ გენერალ ტოტლებენის გამო..."


სამშაბათი

მოკლედ, ხიფათებით აღსავსე დროში გვიწევს ცხოვრება: ჯერ ის უნდა გამოვიცნოთ, დედამიწის რომელ კუთხეს მოტაფავს ვადაგასული მფრ. ხომალდი, მერე კი იმაზე ვივიშვიშოთ, სად ვიქნებით და რას გავაკეთებთ 2012 წლის 3 იანვარს (ვთქვათ) 4-ის ნახევარზე... მოგეხსენებათ, პირველში წარღვნაა დანიშნული...


ოთხშაბათი

ფაქტია: ყველა გვაშინებს და ჩვენც გვეშინია. ცხოვრებას არავინ გვაცდის.

თან ხმასაც ვერ ვიღებთ - იტყვი რამეს და უკვე შეცდომაა... სწორად აზროვნება არ გვეხერხება...

უმბერტო ეკოსი არ იყოს, უშეცდომოდ უკვე "წითელქუდასაც" ვეღარ მოყვები - ვიღაც აუცილებლად გაღიზიანდება; ან ცხოველთა დამცველი ("მგელს ნუ ეხები"), ან "მწვანეების" წარმომადგენელი ("როგორ შეიძლება სოკოს დაკრეფა!"), ან ვეტერან-პენსიონერთა მსოფლიო საბჭო ("რატომ ცხოვრობს მოხუცი ქალიშვილისგან განცალკევებით!"). ბავშვთა უფლებების დამცველებზე კი აღარაფერს ვამბობ ("რა უნდა ბავშვს ტყეში!").


ხუთშაბათი

მინდოდა დამეწერა ქართველ რაგბისტებზე, მაგრამ მივხვდი (ზემოთ თქმულიდან გამომდინარე), - ქართველ ფეხბურთელებს ეწყინებოდათ და თავი შევიკავე...

მინდოდა დამეწერა თბილისის თეატრალურ ფესტივალზე, მაგრამ გავჩერდი, რაკი ეჭვი გამიჩნდა, რომ ბათუმელებს ეწყინებოდათ (იქ ხომ არაა თეატრალური ფესტივალი) და, ცხადია, თავი შევიკავე...

მინდოდა დამეწერა ბათუმის კინოფესტივალზე, მაგრამ განზრახვაზე ამჯერადაც ავიღე ხელი - ქუთაისელებს ეწყინებოდათ (არა აქვთ კინო) და თავი შევიკავე...

მინდოდა დამეწერა სექტემბრის სასიამოვნო კლიმატზე, მაგრამ მივხვდი - ვიღაცას შესაძლოა არაკორექტულად მოჩვენებოდა კარგ ამინდზე წერა (მით უმეტეს მაშინ, როცა ტაილანდში საშინელი ქარიშხლებია)...

მინდოდა დამეწერა მოხუც კაცზე, რომელიც პრეზიდენტს კოცნიდა ერთ-ერთ სოფელში, თუმცა რეგიონალური ფემინისტური ჯგუფის მომერიდა - არ ჩათვალონ, რომ ქალებს უგულებელვყოფ... დამიწერენ - ქალებს არ ახსენებს სტატიებშიო. ამიტომ აღარც კაცი ვახსენე, არც ქალი და, ბუნებრივია, არც ბავშვი. (შარის თავი მაქვს?!)


პარასკევი

მინდოდა დამეწერა შეშინებულ ხალხზე, მაგრამ საკუთარი თავის მომერიდა - არაკორექტული ხომ არ ვიქნები ჩემს თავთან, სხვებზე რომ ვწერ და საკუთარ პერსონას კი ასეთ მცირე დროს ვუთმობ?

ჰოდა, მგონი, ჯობს, არც ვწერო და არც ვილაპარაკო - ხალხი ისედაც საკმარისად გაღიზიანებულია... ხუმრობა ხომ არაა, თავზე კოსმოსური ნაგავი გვემხობა.
XS
SM
MD
LG