Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის დროებითი მთავრობა მომავალ კვირაში გამოცხადდება


ლიბიის დროებითი ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყნის დროებითი მთავრობის შემადგენლობას მომავალ კვირაში გამოაცხადებენ. მუსტაფა აბდულ-ჯალილის ამ განცხადებას წინ უძღვოდა მთავრობის ფორმირების წარუმატებელი მცდელობა გასულ კვირაში. ჯალილმა ეს ჟურნალისტებს ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ უთხრა. ნიუ-იორკში მან, საბჭოს პრემიერ მაჰმუდ ჯიბრილთან ერთად, ლიბია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარადგინა. პარალელურად, ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ქალიშვილი აცხადებს, რომ მამამისი კარგ განწყობაზეა და თავის მომხრეებთან ერთად ბრძოლას განაგრძობს. აიშა კადაფი ამ განცხადებით სირიის ერთ-ერთი რადიოსადგურის მიერ გადაცემულ აუდიოჩანაწერში გამოვიდა. ამასთან, მან ტრიპოლის და სხვა ქალაქების მცხოვრებთ ქვეყნის ახალი მმართველების წინააღმდეგ ამბოხებისკენ მოუწოდა. კადაფის ადგილსამყოფელი უცნობად რჩება მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს მეამბოხეებმა დედაქალაქი დაიკავეს და ახლა ქვეყანას თითქმის სრულად აკონტროლებენ - კვლავ კადაფის ძალების ხელში მყოფი რამდენიმე ადგილის გამოკლებით.
XS
SM
MD
LG