Accessibility links

logo-print

გაეროსა და საარჩევნო კოდექსის კვირა


გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე პლენარული სესია

გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე პლენარული სესია

კვირის მოვლენების მიმოხილვა

iamgeorgian.com პატრიოტული კონოტაციით და სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირების იდეით გამსჭვალული ქართული სოციალური ქსელია, სახელმწიფოებრივი აზროვნებით დატვირთული ქართული ფეისბუკი, რომელზეც პაპუნა დავითაიას სამინისტრო, სავარაუდოდ, ჰოლივუდური ფილმის პრემიერის შემდეგ ჩაერთო. iamgeorgian.com ამ ეტაპისთვის, შემქმნელთა ინფორმაციით, სამი ათას ადამიანს აერთიანებს და, ძირითადად, ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეთათვის ინფორმაციის ერთმანეთში გაცვლის დამხმარე მექანიზმია. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია:

ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია ეს სოციალური ქსელი, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს, დავაკავშიროთ ქართველები ერთმანეთთან ადგილებზე იმ ქალაქებში და იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ.

თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ შედარებისთვის სოციალურ ქსელ ფეისბუკში საქართველოდან, ინტერნეტ მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებით, ექვსასი ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დარეგისტრირებული (საქართველოს მოქალაქეთა 15 პროცენტამდე), რაც ნიშნავს, რომ რეალურად უკვე იცვლება ინფორმაცია მოქალაქეებს შორის ფოტო, ვიდეო, აუდიო თუ ტექსტუალურ ფორმატებში, და ეს ხდება სამინისტროსგან სრულიად დამოუკიდებლად, შეიძლება ითქვას, რომ სამინისტრო ამ ახალი ინიციატივით არა ადამიანების დაკავშირებას, არამედ უკონტროლო სოციალური პროცესის მართვაში ჩართვას ცდილობს. ჯერჯერობით, შედეგებზე ვერ ვიმსჯელებთ.

ჭაჭა, ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი, ჩურჩხელა, სულგუნი, სვანური სულგუნი, მეგრული ყველი, ქართული ყველი, თუშური გუდა, მესხური ჩეჩილი, დამბალხაჭო და რძის სხვადასხვა პროდუქტი, მაწონი და ღვინის სახეობები “საქპატენტმა” რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ დააპატენტა. ეს კი მარტივად ნიშნავს: დაპატენტების დროს პროდუქტის აღწერით ნაწილში იწერება, რომ, მაგალითად, ესა თუ ის ღვინო მზადდება ამა და ამ ყურძნისგან, რომელიც მოდის ამა და ამ ტერიტორიაზე და მხოლოდ… შესაბამისად, ღვინო, რომელიც ამ აღწერით საქართველოს ტერიტორიას და მის ფარგლებს სცდება, უკვე ფალსიფიკაციაა. მარტივი იდეაა. თუმცა, როგორც ამ კვირას ინტერნეტ გამოცემა “ნეტგაზეთი” წერდა, მაწვნის შემთხვევაში, შეიძლება საქმე არც ასე მარტივად იყოს. “ნეტგაზეთის” ცნობით, მომავალში მასზე პრეტენზია შესაძლოა მეზობელ რესპუბლიკა სომხეთს გაუჩნდეს.

კვირის მთავარი აქცენტების დიდი ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის ამერიკული ტურნეა. პრეზიდენტს გაეროს ტრიბუნა ასამბლეის მეორე დღეს დაუთმეს, 27 სხვა ქვეყნის ლიდერთან ერთად. შეგახსენებთ, სულ სამი დღის მანძილზე 93 ქვეყნის ლიდერმა მიმართა მათ წინ დამონტაჟებულ კამერას და აუდიტორიასაც. ბუნებრივია, ჩანაწერები და სიტყვათა ბეჭდური ვერსიის PDF ფაილები გაეროს ვებ-გვერდზე დევს. პრეზიდენტის სიტყვა მსოფლიო ტრანსფორმაციას, საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულ ტენდენციებს და საქართველოს, როგორც რეფორმატორს შეეხო და არა მხოლოდ როგორც რეფორმატორს, არამედ მაგალითსაც სხვა რევოლუციური სცენარებისთვის. საინტერესო ციტატა პრეზიდენტის გამოსვლიდან:

მიხეილ სააკაშვილი: ”ნამდვილი რევოლუცია მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ტელეკამერებმა ადგილი დატოვეს”.

საინტერესოა, რას გულისხმობდა პრეზიდენტი, საერთაშორისო კამერებს, თუ ადგილობრივ კამერებს? ეს არ დაკონკრეტებულა, სამაგიეროდ, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რევოლუცია ქუჩაში არ სრულდება, ის რეფორმების გრძელი ჯაჭვიაო…

პრეზიდენტი სიტყვით ასევე წარსდგა ამ კვირას კონკორდიის სამიტზე არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციის წინაშე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების ექს ლიდერებს უთმობს ტრიბუნას. სამიტზე, პრეზიდენტ სააკაშვილის გარდა, ამერიკული რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იყო. პრეზიდენტი სააკაშვილი ჯორჯ ბუშს თბილად მიესალმა და აღნიშნა, რომ რთულ დროებს ძლიერი ლიდერები სჭირდება, ისეთი, როგორიც ჯორჯ ბუშია, პრეზიდენტი, რომელიც მტკიცედ იდგა 11 სექტემბერს…

( ქართულმა მედიამ ვერ დაადგინა, აქვს თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილს, ვიზიტის ფარგლებში, რაიმე კომუნიკაცია ოფიციალურ ვაშინგტონთან, იმავე ობამას ადმინისტრაციასთან.)
ეს არ არის ტექნიკური ჩასწორებები, სამივე ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი. არც ერთი ამ წინადადებათაგანი, არანაირად, არ ყოფილა განხილვის საგანი არც შეთანხმებამდე და არც მოლაპარაკების პროცესში და სამივე ეს წინადადება იქნება კატეგორიულად მიუღებელი...

საარჩევნო კოდექსზე შეთანხმებები, ჯერ იყო და, უმრავლესობის მცირე ნაწილმა(ანუ, ძირითადად, მათ, ვინც გადაწყვეტილებების მიღებასთან, ასე თუ ისე, ახლოსაა) ოპოზიიც მცირე ნაწილთან მოახერხა შეთანხმება. ამ კვირას კი ირკვევა, რომ ეს მცირე ჯგუფებიც კი ვერ ახერხებენ შეთანხმებას. უფრო სწორად, საბოლოო დოკუმენტში ჩნდება ან ქრება საკითხები, რომლებზეც მხარეები არ შეთანხმებულან. როგორც გახსოვთ, “ახლებთან” და “ქრისტიან- დემოკრატებთან” მოახერხა შეთანხმება მმართველთა გუნდის მცირე ნაწილმა რამდენიმე თვის წინ. მაშინ გამოკვეთილი ფაქტორი ერთ მილიონიანი დაფინანსება იყო ყველასთვის, ვინც საარჩევნო მარათონში ჩაერთვებოდა და ბარიერს გადალახავდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ხელისუფლებამ რაღაცეები შეცვალა ისე, რომ, სავარაუდოდ, მილიონის მიმღები ოპოზიციური პარტიებისთვის აზრი არ უკითხავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოო პროექტიდან ამოღებულია ამომრჩეველთა მარკირების და სათვალთვალო კამერების საკითხები, ასევე ამოღებულია ვალდებულება ცენტრალური საარჩევნო კომისიისა, სიები დააზუსტოს და გამოაქვეყნოს არჩევნებამდე. როგორც ირკვევა, ამ ცვლილებების შესახებ, მაგალითად, “მემარჯვენეები” მას შემდეგ იგებენ, რაც მმართველი გუნდის მცირე ჯგუფმა მზა დოკუმენტი ვენეციის კომისიას გაუგზავნა.

მამუკა კაციტაძე: “ეს არ არის ტექნიკური ჩასწორებები, სამივე ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი. არც ერთი ამ წინადადებათაგანი, არანაირად, არ ყოფილა განხილვის საგანი არც შეთანხმებამდე და არც მოლაპარაკების პროცესში და სამივე ეს წინადადება იქნება კატეგორიულად მიუღებელი “ახალი მემარჯვენეების” მხრიდან, თუკი ეს ყველაფერი ასეა, თუ ეს ყველაფერი ასეა, ამას მოჰყვება სერიოზული რეაქცია ჩვენი მხრიდან”…

თუ ეს ასეა…ასზე მეტ-გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც ჯერ არ არის გარკვეული რა როგორაა, მმართველი გუნდის წარმომადგენლობითმა ინტელექტუალურმა ბირთვმა ვენეციის კომისიას ისე გაუგზავნა, რომ არამარტო პოლიტიკური სპექტრის ნაწილს, არამედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობის ნაწილია მსგავსი დოკუმენტების შინაარსის გაგება, წაკითხული არ ჰქონდათ, მარტივად იმიტომ, რომ დოკუმენტი საჯარო სივრცეში, იმავე ინტერნეტში, არ იდო. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური:

“რატომ მალავდნენ ამ დოკუმენტს, იყო გაუგებარი, თან უკვე გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში. მე ვფიქრობ, რომ სანამ გააგზავნიდნენ ვენეციის კომისიაში, მართლაც რომ მხოლოდ ტექნიკური საკითხები ყოფილიყო შეცვლილი და არაფერი დიდი, მაინც ეს ყველაფერი უნდა ეცნობებინათ საზოგადოებისთვის, ჩემი აზრით”.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა დამირეკა და მითხრა, რომ ევაკუაცია მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროსი, რადგან მოდის რუსის ჯარი, ჩვენ შემოგვაქვს საჩივარი, ჩაიბარე საჩივარი ზეპირად და გადაეცი სტრასბურგის მოსამართლეებს, რომ იღუპება ქართველი ერი ...

მეტალურგების გაფიცვა რამდენიმე რადიო გადაცემისა და რამდენიმე ინტერნეტ გამოცემის რამდენიმე მასალით შემოიფარგლა ამ კვირასაც. სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, შეგახსენებთ, ადამიანები, ვინც რკინას ადნობენ მთელი წელი შვებულების გარეშე. ისინი პოლიციამ ადგილებზე დააბრუნა და რკინის დნობის პროცესში ხელწერილებით ჩართო, ზოგი მეტალურგი კი პატიმრობაში იმყოფება. ინტერნეტ გამოცემა “ნეტგაზეთი” აქვეყნებს წერილს, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს მიუვიდა ამერიკის მეტალუგთა გაერთიანებისა და მრეწველობის საერთაშორისო ორგანიზაციისგან. ფრაგმენტს გაგაცნობთ წერილიდან, რომელიც ამერიკის ას ორმოცდაათი ათასი მეტალურგის სახელით დაიწერა.

„გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერიოთ ქუთაისში მდებარე საწარმო „ჰერკულესში“ განხორციელებულ ადამიანისა და პროფკავშირის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტებში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ ჩაერიოთ საქართველოს მთავრობის მოქმედებებში და მოსთხოვოთ მას: გაათავისუფლოს დაპატიმრებული აქტივისტები და მოუხსნას მათ ყველა ბრალდება; დარწმუნდეს, რომ „ჰერკულესის“ ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ აღადგენს მათ სამუშაო ადგილებზე; გამოიძიებს პოლიციის მიერ გაფიცვის დაშლის, სამრეწველო დავაში სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის ფაქტს და დასაქმებულთა მიმართ განხორციელებულ იძულებას, დაბრუნებულიყვნენ და ემუშავათ საწარმოში მათი ნების საწინააღმდეგოდ”.

და ბოლოს, საქმის –“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ნომერი ორი”– ახალი რაუნდი საქართველოს სახელით წარგზავნილი რამდენიმე პოლიტიკოსისა სტრასბურგში, რომელნიც, ჯერჯერობით, უშედეგოდ ცდილობენ, მსოფლიოს დაუმტკიცონ რუსეთის სასტიკი ბრძოლის ფორმები აგვისტოს ომში. თეა წულუკიანი, “თავისუფალი დემოკრატებიდან”, აგვისტოს ომის დროს სწორედ სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და იმ დღეს იხსენებს, როცა საქართველოს სახელით იუსტიციის სამინისტროდან ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა სტრასბურგში დარეკა.

თეა წულუკიანი: იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა დამირეკა და მითხრა, რომ ევაკუაცია მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროსი, რადგან მოდის რუსის ჯარი, ჩვენ შემოგვაქვს საჩივარი, ჩაიბარე საჩივარი ზეპირად და გადაეცი სტრასბურგის მოსამართლეებს, რომ იღუპება ქართველი ერი”…

ეს, სავარაუდოდ, მაშინ ხდება, როცა აზერბაიჯანის საზღვართან სამთავრობო გადაადგილებები შეამჩნიეს…
განიხილავს თუ არა სტრასბურგი ქართველი პოლიტიკოსების მცდელობას, მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ რუსეთი აგრესორია, რამდენიმე თვეში გაირკვევა, რადგან საქმის არსებითი განხილვა, ჯერჯერობით, არ მომხდარა. სასამართლო რამდენიმე თვეა მსჯელობს მხარეებს შორის ურთიერთობის ფორმაზე.
XS
SM
MD
LG