Accessibility links

logo-print

ჩერნენკო – ერთი წელი საბჭოთა კავშირის სათავეში


ლეონიდ ბრეჟნევი, ანდრეი გრომიკო, კონსტანტინ ჩერნენკო.

ლეონიდ ბრეჟნევი, ანდრეი გრომიკო, კონსტანტინ ჩერნენკო.

ახლა გიამბობთ ადამიანზე, რომელიც მხოლოდ ერთი წელი მართავდა საბჭოთა კავშირს – მას, კონსტანტინ ჩერნენკოს, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, 24 სექტემბერს ასი წელი შეუსრულდებოდა – ჩერნენკოს გარდაცვალებით დასრულდა უხუცესი კომუნისტების მმართველობის ეპოქა – ქვეყნის სათავეში მიხეილ გორბაჩოვი მოვიდა. რამდენიმე წელიწადში საბჭოთა კავშირი დაიშალა.

კონსტანტინე ჩერნენკოს გარდაცვალებით დასრულდა ეგრეთ წოდებული ”საზეიმო დასაფლავებების ეპოქა”. ასე უწოდა ხალხმა იმ წლებს – სულ რამდენიმე წელს – 1982 წლიდან, როცა გარდაიცვალა ლეონიდ ბრეჟნევი და მის ადგილას ქვეყნის მართვა იური ანდროპოვმა დაიწყო 1985 წლის მარტამდე, როცა, ჩერნენკოს გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მიხეილ გორბაჩოვი მოვიდა. სხვათა შორის, ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ჩერნენკოს მიიჩნევდნენ დასავლელი პოლიტოლოგები მთავარ კანდიდატად კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის პოსტზე. პოლიტბიუროში მეტისმეტად ძლიერი იყო კონსერვატორთა ფრთა, რომელსაც ბრეჟნევი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ჩერნენკოს მაშინ ბედმა არ გაუღიმა – მართალია, პოლიტბიუროში ბრეჟნევის ყველაზე ახლობელ მეგობრად ითვლებოდა, ინტრიგების შექმნის ნიჭი არ ჰქონდა... განსხვავებით ანდროპოვისგან, რომელიც ქვეყნის სათავეშიც მოვიდა და საკმაოდ რადიკალური რეფორმებიც დაიწყო.

თუმცა ბრეჟნევის ახლობლობა ჩერნენკოს კარგა ხანია დაუფასდა. მათ ჯერ კიდევ 50-იან წლებში, მოლდავეთში მუშაობის დროს, გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ. მოგვიანებით, როცა ბრეჟნევი მოსკოვში გადმოიყვანეს, მან ჩერნენკო თან წაიყვანა, ხოლო, როცა კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩერნენკო სრულიად გაუნათლებელი კაცი იყო, თავისი პირადი წერილები ჩააბარა – ბრეჟნევი ენდობოდა მას და საჯაროდ აცხადებდა, რომ სწორედ კონსტანტინე ჩერნენკო უნდა ყოფილიყო მისი მემკვიდრე.

ანდროპოვის გარდაცვალების შემდეგ, 1983 წლის ნოემბერში, ჩერნენკო, უკვე საკმაოდ უძლური და მძიმედ ავადმყოფი, ცეკას პირველი მდივნის პოსტს იკავებს – მხოლოდ იმიტომ, რომ ნეიტრალური კანდიდატი, კაცი, რომელიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, ”მკვეთრ მოძრაობებზე” უარს იტყოდა, კონსერვატორებს არ ჰყავდათ – ჩერნენკო კი სწორედ ასეთი იყო. სანამ ქვეყანაში კანდიდატს იპოვიდნენ, ჩერნენკოს გაუძლებდნენ როგორმე.

ხალხი მიეჩვია – კომპარტიის ლიდერი ხშირად უნდა გამოჩენილიყო ტელევიზიით, წიგნები უნდა დაეწერა და ორდენებით უნდა დაეჯილდოვებინათ – ასე იყო ბრეჟნევის ეპოქაში, რომელსაც ”უძრაობის ეპოქა” დაარქვეს – ამ უძრაობის შეცვლა საშიში იყო, რადგანაც უკვე ძალიან მყიფე იმპერია შესაძლოა დანგრეულიყო. ამიტომაც საბჭოთა პროპაგანდა ყოველმხრივ ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს კონსტანტინე ჩერნენკო მართავდა ქვეყანას. არადა, ასე არ იყო. პრინციპში, როგორც მისი თანაშემწე ვიქტორ პრიბიტკოვი იხსენებს, მას თავიდანვე არ სურდა ამ პოსტის დაკავება.

კონსტანტინე ჩერნენკოს სახელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი უკავშირდება საბჭოტა კავშირის ისტორიაში – მაგალითად, ლოს-ანჟელესის ოლიმპიადის ბოიკოტი – პასუხი მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტზე. აგრეთვე ღია წერილი, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ მას მიმართა ეგრეთ წოდებული ”თვითმფრინავის საქმესთან” დაკავშირებით სიკვდილმისჯილი პატიმრების შეწყალებაზე. გავრცელებულია აზრი, რომ ეს წერილი ადრესატამდე ვერ მივიდა – ამას ხელი შეუშალა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც, როგორც ჩანს, თავისი პარტიული კარიერის მოსკოვში გაგრძელებაზე ფიქრობდა. თუმცა, არაა გამორიცხული, ჩერნენკოს თავად ეთქვა უარი შეწყალებაზე – ისიც ცნობილია, რომ მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, სისუსტისა, სტალინის რეაბილიტაციის ცდა სწორედ ჩერნენკოს ეპოქაში დაიწყო.

ასეა თუ ისე, ჩერნენკომ ეს საქმეც ვერ დაასრულა. ვიქტორ პრიბიტკოვი იგონებს, რომ იმ 390 დღიდან, როცა ჩერნენკო ქვეყანას მართავდა, თითქმის ნახევარი საავადმყოფოში გაატარა. ჩერნენკო იხვეწებოდა, გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან, მაგრამ ცეკაში ამაზე კატეგორიულ უარს ამბობდნენ.

მართალია, ჩერნენკოს ეპოქაში კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც ანდროპოვმა დაიწყო, არ გაგრძელებულა, მილიციის აქტიურობა და მასობრივი დაპატიმრებები მაინც შეიმჩნეოდა. მაგალითად, ცნობილი იყო, როგორ სძულდა ჩერნენკოს ყველაფერი დასავლური, განსაკუთრებით დასავლური მუსიკა. კონსტანტინე ჩერნენკომ მოასწრო და ომი გამოუცხადა რუსულ როკ-მუსიკას – ცეკას პირველი მდივნის პოსტის დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კომპარტიის პლენუმზე გამოვიდა მოხსენებით, რომელშიც იდეოლოგიური ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, განსაკუთრებით, კომკავშირის მუშაკებს, რომელთაც დაევალათ, ”აღეკვეთათ” ახალგაზრდობაში დასავლური მუსიკის გავლენა.

მეტყველება უჭირდა და ტექსტს ყოველთვის კითხულობდა – ამ ტექსტებს თავად არ წერდა. სხვათა შორის, წერა არც ახალგაზრდობაში ეხერხებოდა – წერილების განყოფილებასაც, როგორც ამბობენ, მხოლოდ იმიტომ ხელმძღვანელობდა, რომ აკურატული კაცი იყო – პედანტურად აწყობდა ყველაფერს...

ჩერნენკოს გარდაცვალება მოულოდნელი არ ყოფილა პოლიტბიუროს წევრებისთვის, არც არავისთვის. ხალხი გარდაცვალების ამ ”სერიას” შეეჩვია და ხუმრობდა კიდეც. მაგალითად, როცა კონსტანტინ ჩერნენკომ პოლიტბიუროს წევრად აღადგინა 94 წლის ვიაჩესლავ მოლოტოვი, ხალხი ამბობდა, ჩერნენკომ თავისი მემკვიდრე მოიყვანაო... ამ სრულიად აბსურდულ გარემოში მით უფრო ბუნებრივი იყო იმედი, რომელიც ჩერნენკოს გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა ქვეყანაში – ”საზეიმო დაკრძალვების ეპოქა” დასრულდა – ქვეყნის სათავეში შედარებით ახალგაზრდა, ენერგიული კაცი – მიხეილ გორბაჩოვი მოვიდა.
XS
SM
MD
LG