Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის პუტინის დაბრუნება საქართველოსთვის


ვლადიმირ პუტინი, დმიტრი მედვედევი.
ვლადიმირ პუტინი, დმიტრი მედვედევი.
ეჭვი თითქმის აღარავის ეპარება, რომ 2012 წლიდან, მინიმუმ, ერთი 6-წლიანი ვადით, რუსეთის პრეზიდენტის პოსტს ისევ ვლადიმირ პუტინი დაიბრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პერსპექტივა ცოტა ვინმესთვის თუ იყო მოულოდნელი, ის აშკარად ათასგვარ თავსატეხს უჩენს მსოფლიოს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად გადაწყვეტილებებს მედვედევის რუსეთშიც პუტინი ღებულობდა, ანალიტიკოსები მაინც თვლიან, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი, ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად, მაინც შეიცვლება.
არ მეგონა, თუ მედვედევი ასეთი არარაობა აღმოჩნდებოდა...

მედიასივრცეში ხაზი ესმება წუხილს, რომ პუტინის რუსეთში, საბოლოოდ, დასამარდება დემოკრატია, დასავლეთთან მიდგომები უფრო ხისტი გახდება და ბოლო მოეღება გადატვირთვის პოლიტიკას შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. რა და რამდენად შეიცვლება პუტინის დაბრუნებით საქართველოს უსაფრთხოებისთვის?

”არ მეგონა, თუ მედვედევი ასეთი არარაობა აღმოჩნდებოდა... გაირკვა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არაფრის უნარი არ აქვთ”, – აღნიშნავს BBC-ის რუსულენოვან სამსახურთან ინტერვიუში პოლიტოლოგი იური კორგუნიუკი და ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს, ის ალაგ-ალაგ ”ნულადაც” კი მოიხსენიებს.

პოლიტოლოგი კორგუნიოკი, თავის დროზე, ანალიტიკოსთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელსაც სჯეროდა, რომ, მეტ-ნაკლებად, პროგრესული მედვედევი ასე იოლად არ დათმობდა ქვეყნის სადავეებს. მართალია, 24 სექტემბერს, ”ედინაია როსიას” ყრილობაზე, სადაც პუტინმა და მედვედევმა, პრაქტიკულად, უკვე გაცვალეს პოსტები, მედვედევის მოწყენილ სახეზე ბევრმა გამქრალი ოცნებებით გამოწვეული სინანული ამოიკითხა; მაგრამ, სამაგიეროდ, აშკარა იყო პუტინის აღფრთოვანება და შემართება. გზა გაიხსნა, ყველაფერი ნათქვამია და აშკარაა – პუტინი მოდის:

”მინდა, მადლიერების სიტყვები გამოვთქვა თქვენი დადებითი რეაქციისთვის წინადადებაზე, რომ კენჭი ვიყარო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად. ეს ჩემთვის უზარმაზარი პატივია... მადლობა... თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს”.
ისევე, როგორც წარსულში, საქართველოს ახლაც სჭირდება და მომავალშიც დასჭირდება თავდაცვის სფეროს რეფორმის გაგრძელება...

24 სექტემბერს, ”ედინაია როსიას” ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილი არ აღმოჩნდა თბილისისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ძირითად გადაწყვეტილებებს ისედაც პუტინი ღებულობდა და ღებულობს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კანდელაკის აზრით, პუტინის გაპრეზიდენტებით საქართველოსთვის თითქმის არაფერი შეიცვლება. თუმცა, მისი თქმით, პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი ამოძრავებთ, სამხედრო კონფლიქტები არასდროს არის გამორიცხული.

და, შესაბამისად, ევალება თუ არა საქართველოს, პუტინის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მეტი ზრუნვა თავდაცვასა და საკუთარ უსაფრთხოებაზე? კანდელაკი გვპასუხობს, რომ საქართველოს დაწყებული გზის გაგრძელება ევალება:

”ისევე, როგორც წარსულში, საქართველოს ახლაც სჭირდება და მომავალშიც დასჭირდება თავდაცვის სფეროს რეფორმის გაგრძელება და უკვე შემუშავებული დოქტრინებისა და გეგმების კარგად განხორციელება. ასევე საჭიროა იმ გაკვეთილების კარგად გასიგრძეგანება, რომელიც 2008 წლის ომიდან და რუსეთის აგრესიიდან გამომდინარეობს; ტერიტორიული თავდაცვის სისტემის მწყობრად აგება, რეზერვის სისტემის ნელ-ნელა, მაგრამ მწყობრად აგება და სხვადასხვა სამხედრო თავდაცვითი გეგმის შემუშავება”.
საპრეზიდენტო ბრძოლა დაძაბული რომ ყოფილიყო, შესაძლოა საქართველოს მიმართ აგრესია გამოეყენებინა ერთ-ერთ მხარეს რეიტინგის ასამაღლებლად...

გიორგი კანდელაკი ამბობს იმასაც, რომ ამ თემისადმი პუტინის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, მისი გაპრეზიდენტება, არავითარ შემთხვევაში, არ შეანელებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ და ქვეყანა აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

გაზრდის თუ არა პუტინის გაპრეზიდენტება საქართველოსთან ომის განახლების საფრთხეს?

პროგნოზირებას ერიდება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, თუმცა ის ვარაუდობს, რომ პოსტების გაცვლის უმტკივნეულო და მშვიდობიანმა შეთანხმებამ პუტინსა და მედვედევს შორის, შეანელა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების რისკი წინასაარჩევნო პერიოდში:

”საპრეზიდენტო ბრძოლა დაძაბული რომ ყოფილიყო, შესაძლოა საქართველოს მიმართ აგრესია გამოეყენებინა ერთ-ერთ მხარეს რეიტინგის ასამაღლებლად. რუსეთში ამ გზით რეიტინგს იმაღლებენ ხოლმე”...

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ პუტინის პრეზიდენტობის დროს მეტი უნდა იფიქროს უსაფრთხოებაზე, მაგრამ არა სამხედრო მეთოდებით. მისი აზრით, უფრო უკეთ უნდა იყოს გამოყენებული დიპლომატიური სარბიელი და პარტნიორული კონტაქტები. რადგანაც საქართველო პუტინის პოლიტიკის მსხვერპლად არის აღქმული და აგვისტოს ომის მთავარ ფიგურადაც სწორედ პუტინი მიიჩნევა, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ გაიზარდოს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და ინტერესი საქართველოსთან მიმართებით , – მიაჩნია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG