Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაუერი და ფატალი, მათი თქმით, ირანში მარტო იმიტომ დააპატიმრეს, რომ ამერიკელები არიან


ირანში გათავისუფლებული ორი ამერიკელის განცხადებით, ისინი ირანში მარტო იმის გამო იყვნენ დაპატიმრებული, რომ ამერიკელები არიან და არა რაიმე დანაშაულის გამო. ორივე ამერიკელი ახალგაზრდა, შეინ ბაუერი და ჯოშ ფატალი გასულ კვირაში, ოთხშაბათს გაათავისუფლეს ნახევარ-ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ. ისინი 2009 წლის ივლისში დააპატიმრეს ერაყ-ირანის მოსაზღვრე რეგიონში მოგზაურობისას და ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. ირანის საპატიმროდან გასულ კვირაში გათავისუფლების შემდეგ, ბაუერი და ფატალი ჯერ ომანში ჩავიდნენ, კვირას კი სამშობლოში დაბრუნდნენ და ნიუ-იორკში გააკეთეს ერთობლივი განცხადება. „არ ვიცით, გადავკვეთეთ თუ არა საზღვარი. ამას ალბათ ვერასოდეს დავადგენთ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლაც გადავედით ირანში, ეს არ ყოფილა ირანის ხელისუფლებისთვის მიზეზი, რომლის გამოც ასე დიდხანს დაგვტოვა ციხეში. ჩვენს ხანგრძლივ დაკავებას აქვს ერთადერთი ახსნა: ამერიკისა და ირანის 32-წლიანი მტრული ურთიერთობა“, - აღნიშნა ერთობლივი განცხადების წაკითხვისას შეინ ბაუერმა. მას და ჯოშ ფატალს გასულ თვეში მიუსაჯეს რვა-რვა წლით პატიმრობა, მაგრამ მოგვიანებით ირანმა გადაწყვიტა მათი გათავისუფლება, რასაც „ჰუმანიტარულ ჟესტს“ უწოდებს.
XS
SM
MD
LG