Accessibility links

logo-print

სომხური სიახლე – ჭადრაკი სკოლებში, როგორც სავალდებულო საგანი


სომხეთის პრეზიდენტი ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ბანაკში

სომხეთის პრეზიდენტი ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ბანაკში

სომხეთის მთავრობამ ახალ სასწავლო წელს სკოლებში შემოიღო ჭადრაკის თამაში, როგორც სავალდებულო საგანი. მოწაფეებს ჭადრაკის თამაშს, სკოლებში კვირაში ორჯერ, საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტები შეასწავლიან. აღნიშნული ნაბიჯით სომხეთის განათლების მესვეურები მოზარდების განვითარებას და მომავალ თაობებში გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავებას ისახავენ მიზნად.

სომხეთის 1500-მდე სკოლაში განათლების სამინისტრომ უკვე დაარიგა ჭადრაკის სახელმძღვანელოები და ჭადრაკის დაფები. როგორც ზემოთ ვთქვით, მობილიზებული არიან სპეციალისტებიც. ზოგიერთი მასწავლებელი კი ახალ საგანს შეთავსებით შეასწავლის. მათ შორისაა ერევნის 125-ე საშუალო სკოლის მასწავლებელი ვაჩიკ ხაჩატურიანი, რომელიც ბავშვებს ოთხი წელია, ჭადრაკის თამაშს ასწავლის.
ეს გეხმარებათ აზროვნებასა და სტრატეგიის შემუშავებაში, რადგან მასზე მუშაობისას თქვენ წინასწარ უნდა გათვალოთ ნაბიჯები და იპოვოთ მათ შორის ყველაზე მართებული...

“პირველ ყოვლისა, ჭადრაკი თამაშია და ის სახალისოა. იმავდროულად, ეს არის ინტელექტუალური თამაში და იმ დროს, როდესაც თამაშში იწაფებიან, ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებელ აზროვნებას. ეს დამოუკიდებლობა თამაშს საინტერსოს განსაკუთრებით ადრეული ასაკიდან ხდის“.

სომხეთი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საჭადრაკო ქვეყნად ითვლება. ქვეყანას ჰყავს 30-ზე მეტი დიდოსტატი და 2002-2008 წლების ჭადრაკის ოლიმპიადის ოქროს პრიზიორები, ხოლო სომხეთის ჭადრაკის აკადემიას და ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციას, უშუალოდ, ქვეყნის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი უდგას სათავეში. სომხეთში ჭადრაკის სწავლების ინიციატივა კი სომხეთის ჭადრაკის აკადემიის პრეზიდენტ, დიდოსტატ სმბატ ლპუტიანს ეკუთვნის, რომელიც დარწმუნებულია ბავშვობის ასაკიდან ჭადრაკის შესწავლის დადებით შედეგში. დიდოსტატის თქმით, ჭადრაკის თამაში ბავშვებს დამოუკიდებელად აზროვნების უნარს უვითარებს.

„ეს გეხმარებათ აზროვნებასა და სტრატეგიის შემუშავებაში, რადგან მასზე მუშაობისას თქვენ წინასწარ უნდა გათვალოთ ნაბიჯები და იპოვოთ მათ შორის ყველაზე მართებული. და რადგან ყველა ნაბიჯს სჭირდება გადაწყვეტილების მიღება, მთელი თამაში სწორედ გადაწყვეტილებების მიღებასთან არის დაკავშირებული და ეს გადაწყვეტილებები, ძირითადად, მართებული უნდა იყოს. ჭადრაკის თამაში თქვენ გასწავლით სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას რთულ სიტუაციებში“.

ჭადრაკის თამაშს ბევრი სომეხი მიიჩნევს ინკლუზიურ და უნივერსალურ საქმიანობად, რომელსაც სხვადასხვა ასაკისა და ფიზიკური უნარების მქონე ადამიანების გაერთიანება შეუძლია. ფსიქოლოგი რუზანა ღარიბიანი ჭადრაკის კიდევ ერთ უპირატესობაზე მიუთითებს – ესაა პიროვნული ხასიათის გამომუშავება, რაც არ შეუძლია მაღალტექნოლოგიურ კომპიუტერულ თამაშებს.

„იცით, ბევრად უკეთესია საჭადრაკო ფიგურის მიცემით გამომუშავდეს ბავშვებში ნამდვილი მორალური გამარჯვების ატმოსფერო, ვიდრე მივცეთ მათ კომპიუტერი და მივაჩვიოთ ისინი გამარჯვების მიღწევას სხვადასხვა სახის აგრესიული კომპიუტერული თამაშებით“.

დასავლეთის მეცნიერებისა და ჭადრაკის სპეციალისტების გამოკვლევებით, ადრეული ასაკიდანვე ჭადრაკის თამაში საშუალო სკოლებში ბავშვებში ავითარებს კითხვის უნარს, ეხმარება პრობლემის მოგვარების გზის მოძიებაში, დადებითად მოქმედებს მახსოვრობაზე, ანგარიშსა და კონცენტრაციის უნარზე.
XS
SM
MD
LG