Accessibility links

გაერო კადაფის იარაღის საცავებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დააწესოს კონტროლი ლიბიის საბრძოლო იარაღის საცავებზე, რათა ის ტერორისტების ხელში არ აღმოჩნდეს. ლინ პასკომ გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე განაცხადა, რომ დამხობილმა ლიდერმა მოამარ კადაფიმ დატოვა დიდი რაოდენობით საშიში საბრძოლო მასალები, მათ შორის დედამიწა-ჰაერის ტიპის რაკეტები და ქიმიური იარაღი. „სავალდებულოა, რომ ეროვნულმა გარდამავალმა საბჭომ და საერთაშორისო საზოგადოებამ განახორციელონ კონტროლი მძიმე შეიარაღების მასიურ საცავებზე, მათ შორის კადაფის მთავრობის მიერ შეძენილი დედამიწა-ჰაერის კლასის რაკეტებზე. ამ იარაღის გავრცელება და საშიშროება, რომ ისინი შესაძლოა ტერორისტებს ხელთ ჩაუვარდეთ, - სასიკვდილო საფრთხის შემცველია. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასევე კონტროლის აღდგენას ქიმიური იარაღის მასალებზე". გასულ კვირაში ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა ქალაქ ჯუფრასთან ახლოს აღმოაჩინეს იარაღის საცავი, რომლის შესწავლაც ქიმიური იარაღის კონტროლის სტრუქტურას დაეკისრა. გაეროს მაღალჩინოსნის კომენტარის პარალელურად ლიბიაში გრძელდება ბრძოლები კადაფის მომხრე შეიარაღებულ ძლებსა და ეროვნული გარდამავალი საბჭოს სამხედრო ძალებს შორისა, ქვეყნის რამდენიმე ნაწილში, მათ შორის კადაფის მშობლიურ სირტეში.
XS
SM
MD
LG