Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში ჰილარი კლინტონს შეხვდნენ გრიგოლ ვაშაძე და გიგა ბოკერია


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საუბრის დიდი ნაწილი დაეთმო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებას. კერძოდ, ჰილარი კლინტონმა გრიგოლ ვაშაძეს, ისევე, როგორც მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ შვეიცარიის შუამავლობა და შეეცადონ მიაღწიონ პროგრესს, რათა კვირა-ნახევარში დაგეგმილი შეხვედრისას აღმოიფხვრას ყველა უთანხმოება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრისას განიხილებოდა ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის საკითხიც. ჰილარი კლინტონმა გრიგოლ ვაშაძეს მადლობა გადაუხადა საქართველოს დაპირების გამო, რომლის თანახმად, ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროთა რაოდენობა 1 700-მდე გაიზრდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან სახელმწიფო მდივნის შეხვედრისას განიხილებოდა საქართველოში 2012 და 2013 წლებში დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების საკითხიც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, რომ ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების მნიშვნელობას, გრიგოლ ვაშაძემ და გიგა ბოკერიამ კი აღნიშნეს, რომ საქართველო არჩევნების ხარისხის მხრივ თვისებრივ ნახტომს აპირებს.
XS
SM
MD
LG