Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ კორტნი: საქართველოში პრესის თავისუფლება დემოკრატიის ადეკვატური არ არის


საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი
საქართველოდან აშშ-ში 25 წევრიანი ჯგუფი იმყოფება. მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, განათლების და სოციალური სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ორი კვირის განმავლობაში გაეცნობიან ამერიკის ცხოვრებას. ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში, დიპლომატებმა და ამერიკის პოლიტიკური მმართველობის სპეციალისტებმა დელეგაციის წევრებს შტატების საგარეო და საშინაო პოლიტიკისა და ამერიკული მმართველობის თავისებურებებზე უამბეს. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს კი ამ მიმართულებით პრობლემები აქვს. „საქართველოში პრესის თავისუფლება არ არის დემოკრატიის ადეკვატური“ - ეს სიტყვები ერთ-ერთ გამომსვლელს, საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს უილიამ კორტნის ეკუთვნის. ”თუკი გადახედავთ საჯაროობის სტანდარტებს, რადიო თავისუფლების ვებსაიტის ჩათვლით, ნახავთ, რომ შეერთებული შტატების ბევრი ოფიციალური პირი, ყველა დონეზე - უმაღლესი დონის ჩათვლით, ხაზს უსვამდა საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას. როცა მე საქართველოში ვმუშაობდი, 1995-1997 წლებში, ჩვენ გვქონდა ხელშეწყობის პროექტი, ინტერნიუსის საშუალებით, საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზიების განვითარების მიზნით. ეს მეტად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. არ ვიცი ახლა ზუსტად რა მდგომარეობაა, მაგრამ წარმომიდგენია, რომ ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტული საკითხი საქართველოსთან დისკუსიის პროცესში”, - აღნიშნა გამოსვლისას უილიამ კორტნიმ.

საქართველოს წარმომადგენლები აშშ-ში იმყოფებიან „ლიდერობის ცენტრ ღია მსოფლიოს“ პროგრამის ფარგლებში. ამ პროგრამას ორგანიზება „ამერიკულმა საბჭოებმა“ გაუკეთა. მისი წარმომადგენლის ნატალია დომბროვსკაიას თქმით, აშშ დაინტერესებულია საქართველოს განვითარებით, ამიტომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ვიზიტი გამოცდილების მისაღებად მნიშვნელოვანია. ”ისინი ყურადღებით აკვირდებიან იმას, რაც საქართველოში ხდება. ძალიან დადებითად აფასებენ პროგრესულ მოქმედებებსაც. რა თქმა უნდა, თავადაც ხვდებით, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიის არსებობა და რომ თითოეულ ადამიანს შეეძლოს გამოთქვას ყველაფერი, რასაც ფიქრობს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნატალია დომბროვსკაიამ.

ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე საქართველოდან, ადვოკატი დავით ასათიანი იმან გააკვირვა, რომ დიპლომატები ღიად საუბრობდნენ საქართველოში არსებულ პრობლემებზე. თავად დავით ასათიანი ამბობს, რომ სასამართლოს ან მედიის დამოუკიდებლობა მუდმივი პროცესია და საზოგადოებისგან მუდმივი ყურადღება სჭირდება, რათა დეგრადაცია არ განიცადოს.

ვაშინგტონიდან 5 ჯგუფად გაყოფილი დელეგაცია აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში გაემგზავრა. ჟურნალისტების ჯგუფი მოვხვდით მინესოტის შტატის ქალაქ სენტ-პოლში, სადაც მასპინძლობას „ქალ ამომრჩეველთა ლიგის“ წევრები გვიწევენ. სენტ-პოლში შეხვედრები ადგილობრივ მედიაორგანიზაციებში გაიმართება.
XS
SM
MD
LG