Accessibility links

თბილისი საკმაოდ დიდ იმედებს უკავშირებს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს, რომელსაც 29-30 სექტემბერს ვარშავა უმასპინძლებს. ევროკავშირის ლიდერებთან სასარგებლო პირადი შეხვედრების გარდა, საქართველო, როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყანა, კონკრეტული შედეგების მოლოდინშია. კონკრეტულად რა შეიძლება შესთავაზონ საქართველოს ვარშავის სამიტის ფარგლებში?

საქართველოს პრეზიდენტი სექტემბერში უკვე მეორედ სტუმრობს პოლონეთს. ამჯერად მიზეზს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი წარმოადგენს, ხოლო რამდენიმე კვირის წინ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ლიდერებს შეხვდა და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში.
მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე, მიღწეული იქნება შეთანხმება - დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე...

სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში, კერძოდ კი, 7 სექტემბერს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ამ შემოდგომაზე „სერიოზულ გარღვევას“ უნდა მოელოდეს და რომ ამ გზაზე საქართველოს მხარში უდგას პოლონეთი - ძველი მეგობარი და ევროკავშირის ამჟამინდელ მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. თუკი დონალდ ტუსკის მიერ იმავე პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გადავხედავთ, საქართველოს მართლაც უნდა ჰქონდეს პოლონეთის მხარდაჭერის იმედი, მაგრამ რა შეიძლება იყოს ”გარღვევა”, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი დაუკონკრეტებლად უსვამს ხაზს?

წინასწარი ინფორმაციებით, ამ ეტაპზე ერთადერთი ის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ იგულისხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივა, რომელზეც, ვარშავის სამიტის კონტექსტში, განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 27 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე:

”მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ წელს, წლის ბოლომდე, მიღწეული იქნება შეთანხმება - დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე, რაც საშუალებას მისცემს ქართულ ბიზნესს კიდევ უფრო ფართოდ გაიხსნას კარი ევროპულ ბაზარზე.”

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპის მოახლოებასთან დაკავშირებულმა განცხადებებმა, ევროკავშირისა თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ბოლო პერიოდში ბევრად უფრო იმედისმომცემი სახე მიიღო. ხოლო როგორც საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” საკუთარი კორესპონდენტი იტყობინება ბრიუსელიდან, საქართველოსთან მოლაპარაკებების წლის ბოლომდე დაწყების პერსპექტივა დისკუსიას აღარ ექვემდებარება და კონკრეტული განცხადებები სწორედ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. იმავე წყაროს ცნობით, ევროკავშირის ინკოგნიტო წარმომადგენელი ამბობს, რომ ევროკავშირს წინასწარი მოლაპარაკებების ფაზაში ამ ეტაპზე ყველაზე მეტი შეთანხმებული საკითხი აქვს საქართველოსთან და მოლდავეთთან.
ევროკავშირი დგამს ნაბიჯებს, რომ პარტნიორი ქვეყნები - ამ შემთხვევაში, მისი აღმოსავლეთის პარტნიორები - რაც შეიძლება აქტიურად და შედეგიანად დაუახლოოს ევროპის საკანონმდებლო სივრცეს...

მეტი სიცხადისთვის განვმარტოთ, რომ შეთანხმება ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების პროექტის ერთ-ერთ ნაწილს. აქვე გავიხსენოთ, რომ ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გასული წლის 15 ივლისს ბათუმში საზეიმო ვითარებაში გამოაცხადა უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კეტრინ ეშტონმა. რაც შეეხება ასოცირების შესახებ შეთანხმების პროექტის სხვა ნაწილებს, პროექტი იწყება პრეამბულით, რომელშიც ზოგადად არის ასახული მნიშვნელოვანი პრინციპები და თემები; შემდეგ მოდის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების სეგმენტი, რომელსაც მოსდევს იუსტიციის, სამართლისა და თავისუფლებების ნაწილი. ხოლო მეოთხეა სექტორალური თანამშრომლობის ნაწილი, რომელიც მოიცავს 27 სხვადასხვა სფეროს. პროექტის მრავალწახნაგოვანი ბუნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ როდის დასრულდება მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე და როდის შევა ის ძალაში.

შეთანხმება ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მართლაც გახსნის კარს, მაგრამ ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ამ შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებების დაწყებისთანავე შევა ქართული პროდუქცია ევროპის ბაზრებზე. მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მოუწევს ახალი პირობების დაკმაყოფილება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით.

ბუნებრივია, ევროკავშირი არ მოქმედებს ძალდატანების პოლიტიკით, თუმცა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირმა ყველა ქვეყანას მოსთხოვა იმ სტანდარტების სრული დაკმაყოფილება, რომლებიც ევროპული ბაზრების ხელმისაწვდომობის საკითხს უკავშირდება. იმისათვის, რომ ამა თუ იმ პროდუქტმა ევროპულ ბაზარზე შეაღწიოს, ის უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ტექნიკურ ნორმას. ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ ამ ვალდებულების შესრულება ხელს შეუწყობს პოტენციური ინვესტორების მოზიდვას ამა თუ იმ ქვეყანაში.

ვიდრე კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება, გავიხსენოთ, რომ, 2009 წელს ამოქმედებული აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ხელი უკვე მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ესაა შეთანხმებები სავიზო რეჟიმის გამარტივების, რეადმისიის, სამოქალაქო ავიაციისა და გეოგრაფიული ინდიკატორების შესახებ.

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული პრინციპის მიხედვით, მეტს მიიღებს ის ქვეყანა, რომელსაც მეტი წარმატება ექნება და ეს პრინციპი თანაბრად შეეხება პროგრამაში ჩართულ ექვს ქვეყანას: საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინას, მოლდავეთსა თუ ბელორუსიას.
ირაკლი მენაღარიშვილი

”ევროკავშირი დგამს ნაბიჯებს, რომ პარტნიორი ქვეყნები - ამ შემთხვევაში, მისი აღმოსავლეთის პარტნიორები - რაც შეიძლება აქტიურად და შედეგიანად დაუახლოოს ევროპის საკანონმდებლო სივრცეს. ეს არის როგორც ლეგალური აქტები, ასევე პოლიტიკური პრაქტიკა ყველა სფეროში. მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და სახელმწიფოს მართვის პრინციპების თვალსაზრისითაც”, - აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი მენაღარიშვილი.

საქართველოს იმედი აქვს, რომ ის ერთ დღეს აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა თავისთავად აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა ამ მხრივ არანაირ კონკრეტულ დაპირებას არ იძლევა.

მეტიც, ზოგჯერ გამოითქმება მოსაზრება, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა სულაც არ ემსახურება მასში გაერთიანებული ქვეყნების ევროკავშირის სრულუფლებიან წევრებად მიღების პერსპექტივას და რომ ასეთი პერსპექტივა საერთოდ არ არსებობს.

თუმცა ეს საკითხი გარკვეულწილად სადავოდ გამოიყურება, თუკი ევროპარლამენტის თავმჯდომარის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ კომენტარებს გადავხედავთ. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იეჟი ბუზეკი უარყოფს სკეპტიკოსთა ვარაუდებს და ირწმუნება, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან არც ერთს არა აქვს ამ კარში ახლო მომავალში შესვლის შანსი. მართალია, მისი თქმით, ვითარება შესაძლოა მოულოდნელადაც შეიცვალოს ამ ქვეყნების სასარგებლოდ, ისევე როგორც ეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში მოხდა, მაგრამ ასეთი მოულოდნელობაც საკმაოდ ბევრ წელიწადს გულისხმობს. იეჟი ბუზეკის გამოთვლით, წინ ჯერ კიდევ 10 წელიწადზე მეტია ”დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებაზე ფიქრისთვის”, რის შემდეგაც ”ევროპის აღმოსავლეთ ნაწილზე ფიქრის ჯერი დადგება.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG