Accessibility links

logo-print

საია საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზას ქმნის


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას ქმნის. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 28 სექტემბერს - ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს - განაცხადეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) მონაცემთა ბაზას საკუთარ მონაცემებს შემატებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც. საერთო ბაზის ხილვა მსურველს საიას ვებგვერდზე შეეძლება.
ვითხოვ საჯარო ინფორმაციას ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ და უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის, სტუდია „მონიტორისთვის“, ყველაზე დახურული უწყება არის თბილისის მერია...

სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილი ჟურნალისტური გამოძიების პროცესში ყველაზე მეტ სირთულეს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის დროს აწყდება. ნანა ვერ იხსენებს შემთხვევას, როდესაც საჯარო უწყებას მისთვის საჭირო ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული წესით - ან დაუყოვნებლივ, ან 10 დღის ვადაში - მიეწოდებინა. ნანა ბიგანიშვილის სიტყვებით, საქმე, უკეთეს შემთხვევაში, ადმინისტრაციული სარჩელის დაწერით გრძელდება ან, უარეს შემთხვევაში, სასამართლომდე მიდის. ახლაც, იმის გამო, რომ მან თბილისის მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი ვერ მიიღო, ნანა სასამართლოს გზით ცდილობს ინფორმაციის მოპოვებას:

”7 ოქტომბერს მაქვს სასამართლო პროცესი. თბილისის მერიის წინააღმდეგ ორი სარჩელი მაქვს შეტანილი. ვითხოვ საჯარო ინფორმაციას ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ და უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის, სტუდია „მონიტორისთვის“, ყველაზე დახურული უწყება არის თბილისის მერია. გვქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც საქალაქო სასამართლომ დაგვიკმაყოფილა სარჩელი და მერიამ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და, ალბათ, საქმე უზენაეს სასამართლომდე მივა. მაგრამ წარმოიდგინეთ თვითონ სიტუაცია: მერია ასაჩივრებს სააპელაციოში საქმეს იმის გამო, რომ გაწელოს საქმე და არ მოგვცეს ის ინფორმაცია, რაც წესით და კანონით გვეკუთვნის.”

სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილი იხსენებს შემთხვევას, როდესაც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისთვის სასამართლომდე მისული საქმე 3 წელს გრძლდებოდა და იმით დასრულდა, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში დააბრუნა ისე, რომ პასუხი მაინც ვერ მიიღო.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს და მოიძიოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საიას ჰქონდეს გამოთხოვილი, და გამოიყენოს ეს ინფორმაცია...

საჯარო ინფორმაციის მიღება გაცილებით რთულია რეგიონებში, ვიდრე ცენტრში - ამას ამბობს ელისო ჯანაშია, ფოთში არსებული ინტერნეტგამოცემა tspress.ge-ს რედაქტორი. პრობლემაა არა მხოლოდ გამოთხოვილი ინფორმაციის დროული მიღება, არამედ ისიც, რომ ზოგიერთი უწყება დასმულ კითხვაზე პასუხს არასრულად იძლევა:

”არის შემთხვევები არასრული პასუხის. მაგალითად, ვითხოვთ გარკვეული შემსრულებელი კომპანიის შესახებ ინფორმაციას და ხარჯთაღრიცხვას. მოგვდის პასუხი შემსრულებელი კომპანიის შესახებ, მაგრამ ხარჯთაღრიცხვის შესახებ - არა, ან, საერთოდ, აბსურდული პასუხი მოგვდის.”

ასეთი არასრულყოფილი პასუხი კი გამოუსადეგარია ჟურნალისტისთვის, ამბობს ელისო ჯანაშია და იქვე შენიშნავს, რომ საჯარო უწყებას ეთვლება, რომ პასუხი გასცა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს გამართული პრეზენტაცია, რომელიც საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს, სწორედ ისეთ დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც საჯარო ინფორმაციას ეძებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ორგანიზაციის საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსდება ორგანიზაციის მიერ 2010 წლიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, ასეთი კი, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, 400-მდეა მიღებული სხვადასხვა საჯარო ორგანიზაციებიდან:
თამარ ჩუგოშვილი

”ბაზა და მისი საძიებო სისტემა არის ძალიან მოქნილი და მარტივი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს და მოიძიოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საიას ჰქონდეს გამოთხოვილი, და გამოიყენოს ეს ინფორმაცია, დამატებითი კითხვებით კი შეუძლია ოფისში მოგვმართოს.”

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საჯარო ინფორმაციის ბაზა ყოველდღიურად განახლდება და მას დაემატება ყველა ის პასუხი, რომელსაც საია სხვადასხვა უწყებებიდან მიიღებს. სამომავლოდ კი ორგანიზაცია გეგმავს მონაცემთა ბაზაში შეიტანოს 2008-2009 წლებში მიღებული პასუხებიც.

საიას საჯარო ინფორმაციის ბაზას გაამდიდრებს ასევე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია. როგორც ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი გვეუბნება, მათი ორგანიზაცია ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურების საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას გამოითხოვს ხოლმე და საკუთარ ვებგვერდზე - opendata.ge-ზე - აქვეყნებს. მიღებული პასუხების შესაბამისად, საჯარო უწყებების ანგარიშვალდებულების ხარისხს ადგენენ:
ძირითადად არის სტანდარტული კითხვები, რომლებიც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვას, საკომუნიკაციო ხარჯებს, საჯარო დაწესებულებების სახელფასო და საპრემიო ფონდებს...

”ძირითადად არის სტანდარტული კითხვები, რომლებიც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვას, საკომუნიკაციო ხარჯებს, საჯარო დაწესებულებების სახელფასო და საპრემიო ფონდებს, საწვავის ხარჯებს, ღონისძიებებს და პროგრამებს, რომელთაც საჯარო დაწესებულებები ახორციელებენ.”

გარდა სტანდარტული შეკითხვებისა, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას შეეხება, გიორგი კლდიაშვილის განმარტებით, ორგანიზაცია ისეთ ინფორმაციასაც გამოითხოვს ხოლმე, რომელიც მედიის ინტერესში ხვდება ან თავად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს სხვადასხვა კვლევაში სჭირდება. მიღებული პასუხების მიხედვით გაკეთებული ანალიზის საფუძველზე გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ ყველაზე უკეთ მათთან სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს და პასუხებს დროულად და ამომწურავად გასცემს, ყველაზე დახურულ უწყებებად კი გიორგი კლდიაშვილი ძალოვან უწყებებს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ასახელებს.
XS
SM
MD
LG