Accessibility links

logo-print

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ალასანიას ბრალდებებს არ პასუხობს


"თავისუფალი დემოკრატები" თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ყოფილი თანამშრომლის, ომის ვეტერანის, 57 წლის სერგო თეთრაძის დაკავებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ. ამასთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის სამინისტროს შენობასთან დღეს განცხადება გააკეთა და მინისტრ ბაჩო ახალიასა და დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მეგის ქარდავას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. ალასანიას ინფორმაციით, სერგო თეთრაძე 17 სექტემბერს, საკუთარ სახლში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს; მის ბინაში ჩხრეკა დამსწრეების გარეშე ჩატარდა. დაკავებულის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებმა 24 საათის განმავლობაში არ იცოდნენ, უცნობი იყო დაკავების მოტივიც. 24 სექტემბერს კი, ოჯახს გლდანის ციხიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა და შეეძლოთ ცხედარი სახლში წაესვენებინათ. "მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს, ამ უწყებას ჯალათების ჯგუფი ხელმძღვანელობს. "თავისუფალი დემოკრატები" არასდროს შეეგუებიან ამ ძალადობას და კანონით მინიჭებულ უფლებებს გამოიყენებენ მოძალადეთა პასუხისგებაში მისაცემად", - განაცხადა ალასანიამ. ალასანიას ბრალდებებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პასუხის არ გაუცია. "თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროში 2007 წლამდე მუშაობდა, 2007 წლიდან კი უმუშევარი იყო.
XS
SM
MD
LG