Accessibility links

logo-print
ლოს-ანჯელესში მაიკლ ჯექსონის პირად ექიმს ასამართლებენ

მიმდინარე კვირაში ლოს-ანჯელესში დაიწყო მაიკლ ჯექსონის - თანამედროვე პოპმუსიკის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავის - ექიმის სასამართლო პროცესი. ექიმს ბრალი ედება უყურადღებობაში, რამაც ჯექსონის სიკვდილი გამოიწვია.
მაიკლ ჯექსონი ორი წლის წინ, 2009 წლის 25 ივნისს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, სამედიცინო პრეპარატების გადაჭარბებული დოზის მიღებით. ბრალდების მხარე მის სიკვდილს ექიმს - კონრად მურეის - აბრალებს. სასამართლო პროცესის გახსნაზე პროკურორმა დევიდ ვალგრინმა თქვა, მუსიკოსი ექიმ მურეის თავის სიცოცხლეს ანდობდა და ის სწორედ ამ ნდობამ იმსხვერპლაო. პროკურორის განცხადებით, ექიმს მომღერლის ჯანმრთელობაზე მეტად თავისი უზარმაზარი ხელფასი - თვეში 150 000 დოლარი - აინტერესებდა.

ექიმის ადვოკატები კი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ჯექსონმა „თვითონ გამოიწვია“ თავისი სიკვდილი, დასაძინებლად წამლების დამატებითი დოზის თვითნებურად მიღებით. კერძოდ, ბრალდებულის დაცვა ირწმუნება, რომ დაღლილმა და გაღიზიანებულმა ჯექსონმა დაძინების მიზნით ექიმის ნებართვის გარეშე მიიღო შფოთის საწინააღმდეგო პრეპარატის დიდი დოზა, ხოლო როცა მიზანს ვერ მიაღწია, საანესთეზიო საშუალება პროპოფოლიც გამოიყენა. ეს კომბინაცია კი საბედისწერო აღმოჩნდა. „ის ისე სწრაფად, ისე მყისიერად გარდაიცვალა, რომ თვალების დახუჭვაც კი ვერ მოასწროო“, - უთხრა განსასჯელის ადვოკატმა სასამართლოს. ადვოკატის მტკიცებით, ვარსკვლავის სიკვდილის მომენტში ექიმი ოთახიდან გასული იყო.

პროცესს მაიკლ ჯექსონის ცნობილი მუსიკალური ოჯახიც ესწრება - მათ შორის მშობლები, ჯო და კეთრინი, და და-ძმები - ჯენეტი, ლა ტოია, ჯერმეინი, ტიტო და რენდი. პროცესის აუდიტორიას სამშაბათს დრამატული და უსიამოვნო მტკიცებულებები გააცნეს: აჩვენეს თეთრ ქსოვილში გახვეული მუსიკოსის გვამის ფოტო და მოასმენინეს აუდიოჩანაწერი, რომელიც სიკვდილამდე ორი თვით ადრე გაკეთდა და რომელშიც ჯექსონი გაურკვევლად, ლუღლუღით ლაპარაკობს და წამლების ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მყოფის შთაბეჭდილებას ტოვებს.

თუმცა სასამართლომ სხვა მასალებიც იხილა - სიკვდილამდე რამდენიმე დღის წინ გამართული რეპეტიციის ვიდეოჩანაწერი, სადაც ჯექსონი მღერის ცნობილ ჰიტს „The Way You Make Me Feel“. სიკვდილის წინ ვარსკვლავი ლონდონში 50 კონცერტის ჩასატარებლად ემზადებოდა - კონცერტების ციკლს „This Is It“ უნდა დარქმეოდა. სასამართლოს ჯექსონის სხვა გეგმებიც გააცნეს - რომ მას მსოფლიო ტურნეს გამართვა უნდოდა და თავისი ცნობილი ჰიტის, „Thriller“-ის მოტივებზე მხატვრული ფილმის პროექტზეც მუშაობდა. აქვე გეტყვით, რომ ამ ჰიტის შემცველი ალბომი „Thriller“-ი, რომელიც ჯეკსონმა 1982 წელს გამოუშვა, პოპულარული მუსიკის ისტორიაში საეტაპო, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, მნიშვნელოვან და გავლენიან ალბომად ითვლება.

თავად განსასჯელი - 58 წლის მურეი - ბრალდებას უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ მუსიკოსს საძილე საშუალებად ძლიერ საანესთეზიო პრეპარატს - პროპოფოლს - აძლევდა. ექიმის ადვოკატის თქმით, მურეი ცდილობდა შეემცირებინა ჯექსონის დამოკიდებულების ხარისხი ამ პრეპარატზე, რომელსაც თავად ვარსკვლავი „რძედ“ მოიხსენიებდა.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მურეის ოთხ წლამდე ემუქრება თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო პროცესი, გავრცელებული ვარაუდით, ოთხიდან ექვს კვირამდე გასტანს.

სიკვდილის წინა წლებში მაიკლ ჯექსონი სულ უფრო ექსცენტრიული ნაბიჯებით და უცნაური გარეგნული ცვლილებებით გამოირჩეოდა - ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ის საკუთარი თავის ერთგვარ კარიკატურადაც კი იქცა. მაგრამ ყველასათვის ნათელია, რომ მისი პოპულარობა არც ექსცენტრიკის შედეგი იყო და არც გამართლების. მაიკლ ჯექსონი ჭეშმარიტად არაორდინარული ნიჭით იყო დაჯილდოებული. როგორც ჯექსონის სიკვდილის შემდეგ ბრიტანული გაზეთ „გარდიანის“ კრიტიკოსმა დაწერა, ეჭვგარეშეა, რომ გამხდარი ახალგაზრდა კაცი, თავისი დაუჯერებელი პლასტიკით, დინამიკური, საოცარი რიტმების შემცველი სიმღერებით და ლამაზი სენტიმენტალური ბალადებით, თავისი თაობის ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო. ისეთივე მასშტაბის ვარსკვლავი, როგორებიც, წინა თაობებისთვის, ფრენკ სინატრა და ელვის პრესლი იყვნენ.


როკის ლეგენდარული ჯგუფი „R.E.M.“-ი დაიშალა
R.E.M.-ის კონცერტი, 2003 წელი

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „R.E.M.“-ი, რომელსაც ერთხელ „ამერიკის საუკეთესო როკ-ენ-როლის ჯგუფიც“ კი უწოდეს, დაიშალა, 30-წლიანი შემოქმედებისა და მილიონობით გაყიდული ჩანაწერის შემდეგ.

ეს ამბავი ფანებს თავად ჯგუფის წევრებმა ამცნეს თავიანთ ვებსაიტზე გამოქვეყნებული შეტყობინებით. მუსიკოსებმა მსმენელს მადლობა გადაუხადეს ერთგულებისთვის და თქვეს, ჩვენმა მიღწევებმა თავად ჩვენ გაგვაოგნაო.

„R.E.M.“-ის ჰიტებს შორის არის “Losing My Religion”, “The One I Love“, „Man on the Moon” და ბევრი სხვა. ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობა იყო მომღერალი მაიკლ სტაიპი, გიტარისტი პიტერ ბაკი, ბასისტი მაიკ მილსი და დრამერი ბილ ბერი, რომელსაც 1990-იანი წლების შუა პერიოდში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ჯგუფის დატოვება მოუხდა.

„R.E.M.“-ი მუსიკალურ სცენაზე 1980-იანი წლებში გამოჩნდა. ჩვენი რადიოს მსმენელისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ სიმღერას, რომელმაც ჯგუფს პირველი პოპულარობა მოუტანა და რომელმაც, მუსიკის კრიტიკოსების აზრით, ამერიკის როკ-სამყაროში იმ დროს დაწყებულ ახალ ტალღას დაუდო საფუძველი, სახელად „Radio Free Europe“ ერქვა: პირველი პოპულარობის მოპოვების შემდეგ, 1987 წელს, R.E.M-მა უკვე მუსიკალურ მეინსტრიმში დაიმკვიდრა ადგილი ჰიტით “The One I Love”. სააგენტო „როიტერსის“ მუსიკალური მიმომხილველი იხსენებს, რომ ავტორიტეტიანმა ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ ამავე წლის დეკემბრის ნომერში R.E.M-ის ფოტო ყდაზე გამოსახა და მას „ამერიკის საუკეთესო როკ-ენ-როლ ჯგუფი“ უწოდა. ამის შემდეგ ჯგუფი წლების მანძილზე უშვებდა პოპულარულ, საინტერესო და გავლენიან ალბომებს. 1990-იან წლებში R.E.M-მა ორი განსაკუთრებით წარმატებული ალბომი ჩაწერა - Out of Time და Automatic for the People.

ჯგუფის ბოლო - მეთხუთმეტე - ალბომი მიმდინარე წლის მარტში გამოვიდა. წლის ბოლომდე კი R.E.M-ი მთელი კარიერის მომცველი საუკეთესო ჰიტების კრებულის გამოშვებას გეგმავს.

„ერთ ბრძენ კაცს უთქვამს, როცა წვეულებაზე ხარ, მთავარია იცოდე, ის როდის უნდა დატოვოო. ჩვენ ერთად არაჩვეულებრივი რამ შევქმენით. ახლა კი დრო დადგა ეს დავამთავროთო“, - ამბობს R.E.M-ის ქარიზმატული ვოკალისტი, მაიკლ სტაიპი, გავრცელებულ განცხადებაში.

ჯგუფის წევრების თქმით, ისინი კვლავ საუკეთესო მეგობრებად რჩებიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG