Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ დოჩანაშვილი - მწერალი


18 სექტემბერი, კვირა
ახლა ვმუშაობ ავტობიოგრაფიულ რომანზე. პირველი წიგნი გამოვიდა და ეს მეორეა. შეძლებისდაგვარად ვიხსენებ ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, რაც მიმაჩნია, რომ მკითხველს შედარებით უფრო აღუძრავს ცნობისწადილს. ის პირველი წიგნი დაახლოებით სტუდენტობით მთავრდება, ეს იქნება სტუდენტობის შემდეგი პერიოდი...

როგორც მოგახსენეთ, რაც უფრო მახსენდება იმაზეა ეს წიგნი. პირველად როგორ მივედი რედაქციაში, შვილების დაბადება... რა ვიცი... ეს ყველასათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც, მათ შორის.

ეგ მოგონებები როგორ არის იცით? მაგალითად, ჩემს საყვარელ ხელოვანებზე ვწერ; იქ ესეიც ბევრია. მარტო ჩემი ბიოგრაფია რომ მოვყვე - სად წავედი, სად მოვედი და სად ვიყავი - ეგრე არ გამოვა. ავტობიოგრაფიაში ისიც შედის, თუ ვინ წაიკითხე და ვინ მოგანიჭა უდიდესი ბედნიერება. ვინმეს არ ეგონოს მარტივად ნახმარი სიტყვა - ეს ბედნიერება არის, დიდი შრომით მოპოვებული, იმიტომ რომ მკითხველის შრომა ძალიან დიდი შრომაა. მე კარგ მკითხველს ვგულისხმობ და არა იმას დროის გასაყვანად რომ კითხულობს; რა ვიცი, კიდევ რისთვის კითხულობენ და როგორ კითხულობენ...

ესეები მაქვს - ერთ-ერთ ჩემთვის ძალიან დიდ მწერალზე ვწერ. ამას ენაცვლება სხვა ადგილები... ბევრ, 30-მდე ექსპედიციაში ვიყავი და აღწერილი მაქვს არქეოლოგიური გათხრები. და ამას ვანაცვლებ, მონოტონური რომ არ იყოს და რაღაცნაირად ცალმხრივი; ნაკლებად მოსაწყენი მინდა გავხადო...

გურამ დოჩანაშვილი - მწერალი
გურამ დოჩანაშვილი - მწერალი
please wait

No media source currently available

0:00 0:11:11 0:00
გადმოწერა


19 სექტემბერი, ორშაბათი
არქეოლოგიაში ვმუშაობდი. ძალიან ბევრი რამ მომცა - სამშობლოს შეცნობისთვის არქეოლოგია უებარი საშუალებაა. მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული და მუსიკაც ძალიან მეხმარება. ეს ორი დარგი, მუსიკა და არქეოლოგია, მთელ ცხოვრების განმავლობაში ჩემთვის ძალიან დიდი საყრდენი იყო და ახლაც არის. მიწერია კიდევაც ამაზე და ხშირად ვამბობ - ხელოვნების მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, რომ ადამიანი გახდეს უკეთესი. ეს იქნება მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა, ნახატის ნახვა თუ მუსიკის მოსმენა - ყველაფერ ამის შემდეგ ადამიანი უნდა გახდეს იმაზე უკეთესი ვიდრე იყო. ამ თანამედროვე პოპ - და რაღაცმუსიკების მოსმენის შემდეგ რა უკეთესი უნდა გახდე, არ ვიცი... ნაყოფსაც კი ემჩნევა დედის მუცელში, როდესაც უსმენს ბახს, მოცარტს - თურმე მშვიდი სუნთქვა აქვს, გულისცემა... და რომ მოასმენინებენ დედის მუცელში ამ რაღაც არეულ-დარეულ მუსიკას - (”ცუნამის” ვეძახი მაგას, შეურაცხყოფით კი არა, შესაფერისი სიტყვაა) - იმან რა უკეთესი უნდა გახადოს ადამიანი?.. არამცთუ ადამიანი, დასაბადებელ ბავშვსაც კი ერევა გულისცემა და სუნთქვა. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად გვასმენინებენ ასეთ მუსიკას. კიდევ კარგი, ახლა საპატრიარქოს ტელემაუწყებლობასა და რადიოში სულ ისმის კლასიკური მუსიკა, რომელიც ამშვიდებს და ამაღლებს ადამიანს... ჩვენი ხალხური სიმღერები - თავი და თავი ჩვენთვის...

20 სექტემბერი, სამშაბათი
სულ მიკვირს ხოლმე, როდესაც გამოჩნდნენ კარგი მწერლები და ამბობდნენ, დღეში 300-400 სიტყვა უნდა წეროო. გეგმასავით აქვთ და შეიძლება, ვერაფერი ვერ დაწეროს კი არა, ბევრი წეროს, მაგრამ დასატოვებლად ხუთსიტყვიანი წინადადებაც არ გამოვიდეს. ასე რომ, ჩემთვის ვერ გამოდის ”გეგმის” მიხედვით მუშაობა; უბრალოდ, ასე ვერ შეძლებს ადამიანი, ჩარხთან რაღაც დეტალების დამზადება ხომ არ არის?.. ხანდახან წავა მუშაობა და ხანდახან ვერა... წავა კი არა, მოვა.

21 სექტემბერი, ოთხშაბათი
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ძნელი ხდება წერა. ეს ეგრეთ წოდებული გამოცდილება კი არ აადვილებს პირიქით, მეტ პასუხისმგებლობას აჩენს. წერა გაცილებით ძნელი და ძნელია... სულ თავიდანვე, 20 წლიდან მოყოლებული... 25 წლის ასაკში უფრო ძნელი იყო, 30 წლის ასაკში კიდევ უფრო ძნელი, კიდევ და კიდევ... ვიმეორებ, პასუხისმგებლობა იზრდება და ამიტომ მეტ დატვირთვასა და მეტ შრომას მოითხოვს.

ადრე შემეძლო დღეში 12-14 საათს მემუშავა, ახლა 6-8 საათზე მეტს ვერ ვმუშაობ. მუშაობასაც გააჩნია: გადაწერა სხვა არის, გადამუშავება სხვა; სხვადასხვა ტიპის სამუშაოა. მუშაობაა ისიც ბევრჯერ რომ გადაწერ და მანქანაზე დაბეჭდავ, ამის დროსაც ხდება შესწორებები. საერთოდ, მწერლის და ხელოვნის მუშაობა არ არის ცხრიდან ექვსამდე რეჟიმი, რომ დაამთავრებს და გინდაც ტელევიზორს უყურებს, მაშინაც შრომობს, იმიტომ რომ რაღაც უნდა აწონ-დაწონოს, გადაამუშაოს. ასე რომ, ადამიანს მთელი დღის განმავლობაში უწევს მუშაობა... მაგრამ მაგიდასთან უფრო მეტი დატვირთვაა და იმის თავის მოყრა, რაც საგულისხმოდ მიგაჩნია, და კიდევ ფურცელზე გადატანა... ეს დასკვნების გამოტანაზე ძნელია.

22 სექტემბერი, ხუთშაბათი
ვერავის დავასახელებ ახალგაზრდა მწერლებიდან, ვინმე რომ დავასახელო, ყველაფერი წაკითხული უნდა მქონდეს. ნამდვილად ვიცი ათამდე უკვე კარგი, იმედის მომცემი კი არა, უკვე კარგი ახალგაზრდა მწერალი. ეს ”ახალგაზრდაც” ძალიან პირობითი სიტყვაა: ზოგი 25 წლამდე ეძახის, ჩემ დროს 35 წლამდე ითვლებოდა. ეს ათი ძალიან დიდი რიცხვია და ძალიან გასახარებელია, თან ასეთ დაძაბულ დროში, როცა ათასი გარე თუ შინაური მტერია, ქიშპი და ერთმანეთის შუღლი... როგორც წესი, ქვეყანას როცა უჭირს ასე მაშინ უფრო ხდება.

”მნათობში” ვმუშაობდი ერთ დროს, პროზის განყოფილებაში, და სამსახურებრივად რომ მეკუთვნოდა, მაშინ არ ვკითხულობდი ამდენს, ახლა რომ ვკითხულობ. ახალგაზრდებისთვის უარის თქმაც მეძნელება. ოღონდ ახლა ისეა საქმე, რომ ასაკის გამო იძულებული ვარ უარი ვთქვა ტექსტების წაკითხვაზე, რადგან ძალიან ვიძაბები... იმას როგორ აუვიდე არ ვიცი, რისი გაკეთებაც გადავწყვიტე... არადა, ხანდახან ვკითხულობ და ისეთ ბედნიერებას ვგრძნობ... ყველა არ არის ასეთი.

იმ ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, - ღმერთმა ყველაზე სამართლიანად ჭკუა გაანაწილა, არავინ არ ჩივის რატომ დამაკლოო, - ყველას თავისი ნაწარმოები კარგი ჰგონია. რედაქციაში სხვა იყო - უარს რომ ეტყოდი დაბეჭდვაზე, გაცილებით ძნელი იყო და მტკივნეულად განიცდიდა, ყველას ეგონა, რომ მისი ნაწარმოები მანდვილად დასაბეჭდია და კარგი. აქ კი, მხოლოდ მეგობრული რჩევებია და მაგ მხრივაც გაცილებით სასიამოვნოა ურთიერთობა, მაგრამ რაოდენობასაც გააჩნია - ჩემი დრო კი არ მენანება, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ შევძლებ, ასაკის გამო ვერ ავწევ ამდენ ტვირთს.

23 სექტემბერი, პარასაკევი
იმდენი კარგი, ნაკითხი ბავშვი მოდის... იმათ ვერ შეამჩნევ, ისინი წყნარად არიან, თავისთვის მუშაობენ. არიან ისეთებიც, რომელთა საქციელიც ყვირის. ამათ რომ შეხვდებიან, მერე ბევრს ჰგონია, რომ ყველა ასეთია, მაგრამ ასე არ არის. მშვენიერი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც თავისი მართლა ნიჭით და მართლა მონდომებით იღებენ განათლებას, იზრდებიან. კიდევ გეუბნებით, ესენი წყნარად არიან და ისინი უფრო ჩანან, სამწუხაროდ. იმათი ბრალიც არ არის, ისეთი ძნელი დრო დაემთხვა... მაგრამ, აი ქუჩაში ნაგავს რომ უფრო შეამჩნევს კაცი ისეა, იმიტომ რომ საქციელით, რაღაცით გამოირჩევიან... მით უმეტეს, ოღონდ ეს ათქმევინე ზოგიერთ ტელემაუწყებელს... ეს მოკლეს... ის დაწვეს... ცუდი, ცუდი, ცუდი... არ ვიცი, ამით რა ჰგონიათ - თვითონ კარგები გამოდიან, სხვა თუ ცუდია და ამას მაგით უსვამენ ხაზს?..

თურმე იმდენი პრემიები აქვთ მიღებული ქართველ ახალგაზრდებს ტექნიკურ მეცნიერებებში - ქიმიაში, ფიზიკაში. შვეიცარიაში ვიყავი და გავიგე რამდენიმე არაჩვეულებრივი, იმედის მომცემი ფიზიკოსი გვყავს. ვყოფილვარ მათთან - ერთი-ორგან წამიყვანეს. ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ, მაღალი სტიპენდიები. საიდან უნდა მცოდნოდა მათ შესახებ? ეგეთი ნაღდი ხალხი წყნარად არის. ღმერთმა ქნას, რომ მერე სამშობლოში დაბრუნდნენ. როგორც ადრე იყო: უცხო ქვეყნებში - გერმანიაში, ინგლისში, რუსეთში იღებდნენ განათლებას და მერე აქ ბრუნდებოდნენ... მერე პირიქითაც იყო: აქ ისწავლეს და შემდეგ წავიდნენ. იმათაც არ გაემტყუნებათ, რამდენი წავიდა იმ ძნელ, უაღრესად ძნელ წლებში, იქ მეტი ისწავლეს. დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი. ღმერთმა ქნას, თავის სამშობლოს მოახმარონ ის ცოდნა, რასაც იქ მიიღებენ.

24 სექტემბერი, შაბათი
ლიტერატურაზე ვიტყვი: ბედნიერება იქნება ჩვენთვის, რომ უპირველეს წასაკითხად მიაჩნდეთ ისეთი მწერლები, როგორიცაა ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, რეზო ინანიშვილი, გოგლა ლეონიძე, ძმები ჭილაძეები, თამაზ ბიბილურს აქვს არჩვეულებრივი ნაწარმოებები, გოდერძი ჩოხელი... და არა ისეთი მწერლები - ახლა რომ გამოჩნდნენ. სათაურებიც კი არ მახსოვს, ვიღაცები რომ რაღაცებს წერენ... იცით, ისინი რატომ და რის მიხედვით არიან კარგი მწერლები? თავიანთ მშობლიურ ნიადაგზე დგანან. სერვანტესი იმიტომ ვერ გახდა საყოველთაოდ მიღებული, რომ ესპანელი იყო? იმ სიდიადით, რაც მას სამშობლომ მისცა, ის გახდა ყველასთვის მშობლიური და ახლობელი... ესენი კიდევ... ეგრე არაფერი გამოვა...

კი, არის ერი, დასახელება აუცილებელი არ არის, რომელსაც არც მუსიკოსი ჰყავს და არც მწერალი, ისინი რომ მიეკედლონ სხვას კიდევ გასაგებია, მაგრამ...

მე იმას კი არ ვამბობ, რომ მარტო ქართული უნდა იკითხონ, მაგრამ თავი და თავი უნდა იყოს მშობლიურ ნიადაგზე დგომა და მერე, რა თქმა უნდა, უდიადესი წყალობა - მთელი მსოფლიოს ლიტერატურა და შემოქმედება...

მაგრამ ეს მწერლები უნდა ახსოვდეთ... რა პოეტები გვყავდნენ: ქალბატონი ანა, ბატონი შოთა ნიშნიანიძე, მურმან ლებანიძე... რა ვიცი, მაგათი ჩამოთვლა კიდევ ძალიან შორს წაგვიყვანს, ვიცი, რომ ბევრი გამომრჩება...

ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია უპირველეს ყოვლისა დავეყრდნოთ ჩვენს მშობლიურს და, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად შევიძინოთ მთელი მსოფლიოს ლიტერატურის მიღწევები.
XS
SM
MD
LG