Accessibility links

”პოლიტიკური ინფარქტი გეგუთის ციხეში” - ამ სათაურით ”რეზონანსში” ქვეყნდება სტატია პატიმრობაში მყოფი ებრაელი ბიზნესმენების ზეევ ფრენკელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რონი ფუქსის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ. სტატიის ავტორის ერთ-ერთი რესპონდენტის, გია ხუხაშვილის თქმით, გახმაურებულ ინფორმაციაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დუმილი ყველაზე უგუნური საქციელია და ამან შეიძლება სერიოზული მძიმე შედეგები მოიტანოს როგორც ისრაელთან, ისე სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში.

ციხეებში არსებულ პრობლემებზე დღეს ბევრს წერს ”ალია”. მოძრაობის ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერი ეკა ბესელია გაზეთის კორესპონდენტს ეუბნება: ”ეს არის ცინიზმი, როდესაც 6 თვის განმავლობაში გარდაცვლილია 70-ზე მეტი პატიმარი. ამიტომ კალმახელიძე თავისსავე ციხეშია მისაბრძანებელი...”. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე კი ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ჰყვება წამების მეთოდზე, როცა პოლიტპატიმარს საკანში ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პაციენტს უსახლებენ.

დღევანდელ პრესაში კვლავაც გრძელდება პარლამენტის 27 სექტემბრის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის განხილვა. პეტრე მამრაძესა და აკაკი ბობოხიძესთან ინტერვიუები ქვეყნდება ”რეზონანსში”. მამრაძე ამბობს, რომ არ აპირებს სასამართლოში უჩივლოს ბობოხიძეს: ”კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა ადამიანი ასე იქცევა, ის საკუთარ თავს და ოჯახს აყენებს შეურაცხყოფას და არა იმ ადამიანს, ვისზეც ძალადობს. კაკო ბობოხიძე კიდევ ბევრს ჯობია იმ პარლამენტში”. აკაკი ბობოხიძე კი ამბობს: ”ვწუხვარ, რომ 47 წლის ასაკში მომიწია იმის გაკეთებამ, რაც მომიწია, მაგრამ მზად ვარ, გავიმეორო იგივე, თუმცა ამის არანაირი სურვილი არა მაქვს”. პეტრე მამრაძემ კი ”ალიას” უთხრა, რომ სწორედ იმიტომ მოითმინა ფიზიკური შეურაცხყოფა, რომ სპორტსმენია: ”მე დამირეკეს ცნობილმა მოკრივეებმა და მომიწონეს საქციელიო”.

”სააკაშვილი იმდენს დათმობს, რამდენიც გაუჭირდება”, - ეუბნება ”ახალ თაობას” კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი: ”რაც მეტი იქნება აქტიურობა, მით მეტი იქნება დათმობა, დამერწმუნეთ. ამ დათმობების ხარჯზე შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩეს. ძალიან მძიმე სოციალური ფონია.”

”ქართველთა მარშის” შესახებ გრძელდება მსჯელობა დღევანდელ გაზეთებშიც. კახა შარტავა ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ”ხელისუფლებამ ასეთი აქცია რომ ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაავრცელოს ინფორმაციები, რომ ეს აქციები რუსეთის მხრიდან ფინანსდება, ამიტომ არის საჭირო პარტიების კონსოლიდაცია და ისეთი ფორმის მიცემა, რაც დასავლეთისთვის გასაგები გახდება.”

დღეს, 28 სექტემბერს, ახალ ზელანდიაში ქართველი მორაგბეების მიერ რუმინეთის ნაკრების დამარცხებაზეც წერენ. ”24 საათი”: ”მიზანი, რომელიც ქართველ მორაგბეებს მსოფლიო თასის დაწყებამდე ჰქონდათ, შესრულდა. ”ბორჯღალოსნებმა” რუმინეთი დაამარცხეს და მსოფლიო სარაგბო თემს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველოს ნაკრები სხვა, ახალ განზომილებას იმსახურებს, სადაც დიდი გუნდები ისევე კარგად გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში. ამჯერად უკვე მთელი მსოფლიოს თვალში ნათელი გახდა, რომ რიჩი დიქსონის ნაკრები მთელი თავით მაღლა დგას ერთა თასის მონაწილე გუნდებთან შედარებით და ახალი ასპარეზი სჭირდება”. ”საქართველოს რესპუბლიკა” საქართველო-რუმინეთის მატჩზე: ”ქართული რაგბის გარიჟრაჟზე ბევრი რამ ვისწავლეთ რუმინელებისგან, რომლებმაც სოციალისტური ბანაკის ქვეყნების წარმომადგენელთაგან პირველებმა დააჭაშნიკეს ინგლისში დაბადებული ვაჟკაცობისა და ჯენტლმენობის ეს საოცარი სინთეზი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და, როგორც არცთუ იშვიათად ხდება ხოლმე, შეგირდები ხშირად უგებენ ამა თუ იმ დონის შეხვედრებს მასწავლებლებს”.
XS
SM
MD
LG