Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტოვებული შენობის მესაკუთრეებისათვის სანქციები ამოქმედდება


ცვლილებები შედის კანონში "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ". მიმდინარე კვირის დასაწყისში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, კანონში უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დგინდება, რომლის მიხედვითაც, თბილისში, საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ზონებში არსებული არაფუნქციონირებადი, მიტოვებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეები ვალდებულნი იქნებიან მშენებლობა გარკვეულ ვადებში დაასრულონ. წინააღმდეგ შემთხვვევაში მათ ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ, ხოლო თუკი ჯარიმის გადახდა ვერ მოხერხდა, ქონება ჩამოერთმევათ.
სანქციები ამოქმედდება მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც არ შეიძლება, რომ ნახევრად დანგრეული შენობები იდგეს...

კანონპროექტში, რომელიც უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს ადგენს, განმარტებულია, რომ ახალ სანქციებს ის ე.წ. მიტოვებული შენობა-ნაგებობები დაექვემდებარება, რომელთაც აღარც საცხოვრებელი და აღარც კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი ფუნქცია აღარ გააჩნიათ. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ ანჯაფარიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში კანონპროექტის დეტალებს ხსნის და ამბობს, რომ ახალი სანქციები დედაქალაქში არსებული ყველა მიტოვებული შენობა-ნაგებობისათვის არ ამოქმედდება:

”უბნების მიხედვით შეიქმნება ზონები, ანუ სანქციები ამოქმედდება მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც არ შეიძლება, რომ ნახევრად დანგრეული შენობები იდგეს. საუბარია, უმეტესწილად, ცენტრალურ უბნებზე. აღნიშნული ზონების მიხედვით, შენობის მესაკუთრეებს მიეცემათ ვადა, რომ აიღონ სამშენებლო ნებართვა, რათა მათ შენობის იერსახე აღადგინონ”, - ამბობს კახაბერ ანჯაფარიძე.

მშენებლობის ნებართვის აღების ვალდებულება ასევე გავრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ პირი ისეთ მიწის ნაკვეთს შეიძენს, რომელზეც ადრე მდგომი შენობა-ნაგებობა დანგრეულია ან თვითონ დაანგრევს.
კანონპროექტის მიხედვითვე, თუ პირი 6 თვეში მშენებლობის ნებართვას არ აიღებს, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო მას "დარღვევის" გამოსასწორებლად გონივრულ ვადას მისცემს. იმ შემთხვევაში კი, თუ პირი ამ გონივრულ ვადაშიც ვერ ჩაეტევა, მას ჯარიმა დაეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ეს ჯარიმა კი პირის საკუთრებაში არსებული ქონების საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 10 თეთრიდან 1 ლარის ფარგლებში იქნება. აღნიშნული ჯარიმის დარიცხვა მაშინვე შეწყდება, როგორც კი პირი მშენებლობის ნებართვას აიღებს, მაგრამ არაუგვიანეს მითითების გაცემიდან 6 თვეში.
იმ შემთხვევაში, თუკი მესაკუთრემ არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა, შვიდი თვის შემდეგ შენობის რეალიზაცია მოხდება...

როგორ განვითარდება მოვლენები, თუკი მიტოვებული შენობის მესაკუთრე ვერ მოახერხებს ჯარიმის გადახდას? ამ კითხვის პასუხად, კანონპროექტის კიდევ ერთი ავტორი, პარლამენტის უმრავლესობის წევრი ანდრო ალავიძე ამბობს:

”იმ შემთხვევაში, თუკი მესაკუთრემ არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა, შვიდი თვის შემდეგ შენობის რეალიზაცია მოხდება. ადგილობრივი თვითმმართველობა აღსრულების კანონის შესაბამისად იმოქმედებს.”

ნიკო კახეთელიძე, ექსპერტი უძრავი ქონებისა და მშენებლობის საკითხებში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ თითოეულ შენობას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს ნაწილობრივ ეთანხმება, ის გარკვეულ კორექციებს საჭიროებს:
შესაძლებელია გარკვეული საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევა, მაგრამ კანონი, საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ითვალისწინებს, რომ აუცილებელია ამაზე არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილება...

”არის შენობები, რომლებიც, მაგალითად, 15-20 წელია, რაც მიტოვებულია. იმის გარდა, რომ ასეთი შენობები ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, ისინი საფრთხესაც შეიცავენ. მაგალითად, ასეთ შენობებში ხშირად თამაშობენ ბავშვები და არის იმის საშიშროება, რომ მათ იმ ტერიტორიაზე გარკვეული დაზიანებები მიიღონ. ამიტომ მე მომხრე ვარ, რომ გატარდეს გარკვეული სანქციები. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არის ისეთი შენობები, რომლებმაც, ვთქვათ, კრიზისული პერიოდის დროს მესაკუთრე შეიცვალა. ამიტომ ბუნებრივია, რომ არ შეიძლება ასეთ სიტუაციაში გათვალისწინებული არ იყოს კონკრეტული კომპანიის თუ ადამიანის მდგომარეობა, თუ რატომ ვერ ახერხებს ის შენობის დასრულებას”, - ამბობს ნიკო კახეთელიძე.

ნესტან ლონდარიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, კანონპროექტს, რომელსაც, ავტორების ვარაუდით, პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, არაკონსტიტუციურს უწოდებს და ამბობს, რომ ის პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, სადაც მითითებულია, რომ საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია:

”რა თქმა უნდა, შესაძლებელია გარკვეული საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევა, მაგრამ კანონი, საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ითვალისწინებს, რომ აუცილებელია ამაზე არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილება და საზოგადოებრივი საჭიროება. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ მიუთითებს, რომ სარგებლობის უფლება ასევე ითვალისწინებს ქონებით არსარგებლობის უფლებას, ანუ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს ქონება, რომლითაც ის არ სარგებლობს ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ისარგებლებს. ეს მისი უფლებაა. აღნიშნული კანონპროექტი კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ უფლებას და ავალდებულებს პიროვნებას, რომ მან ეს საკუთრება ან გამოიყენოს, ან მას ეს ქონება საკუთრებაში ვერ ექნება.”

ნესტან ლონდარიძე იმასაც ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა - კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი - ავალდებულებს პირს, რომ მან ქონებას მოუაროს და ის აქვე აღნიშნული ვალდებულების მიზეზსაც ხსნის:

”პირს მხოლოდ მაშინ შეიძლება დაევალოს ქონების მოვლა-პატრონობა, თუკი გარკვეული ქონების მდგომარეობა საზოგადო ინტერესს ეწინააღმდეგება.”
XS
SM
MD
LG