Accessibility links

logo-print

"საია" ინტერნეტში დახურული საუბრების მონიტორინგს ასაჩივრებს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ”ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონის იმ ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს უფლებას აძლევს ინტერნეტსივრცეში დახურული საუბრების მონიტორინგი სასამართლოს ნებართვის გარეშე განახორციელოს. საია აცხადებს, რომ კანონის ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და მე-20 მუხლებს და ირღვევა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და ”ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის კონკრეტული ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. საუბარია იმაზე, რომ კანონში 2010 წელს შეტანილი ცვლილების თანახმად, სამართალდამცველებს შეუძლიათ დააკვირდნენ ინტერნეტში დახურულ საუბრებს სასამართლოს ნებართვის გარეშე. საია მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა შეფასდეს არა მხოლოდ როგორც პირად ცხოვრებაში ჩარევა, არამედ როგორც საფრთხეც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის.
სადაც წერია, რომ ნებისმიერ კომუნიკაციაში ფარული ჩარევის შემთხვევაში უნდა არსებობდეს ან აუცილებლობის ვითარება, ან სასამართლოს ბრძანება...

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ”ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონი ბუნდოვნად და არასრულად აწესრიგებს ინტერნეტსაქმიანობის კონტროლს და თუ სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებისას მეტ-ნაკლებად დაცულია პირადი ცხოვრების უფლება, ამ შემთხვევაში (კანონის მე-7 მუხლის ”მ” ქვეპუნქტი), როდესაც ადამიანის მიერ ინტერნეტკომუნუკაციის შემოწმებას თუ გამოყენებას ეხება საქმე, ეს გარანტიები სათანადოდ დაცული აღარ არის და ვფქირობთ, რომ უკავშირდება პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლების დარღვევას”, - აცხადებს საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ თუ, მაგალითად, შესაბამის ორგანოებს კანონით სატელეფონო საუბრების მოსმენა სასამართლოს ნებართვის გარეშე არ შეუძლიათ, იგივე წესი არ ვრცელდება ღია და დახურული ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგის შემთხვევაში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლს:

”სადაც წერია, რომ ნებისმიერ კომუნიკაციაში ფარული ჩარევის შემთხვევაში უნდა არსებობდეს ან აუცილებლობის ვითარება, ან სასამართლოს ბრძანება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი არც ერთი არ არსებობს.”

გიორგი გოცირიძე ლაპარაკობს აღნიშნული ნორმის მეორე ნაკლოვანებაზეც, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება და ამბობს, რომ რომელიმე სოციალურ ქსელში ადამიანებმა შესაძლოა შექმნან დახურული ჯგუფი, რომელიც მათი ურთიერთობის ადგილი ხდება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათი საუბარი ოპერატიულმა სამსახურებმა სასამართლოს ნებართვის გარეშე აკონტროლონ. გამოხატვის თავისუფლების უფლება შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიზღუდოს, თუ კონკრეტული ჯგუფის ქმედება სხვას ზიანს აყენებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ზიანის ადრესატი სასამართლომ უნდა დაადგინოს, აცხადებს გიორგი გოცირიძე.
სამართალდამცავ ორგანოებს ეძლევათ საშუალება მონიტორინგი განახორციელონ ღია ურთიერთობებისა - იქნება ეს ფორუმზე თუ სოციალურ ქსელში - და თავად მიიღონ მასში მონაწილეობა, ანუ ჩაერთონ ამ საუბარში...

იგულისხმება თუ არა დახურულ საუბრებში, მაგალითად, საკუთარი ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმოწერა, ან თუნდაც ფორუმსა თუ სოციალურ ქსელში ორ ადამიანს შორის გაგზავნილი წერილები და შეუძლიათ თუ არა ოპერატიული სამძებრო სამსახურის თანამშრომლებს მათი ე.წ. მონიტორინგიც? - ეს კითხვა დავუსვით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრს კახაბერ ანჯაფარიძეს და საიას მიერ გასაჩივრებული ნორმის განმარტებაც ვთხოვეთ:

”თუ გამოძიების პროცესში ხდება კონკრეტული პირების თვალთვალი და მათი საუბრების მოსმენა, ცხადია, ეს ხდება სასამართლოს ნებართვის საფუძველზე. ამ ნორმაში სხვა რამეზეა ლაპარაკი: სამართალდამცავ ორგანოებს ეძლევათ საშუალება მონიტორინგი განახორციელონ ღია ურთიერთობებისა - იქნება ეს ფორუმზე თუ სოციალურ ქსელში - და თავად მიიღონ მასში მონაწილეობა, ანუ ჩაერთონ ამ საუბარში. სხვანაირად ამას ჩანერგვას უწოდებენ და ხდება იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ცნობილი გახდება რაღაც დანაშაულის შესახებ. და ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ორი ან სამი ადამიანის პირადი მიმოწერის ნახვას, ვთქვათ, ფოსტით მიწერილი წერილების წაკითხვას.”

საია კი საკონსტიტუციო სასამართლოსგან პასუხს ელოდება. მთავარი მოთხოვნა კი ის არის, რომ სამართალდამცველი პირების მიერ დახურული ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგს საფუძვლად სასამართლოს ბრძანება უნდა ედოს.
XS
SM
MD
LG