Accessibility links

ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინი და ვარაუდები


29-30 სექტემბერს ვარშავა მასპინძლობს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს, რომელზეც მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული 6 ქვეყნის წარმომადგენლებს ხვდებიან. 29 სექტემბერს, თბილისის დროით 21 საათზე, სამიტი მონაწილე ქვეყნების ლიდერთა ვახშმით გაიხსნა, ხოლო 30 სექტემბერს გაიმართება პლენარული სესია. გეგმის თანახმად, სამიტის მონაწილეები მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციების მიხედვით, მთავარი საკითხი, რასაც ვარშავის სამიტზე შესთავაზებენ საქართველოს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას უკავშირდება.

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნები - საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და უკრაინა - სამიტზე პრეზიდენტების დონეზე არიან წარმოდგენილი, მოლდავეთი - პრემიერ მინისტრის დონეზე, ხოლო სანქციების გამო ევროკავშირზე განაწყენებულ ბელორუსიას წარმოადგენს ამ ქვეყნის ელჩი პოლონეთში. ევროკავშირი ირწმუნება, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში მოქმედებს პრინციპი - მეტი პროგრესი მეტი შედეგის სანაცვლოდ - და, შესაბამისად, ჩამოთვლილი 6 ქვეყანა ვარშავის სამიტისგან თანაბარ შედეგებს არ მოელის.

მაგალითად, ამ ეტაპისთვის დასრულების ფაზაშია მოლაპარაკებები უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ერთ-ერთი კომპონენტის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო. აქვე უნდა ითქვას, რომ ხსენებულ თემებზე მოლაპარაკებები ევროკავშირმა უკრაინასთან ჯერ კიდევ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ამოქმედებამდე (2007-2008 წლებში) მიიღო. კიევი მოელის, რომ ვარშავის სამიტზე მოლაპარაკებათა დასრულების თარიღები უნდა გამოცხადდეს. მოლდავეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის შემთხვევაში ასოცირების შესახებ შეთამხმების გარშემო მოლაპარაკებები ევროკავშირმა 2010 წელს დაიწყო. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ 4 ქვეყნიდან მომდევნო ნაბიჯის გადადგმის შანსი - ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის მიმართულებით - ამ ეტაპზე მხოლოდ ორ ქვეყანას - საქართველოსა და მოლდავეთს აქვს. სომხეთზე არაფერია ნათქვამი, ხოლო აზერბაიჯანს ამ ეტაპზე ის ფაქტი უშლის ხელს, რომ ის არ არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი.
სამიტმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემისა და კანონის უზენაესობის საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებსა და პრინციპებს...

რაც შეეხება ბელორუსიას, 2010 წლის დეკემბერის მოვლენების გამო და მინსკის მიერ სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი დევნისა და რეპრესიების გამო, ევროკავშირმა შეზღუდა თანამშრომლობა ბელორუსიასთან აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. ამ თანამშრომლობის მომავალი ბელორუსიაში დემოკრატიის პატივისცემის პერსპექტივებზეა დამოკიდებული.

საქართველო, რომელიც ასოცირების შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გასული წლის ივლისიდან აწარმოებს, მომდევნო ნაბიჯის გადადგმას ვარშავის სამიტის ფარგლებში ელოდება. საუბარია მოლაპარაკებების დაწყებაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის ინფორმაციით, საქართველო ევროკავშირისგან კონკრეტული თარიღების დასახელებას მოელის.

შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ქართულ პროდუქციას ევროპულ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს, მაგრამ, ცხადია, არა მაშინვე, როდესაც ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყება. ამისათვის საქართველოს ტექნიკური საკითხების მოგვარება და ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება ევალება.

ცხადია, ვაჭრობა ერთადერთი საკითხი არ იქნება, რომელიც ვარშავის სამიტზე განიხილება. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ”სამიტი განიხილავს პროგრესს პარტნიორობის მთავარ საკითხებთან დაკავშირებით” და ეს მთავარი საკითხებია: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა, მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები, ეკონომიკური ინტეგრაცია და მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლება.

”სამიტმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემისა და კანონის უზენაესობის საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებსა და პრინციპებს. ამავე დროს, მან უნდა გაითვალისწინოს აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი”, - ვკითხულობთ ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია სამოქალაქო საზოგადოების ცენტრალური როლი და მისი ჩართულობა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის განხორციელების პროცესში.
ევროკავშირში ახლა რთული პერიოდია. ჩვენ ისე ძალიან ვართ დაკავებული შიდა საქმეებით - ევროს გადარჩენაზე ზრუნვით...

ამავე წყაროს ცნობით, მოსალოდნელია ასევე, რომ სამიტზე ინიცირებული იყოს მეტი თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იუჟვიკი იტყობინება ვარშავიდან, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ერთადერთია ევროკავშირის დიდი ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელებს შორის, რომელიც ვარშავის სამიტში მონაწილეობს.

ვარშავაში არ ჩავიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დეივიდ ქემერონი, რასაც ზოგიერთები აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამისადმი ინტერესის გარკვეულ შესუსტებად აღიქვამენ. ამის მიზეზად კი, სახელდება, მაგალითად, რევოლუციური ცვლილებები არაბულ ქვეყნებში თუ ეკონომიკური კრიზისი ევროზონაში.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იუჟვიკი იუწყება ვარშავიდან, გერმანელი და ფრანგი დიპლომატები აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას განიხილავენ მექანიზმად, რომელიც ჩაანაცვლებს მასში ჩართული ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ასე არ ფიქრობს ახალი ევროპა, მაგალითად, ლიტვისა და პოლონეთის სახით. თუმცა, როგორც პოლონეთის ელჩმა ევროკავშირში ჯან ტომბინსკიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, ვარშავის მიდგომები ამ ეტაპზე ვერ იქნება გაზიარებული ევროკავშირის სივრცეში:

”ევროკავშირში ახლა რთული პერიოდია. ჩვენ ისე ძალიან ვართ დაკავებული შიდა საქმეებით - ევროს გადარჩენაზე ზრუნვით, ეკონომიკური ზრდისათვის ახალი გზების გამონახვითა და ევროკავშირისთვის უკეთესი მომავლის შექმნით. სწორედ ამის გამო ბევრ ქვეყანას არ სურს ახლა, რომ გაიხსნას გაფართოების ახალი შესაძლებლობები.”

ამ ეტაპზე ევროკავშირი აღმოსავლეთ მეზობლების სამომავლო გაწევრიანებაზე არ ფიქრობს და ამის კიდევ ერთი მანიშნებელია ვარშავის სამიტზე მისაღები ერთობლივი დეკლარაციის პროექტი, რომელშიც, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, საერთოდ არ ჩანს ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე პარაგრაფის სულისკვეთება, - რომ ევროკავშირში გაწევრიანების უფლება ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს.
XS
SM
MD
LG