Accessibility links

თბილისში იმყოფება პოლონეთის პროფკავშირული გაერთიანების დელეგაცია


საქართველოს პროფკავშირების მხარდასაჭერად თბილისში იმყოფება პოლონეთის პროფკავშირული გაერთიანების "სოლიდარნოსტის" დელეგაცია, რომელსაც მისი ლიდერი პიოტრ დუბა ხელმძღვანელობს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე დუბამ განაცხადა, რომ საქართველოს პროფკავშირები სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. მისივე თქმით, ყველა დასაქმებული უნდა გაერთიანდეს, რათა სიტუაციის გამოსასწორებლად ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყოს. დუბამ აღნიშნა, რომ პოლონეთის პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდნენ ქუთაისის მეტალურგიული საწარმოს თანამშრომლებსაც, რომელთა გაფიცვა პოლიციამ დაშალა. ”სოლიდარნოსტის” ლიდერის განცხადებით, სანქცირებული აქციის დარბევას პოლონეთის ხელისუფლება ვერასდროს გაბედავდა. დღესვე საქართველოს პროფკავშირების ლიდერმა ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ქუთაისელი მეტალურგების აქციის დარბევამ პროფკავშირებს საბაბი მისცა, რომ 1 ოქტომბერს, ვარდების რევოლუციის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მანიფესტაცია მოაწყონ. პეტრიაშვილის თქმით, აქცია-მსვლელობაში მონაწილეობა ყველა დასაქმებულმა უნდა მიიღოს, რათა დამსაქმებლებს და ხელისუფლებას შეახსენოს, რომ შრომითი უფლებები ხშირად ირღვევა და საჭიროა დიალოგი და არა საპროტესტო აქციების დარბევა.
XS
SM
MD
LG