Accessibility links

logo-print

ვარშავა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტს მასპინძლობს


ვარშავა ევროკავშირის ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ორდღიან სამიტს მასპინძლობს. 2009 წლიდან დაწყებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა მიზნად ისახავს ევროპის კავშირთან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდავეთისა და ბელორუსიის ინტერგაციას. ევროკავშირის განცხადებით, ვარშავის სამიტის მიზანია აღმოსავლეთ მეზობლებისთვის ინტეგრაციის თაობაზე ძლიერი პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა. ევროკავშირის ლიდერები სამიტზე განაცხადებენ დემოკრატიის ევროპული ფონდის შექმნის შესახებაც, რაც მიზნად ისახავს ექვს პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის მონაწილეებისთვის ევროკავშირმა შეიმუშავა მიდგომა „მეტი მეტისთვის,“ რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიული რეფორმებისადმი უფრო ერთგული ქვეყნები ევროკავშირისგან მეტ დახმარებას მიიღებენ. ვარშავის სამიტში მონაწილეობს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ, ამ შემოდგომაზე სერიოზულ გარღვევას ელის. თბილისში ასევე იმედი აქვთ, რომ ევროკავშირთან წლის ბოლომდე მოხდება შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად. ვარშავაში იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში ”სვლა ევროპული დემოკრატიული საზოგადოებისკენ, კეთილდღეობა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება”.
XS
SM
MD
LG