Accessibility links

logo-print

იურიდიული კომპანია ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მასალებს აქვეყნებს


ბელორუსიის მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის პირობებში წამების მსხვერპლნი გახდნენ, ლონდონში დაფუძნებული იურიდიული ფირმა დაიქირავეს, ბელორუსიის დიქტატორზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების იმედით.

ლონდონში დაფუძნებულმა იურიდიულმა ფირმამ ინტერნეტში გამოაქვეყნა დოსიე, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან წამების შემთხვევებს აღწერს. ამ ფირმას, რომელსაც McCue and Partners-ი ჰქვია, რამდენიმე თვის წინ მიმართეს ბელორუსიის მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ რეჟიმის მხრიდან წამების მსხვერპლნი გახდნენ კამათის საგნად ქცეული დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

განცხადებას, რომ დეკემბრის არჩევნებში ლუკაშენკომ მეოთხე ვადით მოიპოვა პრეზიდენტის სავარძელი, მინსკში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. მთავრობამ აქციების ასობით მონაწილე დააპატიმრა - პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატების ჩათვლით. დაპატიმრებულთაგან ბევრი აცხადებს, რომ პატიმრობაში ყოფნისას აწამეს. მათ შორის არის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალეს მიხალევიჩი, რომელმაც უშიშროების სტრუქტურების ის ციხე, სადაც იმყოფებოდა, თებერვალში საკონცენტრაციო ბანაკს შეადარა.
კერძო ადვოკატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მთავრობებსაც კი მიეცემათ ლუკაშენკოს დაპატიმრების ორდერის გაცემის საფუძველი, თუკი ის იურისდიქციის მათ სფეროში მოხვდება...

ოპოზიციაზე ზეწოლას და წამების შესახებ ბრალდებებს იანვარში ევროკავშირიც გამოეხმაურა, ლუკაშენკოსა და სხვა ოფიციალური პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვის ფორმით.

იურიდიული ფირმის, McCue and Partners-ის წარმომადგენელმა მეთიუ ჯურიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 68 გვერდისგან შემდგარი დოსიე ასევე შეიცავს ინფორმაციას ბელორუსიაში ბოლო ათწლეულის მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგული ოპოზიციონერების შესახებ: „იმის გამო, რომ ლუკაშენკოს ევროპაში მოგზაურობა აკრძალული აქვს, ამჟამად არ არსებობს იმის შანსი რომ ის აქ, ინგლისში, ჩვენი იურისდიქციის სფეროში ჩამოვა. ამის გამო ჩვენ - და ბელორუსიის ხალხმა - ბრალდების მხარის დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი გავხადეთ. ეს დოკუმენტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მას ინტერნეტით ჩამოტვირთავთ. შესამაბისად, კერძო ადვოკატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მთავრობებსაც კი მიეცემათ ლუკაშენკოს დაპატიმრების ორდერის გაცემის საფუძველი, თუკი ის იურისდიქციის მათ სფეროში მოხვდება.“

ჯური იმედოვნებს, რომ ბრალდების მასალების ამ სახით გამოქვეყნება დამკვიდრებული პრაქტიკა გახდება ადამიანის უფლებების დამრღვევ პოლიტიკოსებზე ზეწოლის შესანარჩუნებლად - მათ წინააღმდეგ „უნივერსალური იურისდიქციის“ ამოქმედების გაადვილების გზით. იურისტი შეგვახსენებს, რომ ზოგიერთი სახის დანაშაულს, მათ შორის წამებას, მძევლად აყვანას, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა დანაშაულებს - ადამიანების მონობაში ყოლას, ომის დანაშაულებს და გენოციდს - უნივერსალური იურისდიქცია ფარავს. შესაბამისად, კონკრეტული ქვეყნების მთავრობებს შესაძლებლობა ეძლევათ ბრალდება წაუყენონ ნებისმიერ პირს, რომელიც ამგვარი დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი და მათი იურისდიქციის სფეროში შევა.
ხალხს მეტი ეცოდინება იმაზე, თუ ვინ არის სინამდვილეში ლუკაშენკო და რა ამოძრავებს მას...

ბელორუსი აქტივისტი ირინა ბაჰდანოვა, რომლის ჯგუფმაც დაამყარა კონტაქტი McCue and Partners-თან და რომელიც, ამავე დროს, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციური კანდიდატის, ანდრეი სანიკოვის ოჯახის წევრია, აცხადებს, ჩვენს მიზანს არა „ჩვენი ტანჯვის შემსუბუქება, არამედ იმის უზრუნველყოფა წარმოადგენდა, რომ ბელორუსიის მომავალ თაობებს ის უფლებები და თავისუფლებები მიენიჭოთ, რომლებიც ახლა წართმეული გვაქვსო“.

ბელორუსი პოლიტიკის ექსპერტი ალექსეი კაროლი თვლის, რომ საადვოკატო ფირმის ინიციატივას უფრო მორალური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იურიდიული. თუმცა, მისი თქმით, მისი მნიშვნელობა ყველა შემთხვევაში დიდია: „სანამ ლუკაშენკო ბელორუსიის სახელმწიფოს მეთაურია და პრეზიდენტად ითვლება, ჩემი აზრით, ასეთი პროცესი შეუძლებელი იქნება. მაგრამ ინიციატივას შესაძლოა შედეგი მოსახლეობის განათლების თვალსაზრისით მოჰყვეს - და არა მხოლოდ ბელორუსიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ხალხს მეტი ეცოდინება იმაზე, თუ ვინ არის სინამდვილეში ლუკაშენკო და რა ამოძრავებს მას. ამასთან, უფლებების დარღვევის მიმართ საერთაშორისო ყურადღების გაძლიერება შესძლოა დადებითად აისახოს ბელორუსიაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე.“

წარსულში ამ ფირმას საქმეები აღძრული აქვს ირლანდიის ექსტრემისტული, გასამხედროებული ორგანიზაციის, Real Irish Republican Army-ს, ლიბიის ჩამოგდებული ლიდერის, მუამარ კადაფის, და ჰამასის შეიარაღებული ფრთის წინააღმდეგ, თვითმკვლელი მოიერიშეების ოჯახებისთვის თანხების გადახდის გამო.
XS
SM
MD
LG