Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Gotan Project თბილისში


2 ოქტომბერს თბილისში პოპულარული ფრანგული მუსიკალური კოლექტივის - ”გოტან პროექტის” - კონცერტი გაიმართება. ანსამბლი კიევიდან ჩამოვა, სადაც მუსიკოსებმა ახალი ალბომი - ”ტანგო 3,0” -წარმოადგინეს.

არგენტინული ტანგოსა და ელექტრონული მუსიკის სინთეზი... ჩვენს დროში არაერთი, სრულიად განსხვავებული სტილის მუსიკა გაუერთიანებიათ, მაგრამ ასეთი მთლიანობა, პლუს ფრანგული შანსონი, ბლუზი... სრულიად ახალი იყო 1999 წელს, როცა ფილიპ კოენ სოლალმა, ედუარდო მაკაროფმა და კრისტოფ მიულერმა ”გოტან პროექტი” დააარსეს. თავდაპირველად ეს მუსიკა - არგენტინული ტანგოს ინტერპრეტაცია, გამდიდრებული ”ელექტრონული სტილებით” - ცოტა ვულგარულად ჟღერდა, ასე ვთქვათ, ”რესტორნის მუსიკას” ჰგავდა, მხოლოდ და მხოლოდ საცეკვაო განწყობილებას ქმნიდა. მაგრამ ”გოტან პროექტის” მეორე ალბომმა, რომელიც 2004 წელს გამოვიდა, კარგი მუსიკის მოყვარულების ყურადღება მიიპყრო, მესამე ალბომი კი უკვე მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა. წარმატება განაპირობა, პირველ რიგში, ”გოტან პროექტის” კონცერტებმა - სანახაობრიობამ, ვიდეომ, კომპიუტერულმა გრაფიკამ, ტანგოს ერთგვარმა ვიზუალურმა სახემ, რაც ანსამბლის კონცერტების აუცილებელი ატრიბუტია

ფილიპ კოენ სოლალი ამბობს, რომ ”გოტან პროექტის” ახალი ალბომი, რომლის პრეზენტაცია უკვე გაიმართა მოსკოვსა და კიევში, არის მუსიკა წარსულსა და მომავალს შორის - მუსიკა ინტერნეტის თაობისთვის, ტექნოლოგიებისა და ტრადიციების მიქსი, რომელსაც აქ უკვე ქანთრის მოტივები ემატება. ამ კონცერტზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვიდეოილუსტრაციას - „გოტან პროექტი“, ფაქტობრივად, მთელ ფილმს შესთავაზებს მაყურებელს და მსმენელს. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტანგო არ არსებობს იმპროვიზაციის გარეშე და რომ ”გოტან პროექტის” არც ერთი კონცერტი არ ჰგავს მეორეს, თბილისში რაღაც ძალზე ორიგინალურს უნდა მოველოდეთ.

მართალია, მოსკოვში და ევროპის სხვა ქალაქებში ანსამბლის ახალი დისკის პრეზენტაცია კლუბებში გაიმართა; მართალია, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი შესაძლებელია მეტისმეტად დიდი იყოს მუსიკისთვის, რომელსაც ”გოტან პროექტი” ქმნის, ასეთი სახის კონცერტით ქართველი მუსიკის მოყვარულები განებივრებულები არ არიან. შეიძლება ამიტომაცაა რომ ფრანგულ-არგენტინული კოლექტივის თბილისურ გასტროლს მედიის მხრიდან გამოხმაურება თითქმის არა აქვს, ცარიელ დარბაზში კი ტანგოს ეფექტი შეიძლება დაიკარგოს. მართალია, ახალი ალბომი ”გოტან პროექტმა” კლუბებში წარმოადგინა, ეს ანსამბლი მოედნებზე დაკვრასაა მიჩვეული. მის წევრებს არ ეთაკილებათ, როგორც კრისტოფ მიულერი ამბობს, ”გამოყენებითი მუსიკის” შესრულება... ”ჩვენი მიზანია მსმენელმა არ მოიწყინოს. ამიტომაც მუდმივად ვცვლით მოტივებს. ესაა ტანგოს იდეით გაერთიანებული სტილები”, - ამბობს მიულერი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ”გოტან პროექტი” სხვადასხვა გემოვნების მუსიკის მოყვარულებსაც გააერთიანებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG