Accessibility links

logo-print
ქართველი კინორეჟისორის, ალეკო გაბუნიას აზერბაიჯანზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით ”მუღამი”, ამერიკაში, ”მუნდენსის” კინოფესტივალზე, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი უცხოენოვანი დოკუმენტური ფილმი გახდა. ”მუღამი” იმ პროექტის მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელსაც ტელეკომპანია ”პიკი” ახორციელებს და უახლოეს მომავალში სომხეთსა და საქართველოზე დოკუმენტური ფილმების გადაღებასაც გეგმავს. ”მუღამის” სატელევიზიო პრემიერა 28 სექტემბერს გაიმართა.
ჩვენი სათქმელი მხოლოდ მუსიკის ან კადრების სიკარგის ხაზგასმა არ ყოფილა. ამ ფილმში ნაჩვენებია აზიური კულტურის მისტიკურობა...

”მუღამი”

რეჟისორი - ალეკო გაბუნია
დამდგმელი ოპერატორი - გია ვაწაძე
ხმის რეჟისორი - დავით ვარშანიძე
მონტაჟი - არტურ ამამჩიანი
პროდიუსერი - თინათინ დვალიშვილი

26 წუთიანი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „მუღამი”, ტელეკომპანია „პიკ“-ის დაკვეთით მომზადებული კავკასიური ტრილოგიის პირველი ფილმია - აზერბაიჯანზე. ფილმი, რომელშიც ვერც ერთ სიტყვას ვერ გაიგონებთ. მხოლოდ მუსიკა, ალაგ-ალაგ ხმები რეალური ცხოვრებიდან და კადრები. აღმოსავლური მისტიკის გადმოცემას ფილმის რეჟისორი ალეკო გაბუნია და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი სწორედ ასე, უსიტყვოდ, შეეცადა. ფილმის პირველსავე კადრებში მაყურებლის წინ იხსნება დიდი კარი, რომლის მიღმაც აზერბაიჯანია. ალეკო გაბუნიას მთავარი მიზანი იყო მოეთხრო ამ ქვეყანაზე განსხვავებულად:

ალექსანდრე გაბუნია
”ჩვენი სათქმელი მხოლოდ მუსიკის ან კადრების სიკარგის ხაზგასმა არ ყოფილა. ამ ფილმში ნაჩვენებია აზიური კულტურის მისტიკურობა. და ამას ხედავ და გრძნობ, როდესაც იქ, ადგილზე, ჩადიხარ. ანუ გვინდოდა, რომ ამ ფილმში განსხვავებული კუთხით დანახული აზერბაიჯანი ყოფილიყო. მივედით იმ დასკვნამდე, რომ უსიტყვო დოკუმენტური ფილმი გადაგვეღო და მთავარ თარგად აზერბაიჯანული ფოლკლორი აგვეღო და გაგვკეთებინა სინთეზი იმ ვიზუალთან, რომელიც ადგილზე დაგვხვდებოდა და ვიზუალი კი ძალიან საინტერესო დაგვხვდა. დიდხანს ვმუშაობდით თითო კადრზე, იყო შემთხვევა, რომ ერთი კადრის გადასაღებად კამერა სამი საათის განმავლობაში გვქონდა დაყენებული.”

ფილმის მთავარ ღერძად „მუღამი“ იქცა - ცნობილი და პოპულარული მიმდინარეობა აზერბაიჯანულ მუსიკაში. ფილმის პროდიუსერი თინათინ დვალიშვილი ამბობს, რომ გაუმართლათ იმაშიც, რომ „მუღამის“ ლეგენდარული შემსრულებლები, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში, აზერბაიჯანში დახვდნენ:
თინათინ დვალიშვილი

”მუღამი” ”იუნესკოს” დაცვის ქვეშაა და გადავწყვიტეთ მასზე აგვეგო მთელი ფილმი. თანაც აზერბაიჯანული ანსამბლი, რომელიც „მუღამს“ მღერის, აღმოჩნდა, რომ არის ძალიან ცნობილი მთელ მსოფლიოში. ჩვენც ძალიან მოგვეწონა მათი სიმღერა და თან გაგვიმართლა, რომ ფილმის გადაღების დროს ანსამბლი აზერბაიჯანში დაგვხვდა და გამოვიყენეთ როგორც ცოცხალი სიმღერა, ისე მათი ჩანაწერებიც.”

იღებდნენ ხუთი დღის განმავლობაში, შეუჩერებლად, დღე და ღამე - იხსენებს ფილმის რეჟისორი ალეკო გაბუნია

”ფილმი ხუთ დღეში გადავიღეთ. დილის ექვს საათზე ვდეგობოდით, რომ მზის ამოსვლა გადაგვეღო, მერე ღამე, რომ ღამის ბაქო გადაგვეღო, საღამოს ვიღებდით მეჩეთს, ჩილიმის მწეველებს და ა.შ. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვამონტაჟებდით...”
გია ვაწაძე

ბაქოს ქუჩები, გობოსტანი, მზის ჩასვლა კასპიის ზღვაში, ლოცვა მეჩეთში, ნავთობის ჭაბურღილი, ფარდაგის ქსოვის რიტუალი, აზერბაიჯანული ცეკვა, „მუღამის“ ჰანგები... კადრები ხან აჩქარებულია,ხან პირიქით. ფილმის დამდგმელი ოპერატორი გია ვაწაძე იხსენებს, რომ ფილმზე მუშაობა ერთდროულად საინტერესოც აღმოჩნდა და რთულიც:

”საინტერესო ადგილების შსარჩევად ბევრი სიარული გვიწევდა.. აი, მეჩეთში გადაღება იყო ძალიან საინტერესო, რადგან ემოციური სახეები გვჭირდებოდა დ ამ მასაში მოძებნა რთულია.. გამოვარჩევდი გობოსტანსაც, რომელიც უძველესი ისტორიული ადგილია.”
მე მგონი, მუსიკალური კლიპი გამოგვივიდა - 26 წუთიანი მუსიკალური კლიპი ...

ყველაზე მძაფრად ფილმის ხმის რეჟისორს, დავით ვარშანიძეს, ის ხმა ახსენდება, რომელიც აზერბაიჯანელი ქალის მიერ ფარდაგის ქსოვისას გაიგონა. ეს ხმა ფილმის ერთ-ერთი გამორჩეული ხმა გახდა:

”ისეთი რიტმი მოდიოდა ამ ხმიდან, გავოცდი, ყველაფერი ჩავაჩუმეთ, მოძრაობა გადავკეტეთ, რომ ეს ხმა ჩაგვეწერა.. მერე ვფიქრობდი, რომ სწორედ ასე იქმნებოდა ისეთი მუსიკა, როგორიც, მაგალითად, ჯაზი ან ბლუზია, ტყავზე დარტყმით თუ ცხენის ძუაზე თითის ჩამოკვრით..”

არტურ ამამჩიანი, ანუ ის, ვინც ხუთ დღეში გადაღებული მასალა 26 წუთამდე დაიყვანა და ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ მონტაჟია, - ”მუღამს” ასე ახასიათებს:

”მე მგონი, მუსიკალური კლიპი გამოგვივიდა - 26 წუთიანი მუსიკალური კლიპი”...

”მუღამმა” სულ ახლახან უკვე მოიპოვა ერთი პრესტიჟული პრიზი: ამერიკაში, „მუნდენსის“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, ის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი უცხოენოვანი დოკუმენტური ფილმი გახდა. პირველად ის კოლორადოში სწორედ იმ კინოთეატრში აჩვენეს, სადაც 1018 წელს მაყურებელმა ჩარლი ჩაპლინის ფილმი ”ემიგრანტი” ნახა. ამჯერად ფილმი წარდგენილია დიდ ბრიტანეთში,”ესთეტიკის” საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 3-6 ნომბერს ქალაქ იორკში სწორედ ჟურნალ ”ესთეტიკის” პატრონაჟით ტარდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG