Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიბრიდული დემოკრატია


სექტემბრის ბოლოს, როდესაც ყველანი მოუთმენლად ელოდნენ ახალი პოლიტიკური სეზონის გახსნას, პირველად საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკური ცხოვრების მთავარ თემად იქცა ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მოსავალი. და როგორც ყველაფერში, აქაც ერთმანეთს დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლების უდრეკი ოპტიმიზმი და კონსტრუქციული ოპოზიციის ავანგარდის (ქრისტიან-დემოკრატებისა და თავისუფალი დემოკრატების) იოლად მოსაგერიებელი კრიტიკა.

თავდაპირველად, უპირატესობას მიაღწია ოპოზიციამ - ირაკლი ალასანიამ და გიორგი ახვლედიანმა ერთიმეორის მიყოლებით მოინახულეს ჰიბრიდული სიმინდის „წარუმატებელი სახელმწიფო პროგრამის“ შედეგად დაზარალებული ფერმები, აჩვენეს დაგვალულ-გამეჩხერებული სიმინდის ყანები, ფშატისოდენა სიმინდის ტაროები და განრისხებული ფერმერები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ზარალის კომპენსაციას მოითხოვდნენ. ოპოზიციის მიერ „გაპიარებულ“ სიმინდის პროგრამის ჩავარდნას უხალისოდ გამოეხმაურნენ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო არხებიც, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება შეეგუა კრიტიკას და მალე სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის „თავსაც მიართმევდა“ ოპოზიციას. თუმცა, პიარის კარგად მცოდნე საქართველოს ხელისუფლებამ მალე დაიბრუნა ინიციატივა და სახელმწიფო სატელევიზიო არხებიდან ოპონენტებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა (თვით გიგი წერეთელიც კი მოაცდინეს) უამრავი ტელეკამერის თანხლებით რამდენჯერმე დაათვალიერეს ჰიბრიდული სიმინდის მართლაც თვალისმომჭრელი ყანები, ალაპარაკეს მადლიერი ფერმერები, რომლებიც ერთხმად ამბობდნენ, რომ ასეთ სარეკორდო მოსავალს არც კი მოელოდნენ, შემდეგ საქმეში ჩაერთო ოპტიმისტური პროგნოზები და კომენტარები. სახეგაბრწყინებული ხელისუფლების წარმომადგენლები (მათ შორის გიგი წერეთელი) არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო აკრიტიკებდნენ ოპოზიციას და ნიშნისმოგებით აცხადებდნენ: პირველად საქართველოს ისტორიაში, წელს ქართული სიმინდი ექსპორტზე გავაო.

ასეთი ინტენსიური კონტრშეტევის შემდეგ, ოპონენტებს შანსი აღარ დაუტოვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ბაკურ კვეზერელმა 30 სექტემბერს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველ ცდაზევე ამერიკული სიმინდის პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა: „ექსპორტზე გავა 40 მილიონი დოლარის ოდენობის ამერიკული ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი, ხოლო ქართველი გლეხები 100 მილიონის მოგებას ნახავენო“.

თუ ეს მართალია, ბაკურ კვეზერელი იმსახურებს უმაღლეს ჯილდოს - პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენს და იმას, რომ რომელიმე ფერმას ეწოდოს მისი სახელი. მაგრამ თუკი ეს მხოლოდ პიარია და მართალია კონსტრუქციული ოპოზიცია, მაშინ კვეზერელი იმსახურებს მინიმუმ ერთწლიან იძულებით მუშაობას რომელიმე დაზარალებული ფერმერის ჰიბრიდული სიმინდის ყანაში.

მაგრამ ვინ და როგორ უნდა დაადგინოს საბოლოო სიმართლე? საკითხავი აი ეს არის ჰიბრიდული დემოკრატიის საქართველოში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG