Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილმისჯილი ირანელი მღვდლის ადვოკატი იმედიანად არის


იმ სიკვდილმისჯილი ირანელი მღვდლის ადვოკატი, რომელმაც ისლამი უარყო და გაქრისტიანდა, იმედიანად არის, რომ განაჩენს შეცვლიან. ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნები გმობენ იუსეფ ნადერხანისთვის გამოტანილ განაჩენს და მოუწოდებენ ირანს, გაათავისუფლონ ის.
იუსეფ ნადერხანის დამცველი მოჰამედ ალი დადხა ამბობს, რომ დიდია მღვდლის გამართლებისა და გათავისუფლების შანსი:

„მე სასამართლოს მივაწოდე ახსნა-განმარტება, რაც, ვფიქრობ, მას გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს. 90-95 პროცენტიანია შანსი, რომ პასტორს გამოუშვებენ.“

ნადერხანი ევანგელიკური ეკლესიის პასტორია. 33 წლისაა. მან სჯული 1997 წელს შეიცვალა - ისლამი უარყო და გაქრისტიანდა. 2009 წელს ის დააპატიმრეს, როცა ჩრდილოეთ ირანში, ქალაქ რაშტში პატარა ეკლესიაში მსახურობდა. ნადერხანს ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯეს სჯულის უარყოფის გამო. ირანის ისლამური კანონის თანახმად, როცა მაჰმადიანი სჯულს იცვლის, მას შეიძლება სიკვდილი მიუსაჯონ. ნადერხანის ცოლიც დააკავეს მცირე ხნით და შემდეგ გაუშვეს. უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ თუკი ის მოინანიებს და დაუბრუნდება ისლამს, განაჩენი შეიცვლება. ნადერხანმა არაერთი მოთხოვნა, მოენანიებინა, უარყო. დადხა ამბობს, რომ მას სჯერა საკუთარი არგუმენტის:

„მე განვაცხადე, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს არავინ მოუკლავთ სჯულის უარყოფის გამო. ისლამის ისტორია ადასტურებს, რომ წინასწარმეტყველის დროს სამმა ტომმა უარყო სარწმუნოება, მაგრამ მუჰამედს არ უბრძანებია მათი დახოცვა. სჯულისგან განდგომილთა მოკვლაზე ყურანში არაფერი წერია.“

დადხა ცნობილი უფლებადამცავია. ის თანამშრომლობს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ შირინ ებადისთან. თვითონ დადხას ივლისში მიუსაჯეს ცხრა წლით პატიმრობა და 10 წლით აუკრძალეს იურისპრუდენციაში საქმიანობა, მაგრამ განაჩენი არ ამოქმედებულა. ის ახლა მოელის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც ამ დღეებში გამოცხადდება. იუსეფ ნადერხანს სოლიდარობას უცხადებენ მსოფლიოში. მისი განაჩენი დაიგმო აშშ-ის მიერ - თეირანს თეთრი სახლი მოუწოდებს გაუშვას მღვდელი, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება. ვაშინგტონის მსგავსად, პასტორის განთავისუფლებისკენ ირანს მოუწოდებს ბრიტანეთი, ასევე ევროკავშირი. მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების აშშ-ის კომისიამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ქრისტიანი პასტორის გამო და მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვა. კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე დუაიტ ბაშირი ამბობს, საერთაშორისო მხარდაჭერა თუ დაეხმარება ნადერხანსო:

„ქრისტიანი პასტორი სჯულისგან განდგომისთვის 20 წელიწადია აღარ დაუსჯიათ. მაგრამ, ჩანს, რაღაც იცვლება და მართლაც საჭიროა ამ ეტაპზე ჩარევა.“

ირანის მთავრობა ბოლო წლებში ცდილობს ჩაახშოს ქრისტიანების აქტიურობა. გავრცელდა ცნობები, რომ არაერთი ქრისტიანული ეკლესია დაიხურა და გაქრისტიანებული პირები დააპატიმრეს. თეირანის გუბერნატორმა მორთეზა თამადონმა განაცხადა, რომ ქრისტიანი მისიონერები გააქტიურდნენ ისლამურ რესპუბლიკაში. ზოგიერთი ირანელი, რომელმაც უარყო ისლამი და გაქრისტიანდა, აცხადებს, რომ ამ ქვეყანაში ქრისტიანობის მიმართ ინტერესი იზრდება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG