Accessibility links

logo-print

ქვეყანაც და ბიზნესიც მშრომელი ადამიანების ხელებზეა დამოკიდებული


დღეს, 1 ოქტომბერს, საქართველოს პროფკავშირები ”ღირსეული შრომის დღეს” აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებული საგანგებო აქცია-მანიფესტაცია ქუთაისელ მეტალურგთა სოლიდარობის ნიშნით გაიმართა, თუმცა მოიცვა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც საქართველოში დასაქმებულებს აწუხებთ.

”აქ არის მოთხოვნები ანაზღაურების გაზრდის ხასიათის, შრომის პირობების გაუმჯობესების ხასიათის, ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნით, დეკრეტული შვებულებების ანაზღაურებას ითვალისწინებს, პროფკავშირებზე ზეწოლის გაუქმებას ითვალისწინებს და, საერთოდ, სოციალური სამართლიანობის დამკვიდრების მოთხოვნის მახასიათებელი ლოზუნგები გამოვიტანეთ”, - გვითხრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა.
ადამიანებს აწერინებენ განცხადებას, რომ პროფკავშირულ საქმიანობას აღარ განახორციელებენ და ეს არის კონსტიტუციური უფლების დარღვევა...

ამ შინაარსის მოთხოვნებით საქართველოს პროფკავშირები ”ღირსეული შრომის დღეს” უკვე მეოთხედ აღნიშნავს. სერიოზული მიღწევები პროგრესის მხრივ ამ წლების განმავლობაში არ გამოკვეთილა, თუმცა სამოქალაქო აქტივობა იზრდება, შენიშნავდნენ აქციაზე, სადაც ითქვა ისიც, რომ 2011 წლის სექტემბერში ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა “ჰერკულესში” განვითარებულმა მოვლენებმა, ამ აქტივობის ზრდის გარდა, ისიც აჩვენა, თუ როგორ ცდილობენ სამოქალაქო მუხტის ჩაქრობას. ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის - ”ჰერკულესის” - მუშებმა შიმშილობა, როგორც გახსოვთ, ქარხანაში არსებული შრომის მძიმე პირობების გამოსწორების მოთხოვნით დაიწყეს. რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას - მიმართა. აქცია პოლიციის ძალით დაიშალა. დაკავებულთაგან სამს ათდღიანი პატიმრობა შეეფარდა. ადამიანის უფლებების დამცველებისა და პროფკავშირების შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციის გარდა, აქციის მონაწილეთა მიმართ დაირღვა ასევე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დეკლარაცია და ევროპული კონვენცია. საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ამ დარღვევებიდან ერთზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, „ჰერკულესის“ 20 გაფიცული მუშა სამსახურში იმ პირობით დააბრუნეს, რომ ისინი პროფკავშირებს ჩამოშორდებიან:

”ადამიანებს აწერინებენ განცხადებას, რომ პროფკავშირულ საქმიანობას აღარ განახორციელებენ და ეს არის კონსტიტუციური უფლების დარღვევა. ჩვენ გავასაჩივრეთ ეს ანტიკონსტიტუციური მოქმედებები. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ერთი განცხადების ასლი და გადაგზავნილია პროკურატურაში რომან ლებანიძის წინააღმდეგ საჩივარი, რომელიც გახლავთ ქარხნის დირექტორის მოადგილე, რომელიც პირადად აიძულებს ამ ხალხს ამის დაწერას.”
ქვეყანაც, ბიზნესიც და მისი განვითარებაც დამოკიდებულია ამ ადამიანების ხელებზე, ამ ადამიანების ფიზიკურ და გონებრივ შრომაზე...

მეტალურგთა პროფკავშირების თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის ბრალდება ჩვენთან საუბარში ”ჰერკულესის” ერთ-ერთმა დირექტორმა, რობერტ ტომარაძემ, უაყო:

”მასეთი რამ არ შემხვედრია. მთელი დღე ვარ მუშებთან და არავის მსგავსი რამ არ უთქვამს. მეორე კია - პროფკავშირებმა მუშები მოატყუეს, რომ შეეძლოთ ხელფასი გაეზარდათ და ასე შემდეგ. ჯერ იმით დააწყებინეს, ტუალეტი არა გაქვთო. ტუალეტიც არის, აბანოც არის, სასადილოც არის, მაგრამ უკეთესი ყოველთვის შეიძლება. 600 კაცამდე დასაქმებულია. ინვესტორს იქ ფუნდამენტი ამოთხრილი ჰქონდა და ახალი ქარხანა უნდა გაეკეთებინა. შეიკავა ახლა თავი. თუკი არ იქნება დარწმუნებული, რომ ჰყავს მყარი მუშათა კლასი, რატომ გააკეთებს აქ. ამან შეაშინა.”

ასეთია საპასუხო ბრალდებები ”ჰერკულესიდან” პროფკავშირების მისამართით. პროფკავშირმა კი ”ღირსეული შრომის დღისადმი“ მიძღვნილი აქცია-მანიფესტის მონაწილეთა განცხადებაში აღნიშნა, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება უნაყოფო ოცნებაა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და ძლიერი საშუალო კლასის გარეშე.

”ჩვენ ვართ ამქვეყანაზე, რათა შევახსენოთ ხელისუფლებას და ადამიანებს, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ ბიზნესსა და ბიზნესმენებზეა ეს ქვეყანა: არა, ქვეყანაც, ბიზნესიც და მისი განვითარებაც დამოკიდებულია ამ ადამიანების ხელებზე, ამ ადამიანების ფიზიკურ და გონებრივ შრომაზე”, - ამბობს, თავის მხრივ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი.

„ღირსეული შრომის დღისადმი“ მიძღვნილმა აქციამ კი, რომელსაც მსვლელობის ხასიათი ჰქონდა და პარლამენტის შენობის წინ დასრულდა, სპეციალური მანიფესტი მიიღო. მანიფესტი მოითხოვს შეწყდეს პროფკავშირების დევნა, სამართლებრივი სტრუქტურების მიერ კერძო შრომით ურთიერთობებში უხეში ჩარევა, კონსტიტუციით გარანტირებული გაფიცვის უფლების ძალადობრივი ხელყოფა, შემუშავდეს დასაქმების პოლიტიკა, გატარდეს უმუშევრების სოციალური დაზღვევის ქმედითი ღონისძიებები, შეიცვალოს შრომის კანონმდებლობა და სხვა. მანიფესტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG