Accessibility links

logo-print
განვლილი კვირის მანძილზე დასავლეთის გამოცემებში ხშირად ახსენებდნენ საქართველოს. ამ გამორჩეული ყურადღების მთავარი მიზეზი იყო ვარშავაში გამართული სამიტი, რომელზეც შეიკრიბნენ ევროკავშირისა და მისი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში შემავალი ქვეყნების ლიდერები.

ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტს სტატია მიუძღვნა გავლენიანმა საინტერნეტო ანალიტიკურმა გამოცემა „სტრატფორმა“, რომლის შეფასებითაც, სამიტს მისი მასპინძელი პოლონეთისათვის გამორჩეული მნიშვნელობა აქვს არამარტო იმის გამო, რომ სწორედ პოლონეთია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ერთ-ერთი ინიციატორი - სულ მალე, 9 ოქტომბერს, პოლონეთში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები და იმის დემონსტრირებამ, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ გარკვეულ შედეგებს აღწევს, შესაძლოა გაამყაროს არჩევნებისათვის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პოზიციები. ამას გარდა, პოლონეთს, როგორც ცნობილია, ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელ მორიგე თავმჯდომარეს, თავის პრიორიტეტებს შორის აქვს დასახელებული „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ გააქტიურება. „სტრატფორის“ სტატიაში ყურადღება მახვილდება უკრაინაზე, დონალდ ტუსკის მისწრაფებაზე, არჩევნებამდე მიაღწიოს თუნდაც მომცრო საგარეოპოლიტიკურ გამარჯვებას და უკრაინა დააახლოოს ევროკავშირთან. საქართველო მოხსენიებულია მოლდავეთთან ერთად - სხვათა შორის, ისევე როგორც „აღმოსავლეთის პარტნიორობაზე“ სხვა გამოცემების პუბლიკაციებში - და მითითებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესათანხმებლად მოსალოდნელ მოლაპარაკებებზე.

„სტრატფორისაგან“ განსხვავებით, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით უწინარეს ყოვლისა საქართველოზეა საუბარი სტატიაში, რომელსაც აქვეყნებს „პროჯექტ სინდიკეიტი“, ასევე საინტერნეტო გამოცემა.

„სამი წელია გასული მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, და ორი წელი მას შემდეგ, რაც ევროპის კავშირმა დასაბამი მისცა „აღმოსავლეთის პარტნიორობას“. „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ ამ ომამდე ჩაისახა, მაგრამ ომის შემდეგ მისი ამოქმედება დაჩქარდა, რათა დაერწმუნებინათ საქართველო და მისი შეშფოთებული მეზობლები, რომ ევროპის კავშირი ეწინააღმდეგება რუსეთის ნებისმიერ ძალისხმევას „გავლენის სფეროში“ მოაქციოს ეს რეგიონი“ - ასე იწყებს თავის სტატიას საერთაშორისო ურთიერთობათა ევროპის საბჭოს მკვლევარი ენდრიუ უილსონი. მის სტატიაში ყურადღება მახვილდება საქართველოს მისწრაფებაზე, ერთი მხრივ, დაუახლოვდეს ევროკავშირს, მეორე მხრივ კი, განახორციელოს ულტრალიბერალური რეფორმები. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა ენთუზიაზმს ავლენს ევროკავშირთან მიმართებით, უილსონის შეფასებით, არის ნატოსთან დაკავშირებული იმედების ჩაშლა 2008 წლის შემდეგ, ისევე როგორც ობამას ადმინისტრაციის „გადტვირთვის“ პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობაში. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლოხანს ნაკლებად ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს „სინგაპურის მიბაძვის სურვილზეო“, წერს პოლიტოლოგი და განმარტავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავაც სასურველად მიიჩნევს ქვეყანაში დაბალ გადასახადებსა და მინიმალურ რეგულაციებს, სინგაპურს კი აღიქვამს მეტაფორად გეოპოლიტიკურ კონტექსტშიო. კონტექსტი ასეთია: საქართველო, ისევე როგორც სინგაპური, რეგიონის ცენტრია და ძალაუფლების მოყვარული ძლიერი მეზობლის გვერდით უწევს საკუთარი ინტერესების დაცვა. სინგაპურის მსგავსად, დინამიკური ეკონომიკით და ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობით გამოირჩევა.

„პროჯექტ სინდიკეიტის“ პუბლიკაციაში მითითებულია კიდევ ერთ საყურადღებო გარემოებაზე: საქართველოს ევროკავშირისაკენ მისწრაფებას ასაზრდოებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის სურვილიც. სტატიაშია აღნიშნულია, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ბოკერია ევროკავშირს მოუწოდებს უფრო აქტიური, სამხედრო როლი შეასრულოს რეგიონში და საქართველოში მოქმედი სადამკვირვებლო მისია გარდაქმნას დაახლოებით ისეთად, როგორსაც ბოსნიაში ასრულებდა სამშვიდობო ძალების სახითო.

„ევროპას სასწრაფოდ ესაჭიროება ახალი პოლიტიკა აღმოსავლეთთან მიმართებით“ - ასეა დასათაურებული კავკასიის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტის, ტომას დე ვაალის სტატია, რომელსაც გაზეთი „ფაინენშალ ტაიმსი“ ბეჭდავს. დე ვაალი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ევროკავშირის სამხრეთით, ანუ არაბულ ქვეყნებში მიმდინარე დრამატული მოვლენებისა და ევროზონის საფინანსო კრიზისის გამო, ევროპის ლიდერებისათვის ძნელია დრო გამონახონ აღმოსავლელ მეზობლებზე ჩასაფიქრებლად. მაგრამ მათ ეს აუცილებლად უნდა გააკეთონო, - აღნიშნავს დე ვაალი. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ექვსი აღმოსავლეთევროპელი წევრის - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდავეთის, უკრაინისა და ბელორუსიის - მიმართ ევროკავშირის გააქტიურების მხარდამჭერი ერთ-ერთი არგუმენტი უკავშირდება ვლადიმირ პუტინის მოსალოდნელ დაბრუნებას რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე. დე ვაალის აზრით, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს ევროკავშირმა უნდა შესთავაზოს რუსეთის სულ უფრო ავტორიტარული რეჟიმის ალტერნატიული მოდელი. ამასთან, ექსპერტს მიზანშეწონილად მიაჩნია ევროკავშირის მიერ იმის დაშვება, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში შემავალ ექვს ქვეყანას დაჰპირდეს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას, თუ, ბუნებრივია, ეს ქვეყნები შეასრულებენ საამისოდ საჭირო მოთხოვნებს. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა ამჟამად, როგორც ცნობილია, არ ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

დაბოლოს, მოკლედ საქართველოს შესახებ კიდევ ერთ საყურადღებო პუბლიკაციაზე, მაგრამ არა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ კონტექსტში. შეერთებული შტატების ყოველკვირეული გამოცემა „ნიუსუიკი“ ბეჭდავს სტატიას, რომელიც ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს. მასში სააკაშვილი მადლიერებას გამოხატავს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიმართ დიპლომატიური ძალისხმევისათვის, რომელმაც ბოლო მოუღო აფეთქებების სერიას საქართველოში. საქართველოს მთავრობა რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას შვიდ აფეთქებასა და აფეთქების ხუთ მცდელობაზე ბოლო წლის განმავლობაში. როგორც „ნიუსუიკში“ ვკითხულობთ, სააკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან რამდენჯერმე საუბრის შესახებ. ამ საუბრების დროს ჰილარი კლინტონი საკითხს ძალიან პრინციპულად მიუდგა და შედეგიც, სააკაშვილის თქმით, თვალსაჩინოა - აფეთქებები შეწყდაო. „ნიუსუიკი“ იუწყება აგრეთვე, რომ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაადასტურა ცნობა შეერთებული შტატების დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ. „ობამას ადმინისტრაციამ სწრაფად იმოქმედა ამ აფეთქებების გამოსაძიებლად და ეს ინციდენტები განიხილა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან უმაღლესი დონის შეხვედრებზეო“, - აცხადებს ოფიციალური პირი, რომლის ვინაობასაც „ნიუსუიკის“ სტატიაში არ ამხელენ. ბოლოს შეგახსენებთ, რომ საქართველოში განვლილი წლის მანძილზე მომხდარი აფეთქებებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 2010 წლის 22 სექტემბრის ინციდენტმა, როცა ბომბი აფეთქდა თბილისში, შეერთებული შტატების საელჩოსთან.
XS
SM
MD
LG