Accessibility links

რობერტ პარსონსი "პიკის" გენერალური დირექტორის პოსტს ტოვებს


ცნობილი ჟურნალისტი რობერტ პარსონსი რუსულენოვანი ტელეკომპანია - „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ ("პიკის") გენერალური დირექტორის პოსტს ტოვებს და მას ამ თანამდებობაზე მისი მოადგილე, ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე შეცლის. „მე მაქვს სამსახური საფრანგეთში, "ფრანს 24"-ში, ძალიან კარგად მომექცნენ ისინი, როდესაც აქ წამოსვლაზე დამთანხმდნენ. მე მათ დავპირდი წამოსვლისას, რომ მათთან დავბრუნდებოდი. წელიწად-ნახევრის შემდეგ მე მივდივარ", - აცხადებს რობერტ პარსონსი ჟურნალ „ლიბერალთან“ ინტერვიუში და დასძენს, რომ მისი წასვლის მიზეზი არ არის მთავრობის უკმაყოფილება ტელეკომპანიის შენახვაზე გაღებული დიდი ხარჯების გამო. რობერტ პარსონი "პიკის" გენერალური დირექტორის პოსტზე, არხის ეთერში გასვლის დღიდან (2011 წლის 25 იანვარი) მუშაობს, იგი არის კომპანია „ქეი 1"-ის 60% წილის მფლობელიც, რომელიც მართავს „პირველ საინფორმაციო კავკასიურს". "პიკი" „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მესამე სატელევიზიო არხია და მას მთლიანად საქართველოს მთავრობა აფინანსებს. თუმცა, როგორც პარსონის ამტკიცებს, არხს აბსოლუტური სარედაქციო თავისუფლება აქვს. „ყოფილა შემთხვევები, როცა მთავრობის წარმომადგენლები გაბრაზებულან, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა, არ დაურეკავს, არ მოუციათ მითითებები, რომ რაღაც ასე უნდა გააკეთო“, - აცხადებს პარსონსი და იქვე არ გამორიცხავს იმის საშიშროებას, რომ თუკი შემდგომში "პიკს" არ ეყოლება საერთაშორისო სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული საბჭო, „არხის სანდოობა შემცირდება“.
XS
SM
MD
LG