Accessibility links

იემენში მოკლულ ალ ყაიდის ლიდერსაც გამოუჩნდნენ ქომაგები


ანვარ ალ-ავლაკი

ანვარ ალ-ავლაკი

ექსტრემისტი, რომელსაც ვაშინგტონი ამერიკისათვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ თვლიდა, იემენში მოკლა ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა. აშშ-ში დაბადებული მოძღვრის ანვარ ალ-ავლაკის, არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ ყაიდის ინგლისურენოვანი პროპაგანდისტის განადგურება ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ ამერიკის სპეცსამსახურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა. თუმცა აშშ-ში, რომლის სახელმწიფოებრივ ფუნდამენტს კანონი და ადამიანის უფლებები წარმოადგენს, ქომაგები იემენში მოკლულ ალ ყაიდის ლიდერსაც გამოუჩნდნენ.
ავლაკის სიკვდილი არის მძლავრი დარტყმა ალ ყაიდის ყველაზე აქტიურად მოქმედ ოპერატიულ ფილიალზე...

ანვარ ალ-ავლაკი პარასკევ დილით დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსა და სპეციალური ოპერაციების ძალთა სარდლობის ერთობლივი ოპერაციის შედეგად დაიღუპა. ვაშინგტონში, როდესაც შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მაიკლ მალენის თადარიგში გასვლის ცერემონიაზე საუბრობდა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავლაკის სიკვდილს ალ ყაიდისა და მისი ფილიალების განადგურებისკენ მიმართული ფართომასშტაბიანი ძალისხმევის „მნიშვნელოვანი ეტაპი“ უწოდა:

„დღეს დილით ანვარ ავლაკი, ალ ყაიდის ლიდერი არაბეთის ნახევარკუნძულზე, იემენში მოკლეს. ავლაკის სიკვდილი არის მძლავრი დარტყმა ალ ყაიდის ყველაზე აქტიურად მოქმედ ოპერატიულ ფილიალზე.“

აშშ ანვარ ალ-ავლაკიზე ორი წელიწადი ნადირობდა და მხოლოდ ბოლო სამი კვირის განმავლობაში გავიდნენ კვალზე. უთვალთვალებდნენ საბოლოო საავიაციო დარტყმისათვის შესარჩევი მომენტის შესარჩევად. იემენის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ალ-ავლაკის სიკვდილი და განაცხადა, რომ საავიაციო იერიში განხორციელდა იემენის დედაქალაქ სანადან 140 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ხაშეფის მახლობლად.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ამერიკის სამხედრო ძალებმა ე.წ. „ტერორიზმის წინააღმდეგ ომი“ დაიწყეს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უპილოტო თვითმფრინავიდან სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ამერიკის მოქალაქეზე. იემენის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „საბას“ცნობით, პარასკევს უპილოტო თვითმფრინავის საავიაციო იერიშს ასევე შეეწირა პაკისტანური წარმომავლობის ამერიკელი მოქალაქე სამირ ხანი, რომელიც ალ ყაიდის ინგლისურენოვანი ჯიჰადისტური ონლაინ-გამოცემის - „შთაგონების“ - რედაქტორი იყო. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ კი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იერიშის დროს კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა.

და რაც ყველაზე არსებითია, ალ ყაიდის ლიდერზე პარასკევს განხორციელებული იერიში იმ სპეცდანიშნულების ძალების ანგარიშზეა, რომლებმაც მაისის თვეში საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს ოსამა ბინ ლადენი. ხელისუფლების ინფორმაციით, იემენის ტერორისტთა ლიდერი უშუალოდ მონაწილეობდა 2009 წლის 25 დეკემბერს დაგეგმილ ტერაქტში, რომელიც კონკრეტულად ფაროუკ აბდულმუტალაბს ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით უნდა განეხორციელებინა ამსტერდამ-დეტროიტის თვითმფრინავის რეისზე.
ავლაკი ალ ყაიდის საერთაშორისო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა არაბეთის ნახევარკუნძულზე. ამ როლიდან გამომდინარე, ის სათავეში ედგა უდანაშაულო ამერიკელების მკვლელობის გეგმებსა და ძალისხმევას...

აშშ-ის დაზვერვის წამომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ავლაკი ცდილობდა საწამლავით - მათ შორის, ციანიდითა და რიცინით - მოეხდინა შეტევა დასავლეთის სახელმწიფოებზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ალ-ავლაკის ამერიკელების სერიოზული საფრთხე უწოდა:

„ავლაკი ალ ყაიდის საერთაშორისო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა არაბეთის ნახევარკუნძულზე. ამ როლიდან გამომდინარე, ის სათავეში ედგა უდანაშაულო ამერიკელების მკვლელობის გეგმებსა და ძალისხმევას. ის ხელმძღვანელობდა 2009 წლის შობის დღეს თვითმფრინავის აფეთქების წარუმატებელ მცდელობას, ის ედგა სათავეში 2010 წელს ამერიკული სატვირთო თვითმფრინავის აფეთქების წარუმატებელ მცდელობასაც და სისხლიანი გეგმის განსახორციელებლად გამუდმებით მოუწოდებდა აშშ-სა და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ პირებს დაეხოცათ უდანაშაულო მამაკაცები, ქალები და ბავშვები.“

40 წლის ავლაკი, რომელსაც იემენელი მშობლები ჰყავდა, ნიუ მექსიკოში დაიბადა. მან 2004 წელს დატოვა აშშ და წავიდა იემენში, სადაც მალევე გაითქვა სახელი მკვეთრად ანტიამერიკული ქადაგებებითა და ლექციებით, რომელთა უმრავლესობასაც ინტერნეტით აქვეყნებდა.

ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ ავლაკმა ჩააგონა არმიის მაიორ ნიდალ მალიკ ჰასანს მოეკლა 13 კაცი ტეხასის პორტ ჰუდის ბაზაზე 2009 წელს.
პაკისტანელმა ამერიკელმა ფაისალ შაჰზადმა, რომელმაც აღიარა დანაშაული 2010 წლის მაისში ნიუ-იორკის ტაიმ სკვერზე ავტომანქანის აფეთქების განზრახვაში, განაცხადა, რომ ისიც ავლაკმა შთააგონა, მას შემდეგ, რაც მასთან კონტაქტი დაამყარა ინტერნეტით.
ტერორიზმში ეჭვმიტანილთა განადგურების პროგრამა არღვევს როგორც აშშ-ის, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებს...

თუმცა უპილოტო თვითმფრინავის მიერ ამერიკელი მოქალაქის მკვლელობას კამათის გარეშე არ ჩაუვლია. ადამიანის უფლებათა დამცველები ეჭვქვეშ აყენებენ ბარაკ ობამასგან დანიშნული მოხელეების მიერ ტერორიზმში ეჭმიტანილთა განადგურებას.
გასულ წელს სამოქალაქო უფლებების დაცვის ამერიკული კავშირი და ნიუ-იორკში მდებარე კონსტიტუციური უფლებების ცენტრი ავლაკის მამის მიერ მთავრობის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მხარდამჭერები იყვნენ, თუმცა საქმის განხილვა დეკემბერში შეწყდა.

შაბათს, ავლაკის მოკვლის მეორე დღეს, სამოქალაქო უფლებების დაცვის ამერიკული კავშირის დირექტორმა ჯამილ ჯაფერმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თეთრი სახლის მიერ შემუშავებული „ტერორიზმში ეჭვმიტანილთა განადგურების პროგრამა არღვევს როგორც აშშ-ის, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებს“.

კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ვინსენტ ვარენი კი აღნიშნავს, რომ ეს პროგრამა „აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევს უფლებას მოკლას საფრთხის მატარებლად მიჩნეული ნებისმიერი ამერიკელი მოქალაქე კანონითა და კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების გაუთვალისწინებლად. “
XS
SM
MD
LG