Accessibility links

logo-print

დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივის


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისათვის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელ პავლე კუბლაშვილს სასამართლოშო უჩივის და აცხადებს, რომ მათ მიერ 27 სექტემბერს ჯერ პარლამენტის სესიაზე, შემდგომ კი ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში გაკეთებულმა განცხადებებმა მისი, როგორც ადამიანის და პარლამენტის წევრის, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახა. ეს განცხადებები პარლამენტარების მიერ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას, კერძოდ, პატიმრების ოჯახებისგან ფულის გამოძალვას ეხებოდა. დიმიტრი ლორთქიფანიძემ ხელისუფლების მინიშნებები საკუთარ თავზე მიიღო და ახლა მათგან ბოდიშის მოხდას, სასამართლოსგან კი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

მორალური ზიანის ოდენობა, სიმბოლურად, ერთი ლარია - სწორედ ეს თანხაა მითითებული დიმიტრი ლორთქიფანიძის სარჩელში, რომლითაც საპარლამენტო უმცირესობის წევრი საქალაქო სასამართლოს 4 ოქტომბერს მიმართავს. ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ 27 სექტემბრის ხმაურიან სესიაზე გაკეთებული განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ან უნდა განმარტოს, ან უარყოს და ბოდიში მოიხადოს:
ფეისბუკელ მეგობრებთან თქვენი პურ-მარილები ბიუჯეტის ხარჯზე ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს პარლამენტარიზმის განვითარებას...

“ვფიქრობ, შელახულია ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის, საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება, რისთვისაც მე მივმართავ სასამართლოს. მოვუწოდებ ბატონ დავით ბაქრაძეს უპასუხოს საზოგადოების მხრიდან დასმულ შეკითხვას - ჰქონდა თუ არა მას კონკრეტული ინფორმაცია რომელიმე დეპუტატზე (და აქ ჩემი თავიც შეიძლება ვიგულისხმო) და იყო თუ არა ეს ინფორმაცია დაკავშირებული მის ზოგად-დიდაქტიკურ განცხადებასთან, რომ ცუდი მაგალითია, როცა პარლამენტარი პატიმრების ოჯახის წევრებს ფულს სძალავს. აქ მთავარი ისაა, რომ გასაგები მიზეზებისა და ჩემი მოღვაწეობის გამო ბაქრაძის განცხადების ადრესატად საზოგადოებამ სწორედ დიმიტრი ლორთქიფანიძე იგულისხმა. ამის ფორსირება მოგვიანებით ”მაესტროს” ეთერში პავლე კუბლაშვილმაც მოახდინა. დაჟინებით მოვითხოვ, მათი მხრიდან გაკეთდეს განცხადებები და განმარტონ რას გულისხმობდნენ.”

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები 27 სექტემბრის სესიაზე დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოსვლას მოჰყვა. ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისათვის” ახალმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა გია თორთლაძის ფრაქცია "ძლიერი საქართველო", სამი საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციიდან (ეუთოს, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამი) და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციები) მისი გამოწვევის ფაქტი გააპროტესტა და ეს ”ნაციონალების” ანგარიშსწორებად" შეაფასა. ლორთქიფანიძემ ეს გადაწყვეტილება მის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებისათვის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი მასალების გადაცემას დაუკავშირა. მაშინ ლორთქიფანიძემ დავით ბაქრაძეს ბიუჯეტის ხარჯზე ”ფეისბუკელ” მეგობრებთან შეხვედრებიც გაუხსენა:

”ფეისბუკელ მეგობრებთან თქვენი პურ-მარილები ბიუჯეტის ხარჯზე ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს პარლამენტარიზმის განვითარებას.”

ამას მოჰყვა კიდეც პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება, რასაც დღეს დიმიტრი ლორთქიფანიძე ღირსების შელახვად აფასებს და სასამართლოში ჩივის. ბაქრაძის პასუხი ასეთი იყო:

”საზოგადოებასთან შეხვედრა და პირდაპირი კონტაქტი კარგი მაგალითია პარლამენტარის მხრიდან. ცუდი მაგალითი კი არის, მაგალითად, ის, როცა პატიმართა ოჯახებისგან ცდილობ ფულის გამოძალვას რაღაც დაპირებების სამაგიეროდ. და ვინ იძლევა ცუდ მაგალითს და ვინ კარგს, ამაზე თავად საზოგადოებამ იმსჯელოს.”
რაც შეეხება კონკრეტულად ფულის გამოძალვის ფაქტებს, ამაზე თავად ლორთქიფანიძე აცხადებდა, რომ მისი სახელის გამოყენებას ცდილობდნენ ვიღაცები...

მართალია, პარლამენტის თავმჯდომარეს კონკრეტული პარლამენტარის გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ დიმიტრი ლორთქიფანიძემ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდება საკუთარ თავზე მიიღო. ამას დაემატა პავლე კუბლაშვილის სატელევიზიო კომენტარიც. ტელეკომპანია ”მაესტროს” ჟურნალისტმა ეკა ბერიძემ პავლე კუბლაშვილს ჰკითხა:

”საქართველოს პარლამენტში არის თუ არა დეპუტატი, რომელიც პატიმრის სახელს იყენებდა იმისთვის, რომ მისი ოჯახისთვის ფული გამოეძალა და დეპუტატის მანდატით სპეკულირებდა?

პავლე კუბლაშვილი: ცალკეულ შემთხევვაში ასეთი ინფორმაცია იყო
ჟურნალისტი: ვისზე?
პავლე კუბლაშვილი: მათ შორის დიმიტრი ლორთქიფანიძეზეც.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამ ფაქტის პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის მხოლოდ დავით ბაქრაძის განცხადებას განმარტავს:

”ის, რაც ბატონმა ბაქრაძემ თქვა, აბსოლუტურად ლოგიკურია და სწორი, რომ პარლამენტარის მხრიდან (და აქ არ არის ლაპარაკი კონკრეტულად დიმიტრი ლორთქიფანიძეზე), რომელიც შეწყალების კომისიის წევრია ან სხვადასხვა ფორმით კავშირი აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან, ფულის გამოძალვა და მსგავსი ქმედებები არის ცუდი საქციელი. ამაში სადავო არაფერია და ვერც გახდის ბატონი ლორთქიფანიძე. რაც შეეხება კონკრეტულად ფულის გამოძალვის ფაქტებს, ამაზე თავად ლორთქიფანიძე აცხადებდა, რომ მისი სახელის გამოყენებას ცდილობდნენ ვიღაცები. ამ დეტალებში ღრმად აღარ ვისაუბრებ. და სარჩელს რაც შეეხება, შეიტანოს და შემდეგ ვნახოთ...”

თავად დიმიტრი ლორთქიფანიძე კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ ახალი ფრაქციის აქტიურობა ვერ აიტანა და ეს დამოკიდებულება ჩანს იმ რამდენიმე უარში, რომელიც ფრაქციამ ”ერთობა სამართლიანობისათვის” მიიღო და რომლის წევრებიც ლორთქიფანიძესთან ერთად ასევე არიან გია ცაგარეიშვილი, პეტრე მამრაძე და ჯონდი ბაღათურია:

”ჩვენ უარი გვითხრეს სპიკერატზე, უარი გვითხრეს საერთაშორისო დელეგაციების წევრობაზე, უარს გვეუბნებიან ნდობის ჯგუფის წევრობაზე. თუ ეს არის პარლამენტარიზმის განვითარების ხელშემწყობი გარემოებები, მაშინ არ ვიცი... თავად განმარტონ”...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG