Accessibility links

logo-print

ცხინვალში დაკავებულების ბედი ჟენევაში განიხილება


გაეროს შტაბბინა ჟენევაში

გაეროს შტაბბინა ჟენევაში

თბილისი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ცხინვალის საპატიმროებში სულ უფრო იზრდება უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი და რომ დაკავებულების თემას ოკუპირებული ტერიტორიის ლიდერები სავაჭრო თემად იყენებენ. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, ქართული მხარე ამ საკითხის წამოყენებას 4 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-17 რაუნდზე აპირებს. ქართული მხარე დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა, როგორც ირკვევა, სულ სხვა მოლოდინი აქვს ოსურ მხარეს.

ჯერ ისევ გაურკვეველია 22 აგვისტოს დაკავებული ელგუჯა, შოთა და გიგა ბზარაშვილების ბედი და ჯერჯერობით ისიც უცნობია, თუ რაში ადანაშაულებს მათ ცხინვალი. გავიხსენოთ, რომ მწყერზე სანადიროდ წასული ბიძა და ძმისშვილები ოსმა და რუსმა ე.წ.-მა მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან დააკავეს. ცხინვალის პატიმრები დაახლოებით 2 კვირის წინ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტმა მოინახულა, მათ ამანათები გადასცა, ხოლო ოჯახის წევრებს წერილებიც ჩამოუტანა.
ჩვენ გვექნება მოლაპარაკებები იმაზე, თუ კონკრეტულად როგორ და რა დროში უნდა გაათავისუფლონ ეს ხალხი. იმედია, რომ ეს ძალიან მალე მოხდება. ვნახოთ...

”თავიანთი ხელით არის დაწერილი, მაგრამ ეგ არის, რომ კომპიუტერიდან არის ამობეჭდილი. ნუ, წერენ, კარგად ვართო, ვენატრებით და მალე გამოსვლა უნდათ... აქეთ გვამშვიდებენ - ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ აბა, როგორ უნდა დავმშვიდდეთ?! თვე-ნახევარია უკვე თითქმის იქ არიან... სასამართლო არა ყოფილა, ძიება მიდისო”, - უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა და გიგა ბზარაშვილების მამამ, სოსო ბზარაშვილმა.

ბზარაშვილების ისტორია იმ დიდი პრობლემის ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც ქართული მხარე საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში 4 ოქტომბერს წამოჭრის. ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლების მიმართულებით პროგრესი პრაქტიკულად აღარ შეინიშნება. ამასთან, ბოლო პერიოდში იმატა დაკავების ფაქტებმაც და, თბილისის ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ცხინვალის საპატიმროებში ამჟამად საქართველოს 20 მოქალაქე იმყოფება, რომელთა უმრავლესობასაც საზღვრის უკანონოდ გადალახვა ედება ბრალად.

როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ ჟენევიდან ტელეფონით შეატყობინა რადიო თავისუფლებას, ცხინვალის რეჟიმი სულ უფრო უხეშად არღვევს მხარეებს შორის მიღწეულ ჯენტლმენურ შეთანხმებას დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე და სულ უფრო მეტი ადამიანი ”აჰყავს მძევლად”, რათა მერე ”პოლიტიკურ ვაჭრობაში” გამოიყენოს. სერგი კაპანაძის თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ”ეს საშინელი უკანონობა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს”:

”არც ჩვენ და არც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აქ იმყოფებიან, ამ კუთხით არ იშურებენ ძალისხმევას. ჩვენ გვექნება მოლაპარაკებები იმაზე, თუ კონკრეტულად როგორ და რა დროში უნდა გაათავისუფლონ ეს ხალხი. იმედია, რომ ეს ძალიან მალე მოხდება. ვნახოთ. საბოლოო ჯამში, ეს არის საკითხი, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, წყდება მოსკოვში.”

ქართული მხარისგან განსხვავებით, დაკავებულთა საკითხს ჟენევაში განსახილველად არ მიიჩნევს ოსური მხარე. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა უთხრა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა ”ეხო კავკაზას”, შედეგებს ისინი უფრო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოელიან. ჩიგოევის თქმით, ამ კუთხით მათთვის იმედისმომცემი იყო 2 სექტემბერს დვანში გამართული ბოლო შეხვედრა:
ჩვენ არ ვაპირებთ, რომ პოლიტიკურ ვაჭრობაში შევიდეთ საოკუპაციო რეჟიმთან, რადგან ეს მათ ხელ-ფეხს გაუხსნის და მერე შეუძლიათ ყოველდღე დააკავონ ადამიანები...

”ბოლო შეხვედრაზე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, დვანში გარკვეული იმედი გაჩნდა. ქართულმა მხარემ, არაერთი უარის შემდეგ, პრინციპში მოგვცა გარკვეული იმედი, რომ საკითხი შესაძლოა დაიძრას მკვდარი წერტილიდან. ახლა ჩვენ ვამზადებთ წინადადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.”

იმ წინაადებების მიხედვით, რომლებზეც ამჟამად მუშაობს ოსური მხარე, პრინციპით „ყველა ყველაზე“, პატიმრები და განსასჯელები ორივე მხარემ უნდა გაათავისუფლოს. ამ ფორმულაში ოსური მხარე გულისხმობს 2008 წლის ომამდე დაკავებულ პირებსაც, რომლებსაც სხადასხვა მძიმე დანაშაულში - მათ შორის, ტერორიზმშიც - ედებათ ბრალი და რომელთა გათავისუფლება მანამდეც არაერთხელ მოუთხოვია ცხინვალს.

თუმცა, როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ ჟენევიდან სატელეფონო საუბარში უთხრა რადიო თავისუფლებას, ოსური მხარის იმედები უსაფუძვლოა, რადგანაც თბილისი არასოდეს დათანხმდება სახიფათო კრიმინალები საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე გაცვალოს.

”ჩვენ არ ვაპირებთ, რომ პოლიტიკურ ვაჭრობაში შევიდეთ საოკუპაციო რეჟიმთან, რადგან ეს მათ ხელ-ფეხს გაუხსნის და მერე შეუძლიათ ყოველდღე დააკავონ ადამიანები და მერე ან ვიღაცაში გაცვლა და ან რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მოითხოვონ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სერგი კაპანაძემ.

მას იმედი აქვს, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერითა და ძალისხმევით, ქართული მხარე სასურველ შედეგს მიაღწევს.
XS
SM
MD
LG