Accessibility links

logo-print

ქართველი პარლამენტარი სპიკერ ბაქრაძეს სასამართლოში უჩივის


საპარლამენტო ფრაქციის -“ერთობა სამართლიანობისთვის”- წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს ღირსების შელახვისთვის უჩივის. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამის საფუძველი 27 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დავით ბაქრაძის მიერ მის საპასუხოდ გაკეთებული განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც, “ცუდი მაგალითია, როცა პარლამენტარი პატიმართა ოჯახებისაგან დაპირებების სანაცვლოდ ფულის გამოძალვას ცდილობს”. ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დაადასტურა, რომ “შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში” მსგავსი ინფორმაცია როგორც ლორთქიფანიძეზე, ისე სხვა დეპუტატებზე, არსებობს. თუმცა შემდეგ “სხვა დეპუტატების” ვინაობა აღარ დაუსახელებია. “შეილახა ჩემი საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება”, აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომლიც დავით ბაქრაძის წინააღმდეგ სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომებრს შეიტანს. ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარისაგან ღირსების შელახვისთვის სიმბოლური თანხის – 1 ლარის კომპენსაციას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG