Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური რეკლამა თუ წინასაარჩევნო კლიპი?


”თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე.
”თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე.
პოლიტიკური პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა ტელეკომპანიების ეთერში 18 სექტემბრიდან გასულ იმ სარეკლამო კლიპს აპროტესტებს, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას გაზრდილი პენსიების შესახებ ამბავს ამცნობს. 4 ოქტომბერს პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ვიქტორ დოლიძემ, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საკითხის განხილვა და იმ ტელეკომპანიებზე შესაბამისი სანქციების დაწესება მოსთხოვა, რომლებმაც, მისი შეფასებით, კანონდარღვევით გაუშვეს საკუთარ ეთერში ე.წ. სოციალური რეკლამა.
ეს არ არის სოციალური რეკლამა, როგორც ამას გვეუბნებიან, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი სოციალური რეკლამა, კანონის მიხედვით, არის საზოგადოების კეთილდღეობისა და ქველმოქმედებისაკენ მიმართული სოციალური კლიპი...

”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ვიქტორ დოლიძემ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში საჩივრის წერილის შეტანამდე გაზრდილი პენსიების შესახებ სარეკლამო კლიპის წარმომავლობის ამბავი ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ჰკითხა. გია ჭანტურიას საპასუხო წერილში აღნიშნული იყო, რომ ეს არის სოციალური რეკლამა, რომლის დამკვეთი ჯანდაცვის სამინისტროა. ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ 18 სექტემბრიდან ტელეეთერში უფასოდ გადის არა სოციალური, არამედ ხელისუფლების გამოკვეთილად პროპაგანდისტული რეკლამა, რაც კანონდარღვევაა:

“ეს არ არის სოციალური რეკლამა, როგორც ამას გვეუბნებიან, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი სოციალური რეკლამა, კანონის მიხედვით, არის საზოგადოების კეთილდღეობისა და ქველმოქმედებისაკენ მიმართული სოციალური კლიპი. აქ კი,ამ რეკლამაში, ხელისუფლების მიერ მიღწეულ კონკრეტულ შედეგზეა ლაპარაკი, რომ აი, მე, სააკაშვილმა, კიდევ ათი ლარი მოვუმატე პენსიას და ეს არის პირადად პრეზიდენტის და ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის რეკლამა.”

”სამართლიანი არჩევნების” ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ეკა სირაძე დელონე ამბობს, რომ კანონში ფარული რეკლამის შესახებ არაფერი წერია. შესაბამისად, არასაარჩევნო პერიოდში გაშვებული კლიპის პოლიტიკური შინაარსის დამტკიცება რთული საქმეა. ეს შესაძლოა სასამართლომ გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაში პასუხს ვერ მოვთხოვთ ვერც ცესკოს, რადგან ის საარჩევნო მოვლენებზე ზედამხედველი მხოლოდ საარჩევნო პერიოდშია, რასაც საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს და ის არჩევნებამდე ორი თვით ადრე პერიოდს მოიცავს. ეკა სირაძე დელონეს ამ კონკრეტული სარეკლამო რგოლის ამბავმა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდი გაახსენა:
ის სარეკლამო რგოლი, რომელიც დავის საგანი გახდა და კითხვები გააჩინა, არავითარ შემთხვევაში არ არის წინასაარჩევნო რეკლამა...

”გახსოვთ, ალბათ, 2010 წლის არჩევნების წინ გიგი უგულავამ საკმაოდ ადრე დაიწყო აქტივობა. ეს შუქდებოდა ტელევიზიით, იყო რეკლამებიც, მაგრამ ვერავინ ვერაფერი თქვა საწინააღმდეგო, რადგან ეს არ იყო უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდი, ეს ერთი, და, რაც მთავარია, იყო ფარული რეკლამა, რაზეც კანონში არაფერი წერია და ვერც მოედავები, ანუ გამოვიდა, რომ ის, რაც აკრძალული არ არის,დაშვებულად ითვლება. ახლაც ასეა.”

კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ”თავისუფალი დემოკრატების” საჩივარზე მის განხილვამდე ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება. თუმცა რადიო თავისუფლება ესაუბრა კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს კახი ყურაშვილს. ჩვენ მას ვკითხეთ, სად გადის ზღვარი სოციალურ და პოლიტიკურ რეკლამას შორის და პენსიების თემაზე შექმნილი კლიპი, მისი აზრით, მოიცავს თუ არა პროპაგანდის ელემენტებს:

”ის სარეკლამო რგოლი, რომელიც დავის საგანი გახდა და კითხვები გააჩინა, არავითარ შემთხვევაში არ არის წინასაარჩევნო რეკლამა. ასეთად რომ ჩაითვალოს, წინასაარჩევნო პროცედურები უნდა იყოს დაწყებული.ესეც რომ არ იყოს, წინასაარჩევნო რეკლამა არის ამა თუ იმ კანდიდატის ამომრჩევლისადმი რაიმე სახის მიმართვა, ან კანდიდატების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული რეკლამა. ყოველ შემთხვევაში, დღეს არსებული კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ პენსიების თემაზე შექმნილი სარეკლამო კლიპი წინასაარჩევნო რეკლამად შევაფასოთ.”

პიარ და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ”ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულმა სარეკლამო რგოლმა, მისი სოციალური რეკლამის სტატუსის მიუხედავად, აუდიტორიაზე, ანუ პოტენციურ ამომრჩეველზე, კარგად იმუშავა. ამ ამომრჩეველში 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა იგულისმხება - დაახლოებით 800 000 ადამიანი:

”არის სოციალური რეკლამა, რომ ინფორმაციას აწვდის, რომ 15 რიცხვიდან მიიღებს პენსიონერი გაზრდილ პენსიას, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ როდესაც ისინი 15-ში მივიდოდნენ პენსიის ასაღებად, ამ კლიპის გარეშეც დაერიცხებოდათ გაზრდილი პენსია. ამ კლიპის ინტენსივობა მაფიქრებინებს, რომ ის გარკვეული პოლიტიკური მესიჯების შემცველიც იყო და პოლიტიკური ზეგავლენის მოსახდენადაც გაკეთდა. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ძალიან ზუსტი, კარგად გათვლილი ნაბიჯი იყო ხელისუფლების მხრიდან, რადგან ამ რეკლამამ გაამართლა, გარკვეული პოლიტიკური ვნებათაღელვები დააცხრო და აქ საუბარია 800 000 ადამიანზე, რომელთა დაკმაყოფილებაც უნდა მომხდარიყო გაზრდილი პენსიით.”

ჯერ უცნობია რას გადაწყვეტს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, თუმცა წინასწარ განგვიმარტეს, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი, ანუ მაუწყებელი, პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე. მასზე პასუხისმგებელი რეკლამის დამკვეთია. სხვათა შორის, ამგვარ პასუხს კომისიისგან ელის კიდეც ვიქტორ დოლიძე და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ ჯანდაცვის სამინისტროსთვის საქალაქო სასამართლოში ჩივილი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG