Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 4 ოქტომბერი, 2011


რუსეთში წინასაარჩევნო კამპანია ძალას იკრებს და ხელისუფლება სულ უფრო მეტად ამჟღავნებს ცვლილებათა მიმართ რეზისტენტულობას, ანუ რეალური ცვლილებების არმოხდენისკენ მიდრეკილებას. ამაზე პრესა სულ უფრო აქტიურად წერს. ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს ცვლილება ვერც საკანონმდებლო და ვერც აღმასრულებელ დონეზე ვერ მოახერხა. უფრო მეტიც, ის საარჩევნო უფლებას საკუთარ პრივილეგიად აფასებსო, წერენ გაზეთები. ხელისუფლება - უფრო კი მმართველი ელიტა - ინაწილებს ადგილებს მანამ, სანამ მოსახლეობა არჩევანს გააკეთებსო (ის, რომ პუტინი და მედვედევი წინასწარ შეთანხმდნენ, რომ სისტემური ცვლილებით ისინი ადგილებს გაცვლიან, გაზეთების მიხედვით, ცინიზმია და დაცინვა მოქალაქეობის იდეისა). სისტემური ცვლილებები ცეკას გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო, ამიტომაც მოვხსენითო საბჭოთა სისტემის რკინის მარწუხი საზოგადოებასო, ამიტომაც მოვახდინეთ სისტემის დემონტაჟიო, - წერს მიხეილ გორბაჩოვი საკმაოდ საინტერესო წერილში, რომელიც „ნოვაია გაზეტაში“ დაიბეჭდა. მისი თქმით, მაშინ სისტემის ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ სხვაფრივ ქვეყანა ვერ განვითარდებოდა და მოქალაქეთათვის კატასტროფულად მტკივნეულად ჩამოიშლებოდა. სისტემა მაინც ჩამოიშალა, - მტკივნეულადაც და, ალბათ, უსამართლოდაც, - თუმცა, გორბაჩოვის აზრით, არ მოხდა მთავარი, არ მოხდა რეალური განვითარება, ანუ ის, რისთვისაც ვიბრძოდითო. პირიქით, „პერესტროიკის“ ავტორის თქმით, სისტემის ჩამოშლას რეალურად მოჰყვა რეფორმათა მხოლოდ და მხოლოდ იმიტაცია, რადგან რეალურად ხელისუფლებაში მოხვდნენ ისევ მცირე ჯგუფები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებებს ნერგავენ პასიური ხალხის მასაში - მოკლედ, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ძალაუფლებაში დარჩნენო. დაინერგა რიტორიკა, რომ ცვლილება საშიშია, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს ქაოსი და წარსულში დაგვაბრუნოსო. ანუ, გორბაჩოვის თქმით, მმართველი ელიტა დაახლოებით ამას ამბობს: კარგი, ჩვენ თუ არა, მაშინ ვინ - აი, ისინი? ქვეყანა ხომ ასეთ შემთხვევაში რეფორმატორის კურსს დაკარგავს, მოდერნიზაციის პროცესი შეჩერდებაო… ასეთია რუსეთის მმართველი ელიტის მიერ ჩანერგილი დისკურსი მოქალაქეთა ცნობიერებაში, დისკურსი,რომელიც საზოგადოებაში სხვადასხვა მეთოდით ინერგება - იქნება ეს სხვადასხვა საკანონმდებლო კოსმეტიკური თუ თვალისმომჭრელი ინფრასტრუქტურული ცვლილებები, თავისუფლად მოსაუბრე ტელედიქტორების ტექსტები თუ სხვა ამგვარი, რასაც გორბაჩოვი, როგორც ითქვა, კოსმეტიკას უწოდებს და რაც რეალურად მოქალაქის ინტერესებს არ ემსახურება - ის მხოლოდ და მხოლოდ ელიტების ინტერესებშიაო. ასეთივე კოსმეტიკური ცვლილებები მოხდა, მისი თქმით, სასამართლო სისტემაში, მედიაში, სისტემის სხვა რგოლებში - არსებული სისტემა მოქალაქეთა მეორეხარისხოვან ადამიანებად დარჩენას ემსახურება… რუსულ სივრცეში, გორბაჩოვის თქმით, ინერგება კაპიტალიზმის ყველაზე უხეში და უსამართლო ფორმა, ოლიგარქიული კაპიტალიზმი, ანუ ხელისუფლება ქმნის და იცავს საკუთარი კაპიტალის ინტერესებს. ამიტომ გორბაჩოვი თვლის, რომ სისტემური ცვლილება უნდა მოხდეს კიდევ ერთხელ. ის ამას რევოლუციას არ არქმევს - უბრალოდ, მოქალაქეებს მოუწოდებს ფართო დისკურსში ჩაებან:

”ისინიც კი, ვინც აღიარებს ცვლილებათა აუცილებლობას”,- ამბობს გორბაჩოვი, - ”ელოდებიან რეფორმებს ზევიდან, კრემლიდან. ნუთუ ჩვენ დღემდე ველოდებით ’მეფე-რეფორმატორს’ და არა გვაქვს იმედი საკუთარი ძალის?”- კითხულობს გორბაჩოვი. - „ნუთუ მოსახლეობა ჯერ კიდევ უუნარო მასა გვგონია?.. ”

ხელისუფლება შეძვრა ბუნკერში და ცინიკური კანონმდებლობით და ადმინისტრაციული რესურსით აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ხელისუფლების ცვლა შეუძლებელი გახდეს, - წერენ პრესაში. თუმცა, გორბაჩოვისგან განსხვავებით, სხვა ავტორები პრობლემას უშუალოდ საზოგადოებაში ხედავენ, საზოგადოებაში, რომელსაც მიაჩნია, რომ ’ადამიანები უნდა არსებობდნენ სახელმწიფოსთვის და არა სახელმწიფო ადამიანებისთვის’. სწორედ აქ ხედავენ ცვლილებათა შეუძლებლობის ფუნდამენტს პრესის ანალიტიკოსები - ადამიანების უუნარობაში პირადად იტვირთონ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები… ეს იმ აზროვნების გაგრძელებააო, ამბობენ, რაზეც საბჭოთა კავშირი იდგა და რაზეც დგას დღევანდელი ხელისუფლებაო. გამოსავალი სამოქალაქო საზოგადოებაშიაო, წერს „ნოვაია გაზეტაში“ დმიტრი ორეშკინი, რადგან მმართველთა რიტორიკა, რომ ისინი ქვეყნის მოდერნიზებას ცდილობენ და ამიტომ მათი შეცვლა ამ ეტაპზე არასწორია, ჰგავსო საბჭოთა კავშირის მიდგომას, საბჭოთა კავშირისა, რომელიც მასებს მოუწოდებდა ”სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა”(НТП) თუ ”სამეცნიერო ტექნიკური რევოლუციისკენ” (НТР), რაც იგივეა, რასაც თანამედროვე რუსეთის ელიტურ დისკურსში ქვეყნის მოდერნიზება ჰქვიაო.
XS
SM
MD
LG