Accessibility links

logo-print

ჟენევაში მიმდინარეობს საერთაშორისო დისკუსიის მე-17 რაუნდი


ჟენევაში მიმდინარეობს ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-17 რაუნდი. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია კვლავ ითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ, რომელიც დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობს, რადიო თავისუფლებას ჟენევიდან განუცხადა, რომ საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საბოლოო მიზანია 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება, დეოკუპაცია, ორი რეგიონიდან რუსი სამხედროების გასვლა და მათი შეცვლა საერთაშორისო სამშვიდობო და საპოლიციო ძალებით. სერგი კაპანაძის თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების მხრივ, პროგრესი ჯერჯერობით არ შეინიშნება, თუმცა ჟენევის დისკუსიის საერთაშორისო თანათავმჯდომარეებთან არსებობს კონსენსუსი, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს. ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში რჩება უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლების და დევნილთა დაბრუნების პრობლემები. გარდა ამისა, თბილისის დელეგაცია მოითხოვს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შარშან ნოემბერში გამოთქმულ ინიციატივას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რუსეთმა ანალოგიური ვალდებულებით უპასუხოს. თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ მსგავს შეთანხმებას ხელი არა მან, არამედ საქართველომ უნდა მოაწეროს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან.
XS
SM
MD
LG