Accessibility links

”პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი დაიკარგა” - გაზეთ ”რეზონანსის” ამ პუბლიკაციის თანახმად, მთავრობამ პარლამენტში, კონსტიტუციური ვადების დაცვით, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შეიტანა, მაგრამ ამ პროექტის არც ბეჭდური და არც ელექტრონული ვერსია თვალით არავის უნახავს. შესაბამისად, გაზეთი სვამს კითხვას, შეიტანა თუ არა საერთოდ მთავრობამ ბიუჯეტი პარლამენტში და თუ შეიტანა, რატომ არის პროექტი გასაიდუმლოებული.

”ექვსიანი“ იშლება? - წინასწარ ვარაუდებს ამ შეკითხვაზე პასუხის სახით ასევე ”რეზონანსში” წაიკითხავთ. კერძოდ, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, გაზეთს განუცხადა, რომ ”ექვსიანის“ მომავალი გეგმები 5 ნოემბრამდე - ანუ ”რესპუბლიკური პარტიის” ყრილობამდე - უნდა გაირკვეს. მისი თქმით, ამ თარიღამდე ან საარჩევნო ბლოკი შეიქმნება, ან „ექვსიანი“ დაიშლება. ბლოკის შესაქმნელად კი, დავით ბერძენიშვილის აზრით, საჭიროა, რომ ”თავისუფალი დემოკრატები” და ”ეროვნული ფორუმი” კოალიციას არ გამოეთიშონ.

გაზეთ „ვერსიასთან“ საუბარში ”ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური კი, თავის მხრივ, ამბობს, რომ ”ექვსიანის“ წარმატებისთვის აუცილებელია საერთო ფინანსები, საერთო ლიდერი, ერთობლივი შტაბი და სტრუქტურები. იგი აღნიშნავს, რომ ამ გაერთიანების ლიდერად ირაკლი ალასანია მოიაზრებოდა. ამიტომ აუცილებელია, რომ ალასანიამაც და სხვებმაც დაგროვილ საკითხებზე კონკრეტულად იმსჯელონ. ”მოლოდინის რეჟიმში ურთიერთობის გაგრძელების სურვილი არანაირად არ მაქვს, რადგან ეს მხოლოდ სააკაშვილის გეგმების ხელშეწყობა იქნება”, - განმარტავს ზვიად ძიძიგური გაზეთ ”ვერსიასთან” საუბარში.

”არჩილ გეგენავას მერაბიშვილმა კრიმინალურ ავტორიტეტთან კავშირისა და რუსეთში გადარიცხული თანხების ფაქტები დაუდო”, - იუწყება ასევე გაზეთი ”ვერსია”. გაზეთის თანახმად, ძირითადი მიზეზი, რის გამოც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა არჩილ გეგენავას კომპანიები სამინისტროს ტენდერს ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჩამოაშორა, კრიმინალურ შინაარსს ატარებს. პირი კი, რომელსაც გეგენავამ თანხები რუსეთში გადაუგზავნა, მისი ძველი მეგობარია. ”მართალია, სახელმწიფო ტენდერებს ჩამოაშორეს, მაგრამ გეგენავას ამით მხოლოდ რამდენიმე მილიონი ჩამოაჭრეს, წერს ”ვერსია“. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ტენდერებიდან გეგენავას წილი მხოლოდ 30 პროცენტი იყო, 70 პროცენტი კი „ნაციონალური მოძრაობის“ ყულაბაში მიჰქონდა. ხელისუფლებაში ყველამ კარგად იცის, რომ კვების ტენდერების 70 პროცენტიანი წილი მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაზეა გათვლილი, -წაიკითხავთ ”ვერსიაში”.

”მაკმილანის” სახელმძღვანელოები ყველა ქვეყნის მოსწავლეებისათვისაა გათვლილი” - ინტერვიუს ამ სათაურით განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან დღეს გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს. ინტერვიუ ერთგვარი გამოხმაურებაა იმ კრიტიკაზე, რომელიც ინგლისური ენის სახელმძღვანელოების მიმართ ბოლო დროს ხშირად ისმის. თქმა იმისა, ამბობს განათლების მინისტრი, რომ სახელმძღვანელო ყველა ქვეყნისთვის ცალ-ცალკე უნდა იყოს ადაპტირებული, არაკომპეტენტურია. ”ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია ერთნაირია სერბისთვისაც, ჩინელისთვისაც და ქართველისთვისაც. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ თანამედროვე ინგლისური ენის სახელმძღვანელო უნდა იყოს გათვლილი რომელიმე ქვეყნის მოსწავლის მენტალიტეტზე, არის სრული აბსურდი”, - განმარტავს დიმიტრი შაშკინი.

გაზეთი ”ახალი თაობა” კი ვარაუდობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს ამ რანგში მოსკოვში პირველი ვიზიტისას, სხვა საკითხებზე საუბართან ერთად, განმარტებების გაკეთება მოუწევს იმაზეც, ამზადებდნენ თუ არა ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებს აფხაზეთში. ანქვაბი 6 ოქტომბერს ჩადის რუსეთის დედაქალქში. ”ახალი თაობის” ცნობით კი, სასამართლო 7 ოქტომბერს გამოიტანს განაჩენს ჩრდილო კავკასიაში ტერორისტული აქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი იმ 30 პირის მიმართ, რომელთაც თითქოს აფხაზეთში წვრთნიდნენ.
XS
SM
MD
LG