Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ექსპერტების აზრით, ცხინვალში სამოქალაქო ომის საფრთხე რეალურია და ამის ნიშნები უკვე აშკარაა - ყოველდღიურად აკავებენ და სცემენ ოპოზიციის მომხრეებს, ისმის სროლის ხმა.

რუსული საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ გუშინ კიდევ ერთ ოპოზიციონერს, როლანდ ქელეხსაევს, სცემეს ნიღბიანმა პირებმა. დღეს დილით კი ოსმა ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ცხინვალის ციხეში მყოფი ოპოზიციონერი ალან კოჩიევი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ცხინვალის საავადმყოფოშია გადაყვანილი. კოჩიევს 30 სექტემბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული. კოკოითის მთავარი ოპონენტი ჯამბოლათ თედეევი კი ისევ საკუთარ სახლში იმყოფება, ასობით ადამიანი მას ცოცხალ ფარად უდგას და იცავს. ოპოზიციური საიტი „უასამონგა“ ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ომონი სახლის შტურმით აღებას და თედეევის დაპატიმრებას გეგმავს. თედეევის მომხრეები აცხადებენ, რომ საკუთარ რჩეულს ბოლომდე დაიცავენ.

ვითარება ცხინვალში 30 სექტემბერს გამწვავდა, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თედეევს რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამ დროს მისმა მომხრეებმა მიტინგი გამართეს, რა დროსაც მოხდა შეხლა-შემოხლა სამთავრობო ძალებთან. თედეევის მომხრეების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა თეიმურაზ ხუგაევმა კომისიაზე ზეწოლა მოახდინა. კოკოითის ხელისუფლება კი ოპოზიციას არეულობის დაწყებასა და ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. მიმდინარეობს თედეევის მომხრეების დაკავება.

დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის მონაცემებით, დაკავებულია 30-ზე მეტი პირი, ოპოზიცია კი 90-დან 150-მდე ადამიანის დაკავების შესახებ იუწყება. სისხლის სამართლის საქმე თედეევის წინააღმდეგაც აღძრულია, მაგრამ იგი პროკურატურაში არ ცხადდება. ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში თედეევი აცხადებს, რომ კოკოითის მისი დაკავება კი არა, რესპუბლიკიდან გაძევება უნდა, თვითონ კი მომხრეების მიტოვებას არ აპირებს, რადგან მათ სასტიკად გაუსწორდებიან.

ოპერაცია „სპორტსმენი“ და ჩაშლილი ფერადი რევოლუცია - ასე შეაფასა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ თედეევის მომხრეების ქმედება. ეს განცხადება კოკოითიმ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გააკეთა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ ანტიკონსტიტუციურ ქმედებას წინ აღუდგება.

თედეევის მხარდასაჭერად რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან ცხინვალში სპორტსმენები მართლა ჩავიდნენ. ამის შემდეგ კოკოითის ბრძანებით რუსეთ-დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა. ოფიციალური ცხინვალის განცხადებით, შეზღუდვა არ შეეხებათ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, რუსულ სამხედრო ბაზებზე დასაქმებულებს და ეფ-ეს-ბეს თანამშრომლებს. ამასობაში ვლადიკავკაზშიც დაიწყო მიტინგები. იქ შეკრებილი ადამიანები ცხინვალში დაკავებული ნათესავების გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხინვალისკენ მიმავალი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ითარება რომ უკიდურესად დაძაბულია, ამას მოსკოვშიც კარგად გრძნობენ. დუმის დეპუტატმა არსენ ფაძაევმა მხარეებს შუამავლობა შესთავაზა, მაგრამ კოკოითიმ დეპუტატს პროვოკატორი და თედეევის მხარდამჭერი უწოდა. მეორე დღეა ოპოზიცია რუსეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს წერილს წერილზე უგზავნის და საქმეში ჩარევას სთხოვს, კრემლი კი ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG