Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯი პოლიტიკაში


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
5 ოქტომბერს მულტიმილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი კომპანიის „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომ აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამ განცხადებამდე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ცნობილი იყო შთამბეჭდავი ფილანთროპიული საქმიანობითა და ხაზგასმული აპოლიტიკურობით. რატომ გადაწყვიტა საქართველოს ყველაზე მდიდარმა მოქალაქემ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა და წარმატების რა შანსი აქვს მას?

„ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. "მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - ესაა ფრაგმენტი მულტიმილიარდელის განცხადებიდან, რომელიც, „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის უფროსის ელზა ნაბახტეველის თქმით, სრულად 7 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
ახლანდელ ხელისუფლებას საქმე მშვენივრად აქვს აწყობილი: სიტუაციას აბალანსებს, ბიზნესს აკონტროლებს; თავისი მანიპულაციებით მიაღწია იმას, რომ ფსევდოოპოზიციას შესანიშნავად მართავს...

გავრცელებული განცხადების ტექსტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის ვაჟმაც. მომღერალმა ბერა ივანიშვილმა მამის განცხადებას ასეთი კომენტარი დაურთო: "დროა ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება!“.

პოლიტიკის ქართველი ექსპერტებისათვის ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. მიმდინარე წლის მაისში „ქართუ ჯგუფმა“ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის ბრალდების პასუხად ვრცელი განცხადება გაავრცელა:

„ახლანდელ ხელისუფლებას საქმე მშვენივრად აქვს აწყობილი: სიტუაციას აბალანსებს, ბიზნესს აკონტროლებს; თავისი მანიპულაციებით მიაღწია იმას, რომ ფსევდოოპოზიციას - საპარლამენტოსაც და არასაპარლამენტოსაც - შესანიშნავად მართავს... ნამდვილ ოპოზიციურ მოძრაობას საკმაოდ უჭირს სათანადო წინააღმდეგობის გაწევა. ასე რომ, მოახლოებული არჩევნების წინ სააკაშვილის პოზიციები საკმაოდ მყარია. სწორედ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს, დაიხმაროს ქართველი ხალხი და ასევე დაარწმუნოს რუსეთის მთავრობაც, რათა მოიშოროს ივანიშვილი და მისგან თეორიულად მოსალოდნელი შესაძლო ხიფათი თავიდან აიცილოს.“

შალვა ნათელაშვილმა კი ბიძინა ივანიშვილს ბრალი ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში დასდო:

„ეს არის ის ივანიშვილი, რომელიც 150 მილიონს სააკაშვილს აძლევს; მერაბიშვილისთვის ყიდულობს ტექნიკას, ავტომანქანებს, ელექტროშოკურ და ქიმიურ იარაღს.“

ლეიბორისტები, 5 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკოსად არ მიიჩნევენ, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს ლევან ვეფხვაძეს კი, ინფორმაციის სიმწირის გამო, ვითარებაში გარკვევა უჭირს:
პერსონებს თავისთავად არ აქვს მნიშვნელობა და, ალბათ, ასევე არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად უხვად იქნება დაფინანსებული ესა თუ ის პოლიტიკური პარტია...

„პოლიტიკაში მონაწილეობა ნიშნავს ან მის უშუალო მონაწილეობას, ან რომელიმე არსებული პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერას. როგორც ჩანს, ის პირველი გზით აპირებს წასვლას, მაგრამ, ალბათ, უნდა დაველოდოთ მოვლენებს და გავარკვიოთ, რა პოლიტიკური იდეოლოგიისა იქნება და ვინ იქნებიან მისი დამფუძნებლები.“

პოლიტიკის ექსპერტების ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილს არ გაუჭირდება თავის გარშემო ოპოზიციის დიდი ნაწილის შემოკრება. გია ხუხაშვილის თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი ხელისუფლებისათვის "არცთუ ისეთი მშვიდი, მოწესრიგებული და უღრუბლო ექნება". ბუნებრვია, ჩნდება გარკვეული ასოციაცია ბადრი პატარკაციშვილთან, რომელიც ასევე რუსეთში ნაშოვნ დიდ კაპიტალს ფლობდა და რომელმაც ასევე მოინდომა პოლიტიკური ვითარების შეცვლა. რას ფიქრობს ყოველივე ამაზე ხელისუფლება? საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის, კომენტარი:

„პერსონებს თავისთავად არ აქვს მნიშვნელობა და, ალბათ, ასევე არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად უხვად იქნება დაფინანსებული ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. ჩვენი პოზიცია არის სრულიად ნათელი და ის დამოკიდებულია არა იმაზე, ვინმე წარმატებული ბიზნესმენია თუ არა, არამედ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იზიარებს რომელიმე პოლიტიკური ძალა იმ ფუძემდებლურ მიმართულებებს, რომელიც დღეს ქართულ სახელმწიფოს აქვს.“

ფუძემდებლურ მიმართულებებში ნუგზარ წიკლაური საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს, მაგრამ, ამის გარდა, ბიძინა ივანიშვილს სიცხადის შეტანა მოუწევს მთელ რიგ საკითხებში. თუმცა ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ბიზნესმენი შეიძლება ხელისუფლების თამაშს თამაშობდეს:

„რომ იყოს ხელისუფლებისთვის სახიფათო რაღაც პოლუსი ოპოზიციაში და ხელისუფლებას სურდეს მისი განეიტრალება, მაშინ ლოგიკა იქნებოდა ასეთი ნაბიჯის გადადგმაში, მაგრამ დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს თუ ბიძინა ივანიშვილს მიუმატებთ, იქ ივანიშვილი იქნება ყველაზე ძლიერი ფიგურა თავისი პოტენციალით. ასე რომ, რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ყველაზე ძლიერი ფიგურის შემოყვანა, გაუგებარია.“
ზაზა ფირალიშვილი
ზაზა ფირალიშვილი

ბიძინა ივანიშვილი რომ ძლიერი და მაღალრეიტინგული ფიგურაა, ამას სოციოლოგიური გამოკვლევებიც ადასტურებს. ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის სიძლიერეს მხოლოდ ამოუწურავი ფინანსური რესურსები არ განაპირობებს. საუბარია პროტესტის მუხტის მატარებელი ადამიანების მოლოდინზე მომხდარიყო ისეთი რამ, რაც დაძლევდა პოლიტიკურ სტაგნაციას. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი თავისი შესაძლებლობებითა და უხვი ქველმოქმედებით ასევე ქმნიდა მზარდ მოლოდინს, თუმცა, ზაზა ფირაშვილის თქმითვე, ყოველივე ეს, ანუ კარგი სასტარტო პირობები, არ ნიშნავს იმას, რომ ის ჯეროვნად შეძლებს ამ კაპიტალის გამოყენებას.

„ქართული პოლიტიკური ტექნიკა საკმაოდ რთულია და ულმობელი! მასში ჩართვა და წარმატების მიღწევაც საკმაოდ ძნელია! არ ვიცი როგორ პოლიტიკურ ტექნიკას ფლობს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, თუ როგორ შექმნა მან მოლოდინის სიტუაცია და დაძაბულობა თავისი პიროვნების ირგვლივ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი, გარკვეულწილად, არის პოლიტიკური ტექნიკის მფლობელი“, უთხრა ზაზა ფირალიშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG