Accessibility links

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს, 5 ოქტომბერს, ფილარმონიასთან შეიკრიბნენ იმ მიზნით, რომ მედიისთვის ეუწყებინათ საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტის გამო დაგეგმილი აქციის შესახებ. აქციის ორგანიზატორებს განზრახული აქვთ 7 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტს გადასცენ წერილი საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ.

საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი 7 ოქტომბერს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვა და საქართველოს პრეზიდენტთან ერთად საზოგადოებას თავისუფლების მოედნიდან მიმართავს. ნიკოლა სარკოზი, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის შემდეგ, მეორე პოლიტიკოსი იქნება, ვინც თავისუფლების მოედნიდან მიმართავს შეკრებილ საზოგადოებას. ჯორჯ ბუში საქართველოში 2005 წელს იმყოფებოდა.
მისი ჩამოსვლის ძირითადი მიზანი არის დადასტურება იმ სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული მხარდაჭერისა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას კონკრეტულად საფრანგეთისა და მთლიანად ევროკავშირის მხრიდან...

პროტოკოლით გათვალისწინებული დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა ნიკოლა სარკოზისთან შესახვედრად საქართველოს საზოგადოებას საქართველოში საფრანგეთის საელჩოც იწვევს და ქვეყნის ხელისუფლებაც. საელჩო ფეისბუკის გვერდზე განთავსებული განცხადებით საქართველოს ყველა დაინტერესებულ მოქალაქესა და საქართველოში მცხოვრებ საფრანგეთის მოქალაქეებს სთხოვს თავისუფლების მოედანზე საღამოს 5 საათიდან მივიდნენ. პრეზიდენტების გამოსვლა კი 6-ის ნახევარზე დაიწყება. უკვე კვირაზე მეტია სატელევიზიო არხებით სარეკლამო რგოლი გადაიცემა, რითაც საზოგადოებას ნიკოლა სარკოზის როლს შეახსენებენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და თავისუფლების მოედანზე იწვევენ.

ნიკოლა სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებული მოლოდინის შესახებ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემაც ისაუბრა ტრადიციულ ბრიფინგზე:

”ეს ვიზიტი გახდება გარდამტეხი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გზაზე. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი სარკოზი გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მძიმე, ყველაზე რთულ პერიოდში, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, ჩვენ გვერდით, საქართველოსა და საქართველოს ხალხის გვერით იდგა. ახლაც მისი ჩამოსვლის ძირითადი მიზანი არის დადასტურება იმ სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული მხარდაჭერისა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას კონკრეტულად საფრანგეთისა და მთლიანად ევროკავშირის მხრიდან.”
ნიკოლა სარკოზი

ნიკოლა სარკოზი


ჯერჯერობთ უცნობია, თუ რა პოლიტიკურ საკითხებზე გამახვილდება ყურადღება სარკოზი-სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას. წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტები 20-20 წუთის განმავლობაში მიმართავენ საზოგადოებას. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბარში განაცხადა, სარკოზის ვიზიტი გააბათილებს რუსეთის მიერ გავრცელებულ აზრს, თითქოს მსოფლიო თანამეგობრობა შეეგუა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას:

”ეს ვიზიტი და იქ გაჟღერებული მესიჯები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ილუზიაა ის, რასაც რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, რომ მთელი მსოფლიო, დასავლეთი შეეგუა საქართველოს ოკუპაციას; ეს ვიზიტი იქნება ამის სრული გაბათილება.”

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კი, მიუხედავად ნიკოლა სარკოზის დამსახურებისა საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ფიქრობს, რომ მისი საქართველოში ვიზიტი და თავისუფლების მოედანზე გამოსვლა ერთგვარი პოლიტიკური პიარის ნაწილია, რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი თავის პირად მხარდაჭერად წარმოაჩინოს.
ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, ამბობს, რომ 7 ოქტომბერს, 4 საათზე, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ფილარმონიასთან შეიკრიბებიან, სადაც საზოგადოებას იმ წერილის შინაარსს გააცნობენ, რომელსაც ნიკოლა სარკოზისათვის გადასაცემად ამზადებენ. ნანა კაკაბაძის სიტყვებით, ნიკოლა სარკოზისადმი მადლიერების გარდა, მათთვის მნიშვნელოვანია საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებაც იცოდეს:

”ამ მიმართვაში საუბარი იქნება ყველა იმ პრობლემაზე, რომლებიც ქვეყანაში შექმნა დღევანდელმა ხელისუფლებამ, დაწყებული 20 პროცენტი ტერიტორიის დაკარგვით და იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, რომ დღემდე ამაზე ხელისუფლების მხრიდან არავის უგია პასუხი, დამთავრებული სასამართლო დამოუკიდებლობის არარსებობით, სიტყვის თავისუფლების წართმევით, პოლიტპატიმრების არსებობით, ბიზნესის და კერძო საკუთრების ხელყოფით. ყველა იმ პრობლემაზე იქნება საუბარი, რაც ქვეყანაშია. ”
არ გვინდა, რომ ამ ვიზიტისას ჩაიკარგოს ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს და რომლის შესახებაც საფრანგეთის პრეზიდენტმა კარგად იცის, მაგრამ მათ უნდა დაინახონ, რომ ეს ჩვენ გვაწუხებს...

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, 2005 წელს საქართველოში შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. გელა ნიკოლაიშვილს არ სურს საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტიც პირადად მიხეილ სააკაშვილის რეიტინგს მოემსახუროს:

”ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ვიზიტისას ჩაიკარგოს ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს და რომლის შესახებაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ მათ უნდა დაინახონ, რომ ეს ჩვენ გვაწუხებს და ამ პრობლემებს უსვამს ხაზს ის საზოგადოება, რომელიც შეიკრიბება.”

დღეს, 5 ოქტომბერს, ფილარმონიასთან შეკრებილებს შორის იყვნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის - ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, „ქართული აკადემია“, „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა“ და სხვები. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მათ 7 ოქტომბერს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, თუმცა დღეს მათი ვინაობა არ დაასახელეს. აქციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ნიკოლა სარკოზის მის სახელზე დაწერილ წერილს საფრანგეთის საელჩოს მეშვეობით გადასცემენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG