Accessibility links

logo-print

პარლამენტში მოისმინეს ალექსანდრე ხეთაგურის ანგარიში ენერგეტიკის შესახებ


ალექსანდრე ხეთაგური

ალექსანდრე ხეთაგური

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ანგარიში მოისმინეს. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობები, ინფრასტრუქტურული, გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანების პროექტები, ტყის რეფორმა და ახალი სატყეო კოდექსი - ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც ალექსანდრე ხეთაგურმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, მოგვიანებით კი შეკითხვებს უპასუხა.
ჩვენ იმიტომ ვახორციელებთ ამ პროექტებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს მიღწეული ენერგოუსაფრთხოების მაღალი სტანდარტები...

საკმაოდ მცირერიცხოვანი აუდიტორიის წინაშე მოუწია გამოსვლა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში მის გამოსვლას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის რამდენიმე წევრი და საპარლამენტო უმცირესობის ორი წარმომადგენელი უსმენდა. ჰიდროელექტროსადგურების მასშტაბური მშენებლობა ის საკითხია, რომელზეც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ათი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, მომავალი წლისათვის კი 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება იგეგმება. ალექსანდრე ხეთაგური იმ სარგებელზე საუბრობს, რაც ჰიდროელექტროსადგურების ინტენსიურ მშენებლობას შეიძლება მოჰყვეს.

”ჩვენ იმიტომ ვახორციელებთ ამ პროექტებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს მიღწეული ენერგოუსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და, იმავდროულად, გავზარდოთ ქვეყნიდან საექსპორტო პოტენციალი - ხუთ წელიწადში სრული იმპორტიორი ქვეყნიდან გადავიქცეთ სრულ ექსპორტიორ ქვეყნად”, - ამბობს ალექსანდრე ხეთაგური.

თუკი რიგის მიხედვით მივყვებით, მეორე თემა, რომელზეც ალექსანდრე ხეთაგურმა ისაუბრა, ე.წ. გამრიცხველიანება, ანუ ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება იყო. მისი მტკიცებით, აღნიშნული საკითხის მოგვარება საქართველოს მასშტაბით აქტიურად, გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. რაც შეხება გაზიფიცირებას, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იმ საპრეზიდენტო პროგრამაზე საუბრობს, რომელსაც ”გაზი ყველა სოფელში” ჰქვია:

”საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი გაზიფიცირებული იქნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლად ჩვენი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ დონეს.”
ჩვენი მიზანი არ არის ტარიფის შემცირება. ჩვენი მიზანია ის, რომ გრძელვადიან პერიოდში ტარიფი აღარ გაიზარდოს. ელექტროენერგიის ფასი არის იმდენი, რამდენიც უნდა იყოს...

სამინისტროს ახალი მიმართულების, ბუნებრივი რესურსების კუთხით საუბრისას, ალექსანდრე ხეთაგური სატყეო რეფორმასა და ტყის ახალ კოდექსზე ამახვილებს ყურადღებას. საჯარო განხილვა ტყის კოდექსის პროექტისა, რომელზეც ძირითადად უცხოელი ექსპერტები მუშაობდნენ, ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, 13 ოქტომბერს გაიმართება და მასში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მონაწილეობის მიღება.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ალექსანდრე ხეთაგურის ანგარიშის მოსმენის შემდეგ გაისმა, ელექტროენერგიის ტარიფს მიეძღვნა. ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ იკითხა:

”ვაშენებთ ამდენ ჰიდროელექტროსადგურს, შედეგად კერძო კომპანიები სარგებელს ნახავენ. რა შედეგს მოუტანს ეს რიგით მოქალაქეებს?”

ალექსანდრე ხეთაგურის პასუხი იყო:

”ჩვენი მიზანი არ არის ტარიფის შემცირება. ჩვენი მიზანია ის, რომ გრძელვადიან პერიოდში ტარიფი აღარ გაიზარდოს. ელექტროენერგიის ფასი არის იმდენი, რამდენიც უნდა იყოს. სწორედ ამიტომ გვაქვს 24-საათიანი ელექტრომომარაგება.”

ენერეგეტიკის სფეროში რუსული კაპიტალის საფრთხე - ეს ის საკითხია, რომლის თაობაზეც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გურამ ჩახვაძემ, თქვა:
გურამ ჩახვაძე

გურამ ჩახვაძე


”ბევრი ჩვენი ენერგოსტრუქტურა, ჰიდროელექტროსადგური არის რუსეთის სახელმწიფო თუ კერძო კომპანიის მფლობელობაში. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოსთან, რომელთანაც მტრული პოლიტიკური ურთიერთობა გვაქვს, შეუძლებელია გვქონდეს მეგობრული ეკონომიკური ურთიერთობები.”

ალექსანდრე ხეთაგურის მტკიცებით, ვერც ერთი ქვეყანა და ვერც ერთი კომპანია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში დომინანტი ვერ გახდება:

”იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი კომპანია დაარღვევს ლიცენზიის პირობებს და ეს პირობებია მომხმარებლის უწყვეტი ელექტრომომარაგება, საფასურის გადახდა და ა.შ. - ნებისმიერი ამ პირობის დარღვევისას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს მარეგულირებელ კომისიას უფლებას, რომ კომპანიაში, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, შეიყვანოს დროებითი ადმინისტრაცია და განახორციელოს კომპანიის მენეჯმენტი მანამ, სანამ არ იქნება ლიცენზიის თითოეული პირობა დაცული. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თბილისში ერთხელაც არ გათიშულა ელექტროენერგია.”
ენერგეტიკულ ობიექტებში რუსული ინვესტიციები საფრთხის მომცველია. ამაზე პასუხისმგებლობა, რასაკვირველია, ხელისუფლებას აკისრია...

დავით ნარმანია, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში სწორედ იმ საფრთხეზე მიუთითებს, რაზედაც გურამ ჩახვაძემ გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრისას. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთთან საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა გვაქვს, ამ ქვეყნიდან მიღებული ინვესტიციები საქართველოსთვის სახარბიელო არ უნდა იყოს, ამბობს დავით ნარმანია.

”ენერგეტიკა ეს ისეთი სექტორია, საიდანაც შესაძლებელია, რომ გარკვეული თამაშის წესები აქეთ შემოგვთავაზოს რუსეთმა. მე ამაში გარკვეულ საფრთხეს ვხედავ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისათვის ფულს სუნი არ აქვს; აქედან გამომდინარე, ენერგეტიკულ ობიექტებში რუსული ინვესტიციები საფრთხის მომცველია. ამაზე პასუხისმგებლობა, რასაკვირველია, ხელისუფლებას აკისრია”, - მიაჩნია დავით ნარმანიას.
XS
SM
MD
LG