Accessibility links

logo-print
სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 6 და 7 ოქტომბერს საფრანგეთის ლიდერი შეხვდება სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტებს. ვიზიტი 7 ოქტომბერს დასრულდება თბილისში, სადაც თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტები. რა ინტერესი აქვს საფრანგეთს სამხრეთ კავკასიაში და რა მოლოდინი უკავშირდება ნიკოლა სარკოზის ვიზიტს?

პირველი ის, რომ პოზიტიურად აისახება აქ არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესი. გარდა ამისა, ფრანგი ინვესტორები გამოიჩენენ უფრო მეტ ინტერესს რეგიონის მიმართ...
საფრანგეთის პრეზიდენტმა სამხრეთკავკასიური ტურნე სომხეთიდან დაიწყო. ცნობილია, რომ ერევანში ის ყველაზე მეტი დროით დაყოვნდება. პოლიტოლოგების ვარაუდით, სომხეთში ჩასვლით ნიკოლა სარკოზი, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, გავლენიანი და მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის გულის მოგებას ცდილობს. თუმცა, როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ვასილ ჭყოიძე ამბობს, მხოლოდ დიასპორა არაა საფრანგეთის პრეზიდენტის სტუმრობის ერთადერთი მიზეზი:

„რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგრამ მხოლოდ სომხური დიასპორით ახსნა ჩვენი რეგიონით საფრანგეთის დაინტერესებისა არაა საკმარისი! ცხადია, უფრო ფართო ინტერესებია. ის, რომ დიასპორა არსებობს, უფრო მეტად აძლიერებს საფრანგეთის ინტერესებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.“

ვასილ ჭყოიძის თქმით, საფრანგეთის შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ:

„პირველი ის, რომ პოზიტიურად აისახება აქ არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესი. გარდა ამისა, ფრანგი ინვესტორები გამოიჩენენ უფრო მეტ ინტერესს რეგიონის მიმართ. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობით საფრანგეთი პირველ ათეულშიც კი არ არის. არადა, საფრანგეთის რესურსები საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ფრანგი ინვესტორები შემოვიდნენ როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში.“

ჩემთვის 7 ოქტომბერი არის ის დღე, როცა საქართველოში ჩამოდის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ის ადამიანი, ვინც საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდამხარ იბრძოდა რუსეთის აგრესიის პირობებში...
თუმცა სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკებში ფრანგული კაპიტალი გაცილებით მასშტაბურადაა წარმოდგენილი, ვიდრე საქართველოში. ცნობილია, რომ სომხეთის ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობით საფრანგეთი მოწინავე პოზიციაზე იმყოფება. ამასთან, მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. ინტენსიურია საფრანგეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობაც, რომელიც ენერგორესურსების მოპოვებას, ავიამშენებლობასა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავს. თუმცა, პოლიტიკის ექსპერტების ვარაუდით, სამხრეთ კავკასიაში სტუმრობით ნიკოლა სარკოზი ასევე ცდილობს წარმოჩნდეს როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი. საქართველოს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი განმარტავს:

„სარკოზი ძალიან გავლენიანი ფიგურა გახდა ევროპაში განსაკუთრებით ბოლო ხანებში, ლიბიის კრიზისის შემდეგ, როცა მისი ინიციატივით იქნა მიღებული მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ნატოსა და ევროპის სახელმწიფოების მიერ. როგორც წესი, პრეზიდენტის ვიზიტი რეგიონში, პირველ რიგში, ხაზს უსვამს ამ რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას საფრანგეთისა და მთელი ევროპისთვის.“

კახა გოგოლაშვილის თქმით, ნიკოლა სარკოზი, როგორც მსოფლიო პოლიტიკის აქტიური მოთამაშე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გამოჩნდა. სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტის აქტიურობითა და ძალისხმევით მოხერხდა რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შეჩერება. ამ გარემოების გამო საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური, ნიკოლა სარკოზის ვიზიტს საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად მიიჩნევს:

„ჩემთვის 7 ოქტომბერი არის ის დღე, როცა საქართველოში ჩამოდის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ის ადამიანი, ვინც საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდამხარ იბრძოდა რუსეთის აგრესიის პირობებში.“

7 ოქტომბრის მოლოდინში ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებოდ უსვამენ ხაზს იმას, რომ დეოკუპაციისათვის ბრძოლაში ნიკოლა სარკოზი დღესაც საქართველოს გვერდით დგას და რომ, რუსეთის მტკიცების საწინააღმდეგოდ, მსოფლიო თანამეგობრობა არ შეეგუა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG