Accessibility links

logo-print

დე ფაქტო რესპუბლიკაში ისევ დაძაბული ვითარებაა


ცხინვალი

ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ჯამბულატ თედეევს დესტაბილიზების მზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.

ამ ბრალდების მტკიცებულებად დე ფაქტო ხელისუფლება ჯამბულატ თედეევის მამის ავტომობილში ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენას ასახელებს, ნივთიერებისა, რომელიც, ამავე უწყების მტკიცებით, 29 აგვისტოს აფეთქებისას გამოყენებული ნივთიერების იდენტურია. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამ ავტომობილით არიგებდნენ სააგიტაციო ფურცლებს და ამა წლის გაზაფხულზე ვაგზლის მოედანზე პიკეტის ორგანიზებისთვის გამიზნულ პლაკატებს, - განაცხადეს დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაში.

29 აგვისტოს ცხინვალში, ჯამბულატ თედეევის სახლთან ახლოს, "ნივის" მარკის ავტომობილი აფეთქდა, რომელიც ჯავის რაიონის მცხოვრებს ანატოლი თედეევს ეკუთვნოდა.

წუხელ კი ჯამბულატ თედეევის მამის, ილია თედეევის ავტომობილში 200 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება და სამი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს, რომელთაგან ორზე მავთულები იყო მიერთებული.

ამ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურნენ ჯამბულატ თედეევის მომხრეები და მას ბინძური პროვოკაცია უწოდეს. ინტერნეტგამოცემა „უასამონგას“ ცნობით, მანქანა მართლაც თედეევის მამას ეკუთვნის, მაგრამ ბოლო ხუთი დღე ის ერთ–ერთ კორპუსთან მიტოვებული იდგა. ამ მანქანით თედეევების ოჯახის ნათესავი მოძრაობდა და როცა მას ომონელები გამოეკიდნენ, ქუჩაში მიატოვა. თედეევის მომხრეების აზრით, მიტოვებულ მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერებები კოკოითის ძალოვანებმა ჩადეს.

გუშინ დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: პარლამენტის თავმჯდომარეს სტანისლავ კოჩიევს უმრავლესობამ უნდობლობა გამოუცხადა. კოჩიევი ცოტა ხნის წინ პარლამენტში შეჭრილ კოკოითის მომხრეებს, რომლებიც საპრეზიდენტო მესამე ვადის დაკანონებას მოითხოვდნენ, წინ აღუდგა. ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში უნდობლობის ერთ-ერთ მიზეზად კოჩიევი ამ ფაქტს ასახელებს.

გუშინ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარი ისევ გახსნა. როგორც ცნობილია, ორიოდე დღის წინ საზღვარი ცხინვალში არეულობის თავიდან ასაცილებლად ჩაიკეტა. კოკოითის ხელისუფლება აცხადებდა რომ არჩევნებამდე ეს რეჟიმი შენარჩუნდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კოკოითის კრემლიდან თითი უკვე დაუქნიეს და დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივი ტელევიზიით საზოგადოებას ახალი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

დე ფაქტო რესპუბლიკაში არეულობა 30 სექტემბერს დაიწყო. საარჩევნო კომისიამ თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბულატ თედეევი პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირა, რის მიზეზადაც ის დასახელდა, რომ მას ბოლო 10 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში არ უცხოვრია. თედეევის მონაცემებით, ამ დროისთვის მისი 100-მდე მომხრეა დაპატიმრებული. თავად თედეევი ამჟამად ცხინვალში საკუთარ სახლში იმყოფება, რომელსაც მისი მომხრეები იცავენ.
XS
SM
MD
LG