Accessibility links

მთავრობის კანცელარიასთან ”უმუშევართა კავშირმა დასაქმებისათვის” მცირერიცხოვანი აქცია გამართა. აქციის შემდეგ კავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე კანცელარიაში წერილი შეიტანეს. „უმუშევართა კავშირის“ წევრები ხელისუფლებისაგან უმუშევრობის პრობლემის აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ:

”სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს სტრუქტურა, რომელიც აღრიცხავს უმუშევრებს, მიანიჭებს მათ საერთაშორისო ნორმებით და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უმუშევრის სტატუსს და დაკავდება მათი დასაქმებით”...

45 წლის თამარ იოვაშვილი პროფესიით ფიზიკოსია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგად, თუმცა უკანასკნელი ხუთი წელია სამსახურს უშედეგოდ ეძებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მან და მისმა თანამოაზრეებმა ”უმუშევართა კავშირის” შექმნა. კავშირი, მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ ჩამოყალიბდა და ჯერჯერობით 50 წევრს ითვლის. კანცელარიის წინ გამართული აქცია კი გაერთიანების პირველი ღონისძიებაა.

გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ნაკლები დახარჯოს ხელისუფლებამ კონცერტებზე და სხვადასხვა შოუს მოსაწყობად და მეტი თანხები დაიხარჯოს მოქალაქეების და, მათ შორის, დევნილების დასაქმების კუთხით...
”აქციას აქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა. ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას შრომის ბირჟა. ყველა უმუშევარს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ ბირჟაზე დარეგისტრირდეს. უნდა განისაზღვროს უმუშევრობის სტატუსი და სანამ ისინი დასაქმდებიან, მათ უნდა ჰქონდეთ სოციალური დახმარება. ისეთ რთულ პირობებში, როდესაც ყველაფრის ფასი გაზრდილია, ეს ხალხი განწირულია შიმშილით სიკვდილისთვის”, - ამბობს თამარ იოვაშვილი.

”უმუშევართა კავშირის” მიერ ორგანიზებულ აქციას კანცელარიის წინ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 30 წლის მანუჩარ სიგუას ხელში პლაკატი უჭირავს. ”არა უმუშევრობას! თავისუფლება შრომას!”- ასეთია პლაკატის შინაარსი. აფხაზეთიდან დევნილი მანუჩარი, ისევე როგორც კანცელარიის წინ შეკრებილი მცირერიცხოვანი აქციის მონაწილეები, უმუშევართა სიაში ირიცხება.

”დღეს დევნილების 70 პროცენტი უმუშევარია. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ნაკლები დახარჯოს ხელისუფლებამ კონცერტებზე და სხვადასხვა შოუს მოსაწყობად და მეტი თანხები დაიხარჯოს მოქალაქეების და, მათ შორის, დევნილების დასაქმების კუთხით”, - ამბობს მანუჩარ სიგუა.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდეს? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს ეთერ მათურელს მიმართა.

დასაქმების პირველი წამალი, ბუნებრივია, არის ეკონომიკური განვითარების დაჩქარება და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, რათა წარმოიქმნას მეტი სამუშოა ადგილი...
”ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების დროს აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, რომ პირველ რიგში დასაქმდნენ საქართველოს მოქალაქეები. და კიდევ ერთი: ჩვენ გვქონდა საკანონმდებლო ინიციატივა იმის თაობაზე, რომ დაწესებულიყო შემწეობა უმუშევართათვის. თუმცა აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში დღემდე თაროზეა შემოდებული”, - ამბობს ეთერ მათურელი.

ანალოგიური კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ ციური ანთაძეს, ექსპერტს შრომისა და დასაქმების საკითხებში. ის ამბობს, რომ უმუშევრობის დონის შესამცირებლად საქართველოს გამომგონებლობა არ სჭირდება. არსებობს დასაქმების ხელშეწყობის მსოფლიო პრაქტიკა და, შესაბამისად, საქართველომ აღნიშნულ პრაქტიკას უნდა მიმართოს, ამბობს ციური ანთაძე.
სახელმწიფომ მისცა სრული თავისუფლება როგორც დამსაქმებელს, ისე დასასაქმებელს ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ნებისმიერ კერძო პირს შეუძლია შექმნას დასაქმების ბიურო...

”დასაქმების პირველი წამალი, ბუნებრივია, არის ეკონომიკური განვითარების დაჩქარება და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, რათა წარმოიქმნას მეტი სამუშოა ადგილი. ასევე აუცილებელია, რომ სახელმწიფომ წინმსწრები ტემპით უზრუნველყოს იმ კადრების მომზადება, რომელი პროფესიის კადრებზეც არის ბაზარზე მოთხოვნა. ჩვენ არ გვაქვს დასაქმების სამსახური, დასაქმების კანონი, შრომითი მიგრაციის კანონი და ა.შ. შრომის ბაზარი სახელმწიფომ აბსოლუტურ თვითდინებაზე მიუშვა”, - მიაჩნია ციური ანთაძეს.

ციური ანთაძის მიერ ნახსენები დასაქმების სამსახური, ანუ დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, რამდენიმე წლის წინ გაუქმდა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ამ ტიპის ორგანო ფორმალური არსებობისთვისაა განწირული და გამოსავალს ის კერძო ინიციატივის წახალისებაში ხედავს:

„სახელმწიფომ მისცა სრული თავისუფლება როგორც დამსაქმებელს, ისე დასასაქმებელს ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ნებისმიერ კერძო პირს შეუძლია შექმნას დასაქმების ბიურო. რაც იყო, ის ფორმალურად იყო და რეალურად არაფერი კეთდებოდა.“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს აქტიური მოსახლეობის 16.3 % უმუშევარია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა ჭელიძის თქმით, ამ ეტაპისათვის თვითდასაქმებულების პროცენტული წილი მთლიანად დასაქმებაში საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს აღწევს. მისი განმარტებით, თუკი დასაქმებულად მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულები ჩაითვლებიან, მაშინ უმუშევრობის დონე 16 პროცენტზე გაცილებით მაღალი - 60-65 პროცენტი იქნება.
XS
SM
MD
LG