Accessibility links

logo-print
6 ოქტომბრის ქართული პრესა აქტიურად სამ თემას ეხმაურება - პოლიტიკური ”ექვსიანის” დაშლას, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე და ნიკოლა სარკოზის მომავალ ვიზიტს საქართველოში.

გაზეთი ”რეზონანსი” მსჯელობს იმაზე, თუ ვინ აღმოჩნდება ცნობილი ბიზნესმენის პოლიტიკურ გუნდში და რამდენიმე სავარაუდო კანდიდატურასაც ასახელებს - მათ შორის, პოლიტიკოსებიდან ლევან გაჩეჩილაძესა და კოკა გუნცაძეს. ამ უკანსკნელთან გამოცემა ინტერვიუსაც აქვეყნებს, რომელშიც გუნცაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ”ქართული პარტიის” ყოფილი წევრების გადაწყვეტილება სამომავლო გეგმების შესახებ 10 დღეში გახდება ცნობილი. ”რეზონანსის” ცნობითვე, ივანიშვილის გუნდში შესაძლოა ვიხილოთ თეატრალური საზოგადოების ნაწილიც, მათ შორის, მსახიობი გურანდა გაბუნია, რეჟისორები რობერტ სტურუა და ქეთი დოლიძე. ”რატომ მიდის ივანიშვილი პოლიტიკაში” - ასეთი სათაურით აქვეყნებს ამავე თემაზე სტატიას ”ახალი თაობა”. ”რა უნდა ივანიშვილს პოლიტიკაში? გავლენა და ფული მას არ აკლია, ამიტომ ამისთვის პოლიტიკა არ სჭირდება. მით უმეტეს, პარლამენტში მოხვედრაზე არ უნდა ოცნებობდეს. ჩვენთან დეპუტატებს ხომ არავინ არაფერს ეკითხება. მას აშკარად სხვა მიზეზები აქვს”, წერს გაზეთი და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ცნობილი ბიზნესმენის გვერდით შესაძლოა მალე ოპოზიციური სპექტრის სოლიდური ნაწილი აღმოჩნდეს. ივანიშვილის მოსვლას პოლიტიკაში ეხმაურება გაზეთი ”ალიაც”. ”ხელისუფლება შოკშია ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების გამო”, ”ბიძინა ივანიშვილს როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა ეს ხელისუფლება” – ასეთია ”ალიას” 6 ოქტომბრის ნომრის სათაურები. გაზეთში იბეჭდება ინტერვიუ დევნილობაში მყოფ ვალერი გელბახიანთან, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის მსგავს ნაბიჯს ახსენებს: ”როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზია ”მე-9 არხი” გააკეთა, ვიფიქრე, რომ ეს არის ნაბიჯი პოლიტიკისაკენ, მაგრამ როდესაც ტელევიზია ხელისუფლებას გადასცა, ეს მისი მხრიდან უკუსვლა იყო. მან მიიჩნია, რომ მას ჰყავდა კონკურენტი ბადრის სახით. თუმცა დღეს ის უალტერნატივოა... ქართულ პოლიტიკაში რაც ხდება, ბიძინა ივანიშვილს მის მიმართ აქვს ალერგია, ზიზღი, მით უფრო, მას ვერ დაელაპარაკები ხელისუფლების პოზიტივზე, ეს ხელისუფლება ივანიშვილს ეზიზღება”, - აცხადებს გელბახიანი ”ალიასთან” საუბარში.
გაზეთ ”24 საათს” მთავარ თემად პოლიტიკური ”ექვსიანის” დაშლის ამბავი გამოაქვს. ”კოალიციის შექმნას მხოლოდ ფორუმმა შეუშალა ხელი. ალასანიამაც ვერ იტვირთა ის ფუნქცია, რაც მას მივანიჭეთ”, - აცხადებს გაზეთთან კომენტარში ”ექვსიანის” წევრი პარტიის, ”რესპუბლიკელების” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი. ”ალასანია ”ექვსიანს” შლის” - ამ სათაურით კი გაზეთი ”რეზონანსი” ”თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. ”ექვსიანი” ისეთი ფორმით ნამდვილად ვეღარ გააგრძელებს მუშაობას და მე ეს ჩემს კოლეგებს ვუთხარი. მე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გავაგრძელებ, მათი მხრიდან კი დაველოდები აქტიურ ქმედებებს და ამ ბრძოლაში გამოჩნდება, ვართ თუ არა პარტნიორები”, - ამბობს ალასანია. ის ასევე აცხადებს, რომ ”უნდა გაერთიანდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სიცოცხლისუნარიანები არიან. ასეთი ტექნიკური, ეკლექტური ერთობა არაფრის მომცემი არ არის”.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე წერს გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” . გამოცემა აქვეყნებს პოლიტოლოგ კახაბერ გოგოლაშვილთან ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს: ”არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სარკოზის ვიზიტი არ არის მარტო საქართველოში ვიზიტი. არ შეიძლება ითქვას, რომ ის თბილისში კონკრეტული მიზნის განსახორციელებლად და საქართველოს ხელისუფლებასთან რაღაცაზე შესათანხმებლად ჩამოდის. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეიძლება ეს ვიზიტი ისეთნაირად გამოვიყენოთ, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ საფრანგეთის მთავრობა, რათა, საბოლოო ჯამში, მოახერხოს რუსეთთან 12 აგვისტოს ვალდებულებების შესასრულებლად გარკვეული პერსპექტივების გახსნა”. სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებით ”რეზონანსი” წერს, რომ, არაოფიციალური ინფორმაციით, ხელისუფლება რაიონებიდან ყვითელი ავტობუსებით დიდი რაოდენობით ხალხის ჩამოყვანას გეგმავს სარკოზის სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მოედნის შესავსებად. ”ჩემი ინფორმაციით, სამინისტროებს დაევალათ, რომ მათ სტრუქტურაში შემავალი ყველა სამსახურიდან მინიმუმ 50 თანამშრომელი 7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე წაიყვანონ. ეს ინფორმაცია იმ ხალხისგან მაქვს, ვინც საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობს”, - აცხადებს ”რეზონანსთან” საუბარში „ქართული აკადემიის“ ერთ-ერთი წევრი, ნუკრი ქანთარია.
XS
SM
MD
LG